სამართალი

შანტაჟის სპეციალისტები შს სამინისტროდან

7 მაისი, 2013 • 2190
შანტაჟის სპეციალისტები შს სამინისტროდან

შსს
შსს

რატომ არ ან ვერ აკავებენ ჟურნალისტზე მოძალადე პირებს?


ლევან გზირიშვილი – აჭარის პროკურორი ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის საქმეში მონაწილე პირების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის ვერდაწყებასთან დაკავშირებით განმარტავს: `საქმეზე გრიფით საიდუმლო თუ არ მოიხსნა, მხარის ადვოკატს მტკიცებულებებს ვერ გადავცემთ. ასეთი მტკიცებულება სასამართლომ შეიძლება საერთოდ არ მიიჩნიოს მტკიცებულებად და ყოველგვარი პერსპექტივა დაკარგოს. ჩვენ შევეცადეთ აგვეხსნა, რომ მოსახსნელია გრიფი, მაგრამ ჩაითვალა, რომ გრიფი არ უნდა მოიხსნას.

ლევან გზირიშვილი ამბობს, რომ გრიფის მოუხსნელობის შემთხვევაში, მათ უფლება ექნებათ ადვოკატებს მხოლოდ საქმის მასალები გააცნონ, ამ მასალებს კი მათ ვერ გადასცემენ: “ამ შემთხვევაში შეიძლება მტკიცებულებები სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნიოს. ხომ არ გავსულელდებით, რომ უცბად დაგვიმთავრდეს ყველაფერი _ რაზეც ვიწვალეთ და გვაქვს სერიოზული მტკიცებულებები. საქმე არის გამართული, დამთავრებული… ჯერჯერობით, ჩვენი მცდელობა არის იქეთკენ, რომ გრიფი მოეხსნას”.


საქმეს საიდუმლო გრიფი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მოადგილემ დაადო, შესაბამისად, გრიფი იგივე უწყებამ უნდა მოხსნას.

რა პერსპექტივა აქვს ამ საქმეს, დაისჯებიან თუ არა მოძალადე პირები? _ ამ კითხვაზე ლევან გზირიშვილის პასუხია: `ვერ გეტყვით დაისჯებიან თუ არა. მე გეტყვით, რომ ჩვენ შევკრიბეთ საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რომ პასუხისგებაში მიგვეცა, გამოვკვეთეთ ეს ყველაფერი, მაგრამ საუბარია სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი კონკრეტული საქმისთვის გრიფის შენარჩუნებაზე~.


ვინ არის ზაზა გუჯაბიძე?

„ბათუმელების“ ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე ინფორმირებულ წყაროსთან არის გადამოწმებული, თედო ჯორბენაძის საქმეში მოწმის სტატუსით დაკითხული ბათუმელი ზაზა გუჯაბიძის კონტრდაზვერვაში დაბრუნება განიხილება. ის ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბონის ბაზრობის წინ, ხუთსართულიან სახლში ცხოვრობს.


2009 წლის 25 ნოემბრის შემდეგ „ბათუმელები“ ზაზა გუჯაბიძეს პირველად გასულ ხუთშაბათს ესაუბრა. ის თავიდანვე იმით დაინტერესდა, თუ ვისგან გაიგო „ბათუმელებმა“ მისი დაწინაურების შესახებ ინფორმაცია. „გამახარეთ“, – თქვა მან. ზაზა გუჯაბიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ არ იცის ვინ არის თედო ჯორბენაძე და ამ საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს. ასევე უარყო მისი დანიშვნის შესახებ ბრძანების არსებობაც. დაზუსტებული ინფორმაციით, ზაზა გუჯაბიძის ეს განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან აჭარის პროკურატურაში ადასტურებენ, რომ ის ნამდვილად დაკითხეს თედო ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით. ინფორმირებული წყაროს თქმით კი, ზაზა გუჯაბიძე ცრუობს მეორე შემთხვევაშიც, როცა ამბობს, რომ კონტრდაზვერვაში მის დანიშვნასთან დაკავშირებით ბრძანება არ არის დაწერილი.


განიხილება თუ არა ზაზა გუჯაბიძის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის აჭარის მთავარ სამმართველოში დაბრუნება? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ შს სამინისტროს პრესსამსახურსაც მიმართა. მათ განაცხადეს, რომ ამ სახელისა და გვარის პირი პოლიციის თანამშრომელთა სიაში არ იძებნება.


მეორე მხრივ, შს სამინისტროს პრესსამსახურში მიაჩნიათ, რომ საიდუმლოა არათუ რიგითი თანამშრომლის (რაც კანონით მართლაც შეიძლება იყოს საიდუმლო), არამედ თავად ამ სამსახურის ხელმძღვანელის ვინაობაც კი (კანონით დაუშვებელია კონტრდაზვერვის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვინაობა იყოს საიდუმლო).


ზაზა გუჯაბიძემ და კიდევ ერთმა პირმა 2009 წლის 25 ნოემბერს სცადეს “ბათუმელების” ჟურნალისტი თედო ჯორბენაძე ძალით ჩაესვათ თავიანთ ავტომანქანაში. მათ ეს ქმედება განახორციელეს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე „პროკრედიტ ბანკთან“, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც მინიმუმ 10 ვიდეოთვალია დამონტაჟებული. შესაბამისად, სამართალდამცავებისთვის წინასწარ იყო ცნობილი, რომ მათ მიერ ჩადენილი ქმედება არაერთგან ფიქსირდებოდა, მაგრამ ამას მათთვის ხელი არ შეუშლია.


ზაზა გუჯაბიძემ თედო ჯორბენაძის წინააღმდეგ 25 ნოემბრის ღამეს რამდენიმე „აქტივობა“ განახორციელა: 1. ცდილობდა ძალით ჩაესვა მანქანაში. 2. კონტრდაზვერვის მთავარი სამმართველოს შენობაში (ყოფილი კგბ-ს შენობა ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე) დაბარებულ თედო ჯორბენაძეს სწორედ ზაზა გუჯაბიძე დახვდა ფოიეში. 4. ზაზა გუჯაბიძემ სცადა თედო ჯორბენაძე მუქარის გზით აეყვანა მე-4 სართულზე. 5. კაბინეტში, სადაც საბოლოო ჯამში თედო ჯორბენაძე აიყვანეს კიდეც, საბჭოთა კგბ-ს მეთოდებით დაემუქრნენ და სიტყვიერად შეურაცხყვეს, „მასპინძელი“ იყო ზაზა გუჯაბიძე.


ზაზა გუჯაბიძე ჟურნალისტ თედო ჯორბენაძეზე ძალადობის ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლია – მან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პირადი ცხოვრების ხელყოფის გზით ჟურნალისტი „დაევერბოვკებინა“.


დავით დევნოზაშვილი
დავით დევნოზაშვილი

მთავარი პირი – დავით დევნოზაშვილი


25 ნოემბერს ჟურნალისტის წინააღმდეგ მოძალადე მთავარი პირი, დავით დევნოზაშვილი – „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამჟამად თბილისში, კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ცენტრალურ აპარატში მუშაობს. ის საქმის გახმაურებიდან მალევე გადაიყვანეს ბათუმიდან.


სამართალდამცავების მხრიდან ჟურნალისტზე მოძალადე ჯგუფის ხელმძღვანელის – დავით დევნოზაშვილის ვინაობაც წლების განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული.


თავის დროზე ამ საქმის გამომძიებელი გელა მახარაძე მაშინ აცხადებდა, რომ ვერ დაადგინა თედო ჯორბენაძეზე მოძალადე „ბატონი დავითის“ ვინაობა (მაშინ რედაქციისთვის უცნობი იყო დევნოზაშვილის გვარი).


ორწლიანი ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ, 2011 წლის 20 ნოემბერს, „ბათუმელებმა“ დაადგინა დავით დევნოზაშვილის ვინაობა და საცხოვრებელი მისამართი. 1971 წელს დაბადებული დავით დევნოზაშვილი თბილისში, დოლიძის 26-ე კორპუსში ცხოვრობს.


2011 წელს დევნოზაშვილის სახლში მისულმა „ბათუმელების“ დირექტორმა ადგილზე გამოიძახა საპატრულო პოლიცია. პატრული დევნოზაშვილის სახლთან ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და აწარმოებდა სატელეფონო კონსულტაციებს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მზია ამაღლობელის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, არ გააფორმა სათანადო აქტი და მიატოვა გამოძახების ადგილი.


საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები თედო ჯორბენაძეს 2009 წლის 25 ნოემბერს დავით დევნოზაშვილმა უთხრა: „თქვენი რედაქციით დაინტერესებულნი არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და თქვენ, როგორც რედაქციაში გადაწყვეტილების მიმღებმა ერთ-ერთმა პირმა, ჩვენთან უნდა ითანამშრომლოთ“.

მან ახსენა რუსეთის და თურქეთის სპეცსამსახურები და დასძინა, რომ თუ ჟურნალისტი თანამშრომლობაზე უარს იტყოდა, გაავრცელებდნენ მისი სექსუალური ორიენტაციის ამსახველ ფოტოებს.


დევნოზაშვილმა თედო ჯორბენაძეს აჩვენა პრინტერზე ამობეჭდილი შავ-თეთრი ფოტოსურათები. თანამშრომლობაზე უარის მიღების შემდეგ, თედო ჯორბენაძე სიტყვიერად შეურაცხყვეს.


2010 წლის 10 იანვარს არასამთავრობო ორგანიზაციებთან დახურულ შეხვედრაზე თედო ჯორ-ბენაძის დაშანტაჟებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა თქვა: „ბათუმელები“ ისეთს არაფერს წარმოადგენს, რომ ხელისუფლება დაინტერესებული ყოფილიყო მისი დაშინებით“.


ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

პრეზიდენტის 2011 წლის 11 ივლისის #11/07/02 განკარგულებით, დავით დევნოზაშვილს თბილისში, კახეთის გზატკეცილის #36-ში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 67,17 კვადრატული მეტრი ბინა 1 ლარად კერძო საკუთრებაში გადაეცა. ეს ბინა ახლაც დავით დევნოზაშვილის საკუთრებაა.


პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ძალიან ბევრი პირის პირადი ცხოვრების ამსახველი მაკომპრომატირებელი მასალები დახვდათ შს სამინისტროს არქივში. ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვიერად განაცხადა, რომ სამინისტრო მსგავს უკანონობას აღარ სჩადის.



გაგი მოსიაშვილი
გაგი მოსიაშვილი

“ბათუმელებმა” საკითხის სამართლებრივი შეფასება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტს გაგი მოსიაშვილს თხოვა: 


„სისიხლის სამართლებრივი დევნის ვერდაწყება იმის გამო, რომ საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს, აბსოლუტურად ალოგიკურია. გამოდის, რომ ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენი პირი პასუხისგებაში ვეღარ მიუცია ბრალდებას, თუ გრიფით საიდუმლო გახდება კონკრეტული საქმის წარმოება.


თუ დაიწყებენ სისხლის სამართლებრივ დევნას, პროკურატურას შეუძლია შეუზღუდოს დაცვის მხარეს იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც პროკურატურას მიაჩნია, რომ გასასაიდუმლოებელია. დაცვის მხარეს, კანონით, აქვს უფლება შემდგომში მიიღოს ეს მასალები, მაგრამ ვალდებული ხდება ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ გახადოს.


აქედან გამომდინარე სასამართლო პროცესიც შეიძლება დაიხუროს, სადაც მხოლოდ გაფრთხილებული მხარეები მიიღებენ მონაწილეობას. პროკურატურის ასეთი დამოკიდებულება – ანუ ის, რაც თქვენგან მოვისმინე, რომ პროკურატურა თურმე იმის გამო არ იწყებს სისხლის სამართლებრივ დევნას, რომ საქმე არის გრიფით საიდუმლო, ჩემთვის გაუგებარია. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პროკურატურა ვალდებულია დაიწყოს სამართლებრივი დევნა.


ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავისი უფლებების დასაცავად დაზარალებულს რის გაკეთება შეუძლია?


დაზარალებულად ცნობის შემთხვევაშიც კი, პირი მხარეს არ წარმოადგენს. ამდენად, რაიმე უფლებამოსილება დაზარალებულს არ გააჩნია. მაგრამ დაზარალებულს შეუძლია პროკურატურის უმოქმედობაზე დაწეროს საჩივარი გენერალურ ინსპექციაში. თუ დადგენილია ფაქტები, გამოვლენილია მხარე, გამოვლენილია დანაშაულის ჩამდენი პირი, მაგრამ პროცესის მწარმოებელი პროკურორის მხრიდან შეინიშნება ტენდენციურობა, გენინსპექციას აქვს უფლება, მოსთხოვოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ.


ქვეყნის შიგნით კიდევ რა საფეხურების გავლაა საჭირო იმისათვის, რომ ჟურნალისტ თედო ჯორბენაძის განაცხადი დასაშვებად ცნოს ევროსასამართლომ?


მართალია დაზარალებული პირი ქართული კანონმდებლობით მხარეს არ წარმოადგენს, მაგრამ არაეფექტური გამოძიება, გამოძიების გაჭიანურება შესაძლებელია გახდეს სტრასურგისთვის საინტერესო.


თქვენი, როგორც იურისტის აზრით, არის თუ არა ეს საქმე ხელოვნურად გაჭიანურებული?


ამ შემთხვევაში საინტერესოა, 2009 წლიდან დღემდე რა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ან როდის ჩატარდა? რა ქმედებები განხორციელდა გამოძიების შემდეგ? დღეის მდგომარეობით პროკურატურა რაიმე აქტივობას თუ ახორციელებს? – თუ საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, მაშინ შემაჯამებელი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს პროცესის მწარმოებელმა ორგანომ. შემაჯამებელი გადაწყვეტილების ქვეშ, ერთი მხრივ, იგულისხმება სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პირის მიმართ, მეორე მხრივ, საქმის შეწყვეტა დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. თუ საგამოძიებო მოქმედებით დადგენილია, რომ თედო ჯორბენაძის მიმართ არ განხორციელებულა არაფერი და ამას მიიჩნევს გამოძიება, ამაზე უნდა გამოიტანოს საქმის შეწყვეტის დადგენილება, ან – პირიქით. სხვა შემთხვევაში, როდესაც საქმის მწარმოებელი ორგანო გადაწყვეტილებას არ იღებს, რა თქმა უნდა, ეს გაჭიანურების ტოლფასია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი