სამართალი

პროკურატურა: სააკაშვილის დაცვის ხარჯებზე ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა

18 აპრილი, 2013 • • 2031
პროკურატურა: სააკაშვილის დაცვის ხარჯებზე ინფორმაცია აუდიტის სამსახურმა მოგვაწოდა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ისინი ამ ეტაპზე ვერ გასცემენ ინფორმაციას, ნამდვილად გადასცეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული სხვადასხვა ხარჯის შესახებ ინფორმაცია. უწყებაში გვითხრეს, რომ ამის გასაგებად მათ საჯარო ინფორმაციის გაცმის მოთხოვნით წერილობით უნდა მივმართოთ.

სახელმწფიო აუდიტის სამსახურს ამჟამად წინა მოწვევის პარლამენტარი, “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი ლაშა თორდია ხელმძღვანელობს. ყოფილი ხელმძღვანელი ლევან ბეჟაშვილი კი ამჟამად საპარლამენტო უმცირესობის წევრია. ასვე უმცირესობის წევრია მისი ყოფილი მოადგილე თინათინ ბოკუჩავა, რომლისთვისაც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს 2012 წლის 10 იანვარს 1599 ლარად შეძენილი აქვს iPhone 4s16Gb Black.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ ფინანსების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება თანხის მითვისება–გაფლანგვის მუხლით.

როგორც შსს–ს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა “ნეტგაზეთს”, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით.

აღნიშნული მუხლი გულისხმობს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ან გაფლანგვას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით(წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რამაც მნიშვნელობანი ზიანი გამოიწვია), თუ ეს ნივთი ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში.

დანაშაული, დამტკიცების შემთხვევაში, ითვალისწინებს პირის დაჯარიმებას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, ან თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევას სამი წლის ვადით.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ირინა იმერლიშვილმა გუშინ, 17 აპრილს, გაასაჯაროვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც ადასტურებს ბიუჯეტის ფულით პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის მიერ სხვადასხვა სასტუმროების ძვირადღირებული მომსახურებით სარგებლობას, ასევე, საჩუქრების ყიდვას პრეზიდენტის სტუმრებისთვის, პრეზიდნეტის შვილებისთვის სწავლის გადასახადის გადახდას და ა.შ. 

დოკუმენტებს ამ დრომდე გრიფი “საიდუმლო” ჰქონდა მინიჭებული.

საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ცნობით, გამოძიება აღნიშნულ საკითხზე მას შემდეგ დაიწყო, რაც ეს დოკუმენტები მოხვდა საგამოძიებო სტრუქტურის ხელში აუდიტის სამსახურიდან.

“ამ საკითხის შესწავლა მოხდა პროკურატურისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ერთობლივად და როდესაც საკითხი შეისწვალეს, იქ აღმოჩნდა, რომ არავითარი საფუძველი ამ დოკუმენტების გრიფირებისა არ არსებობდა, ის არ უნდა ყოფილიყო საიდუმლო, ამიტომაც გადაწყდა გრიფის მოხსნა. რა თქმა უნდა, გრიფი ყველა გაწეულ ხარჯზე არ არის მოხსნილი, ეს მოეხნა მხოლოდ იმ დოკუმენტაციას, რომელიც არანაირ საიდუმლოებას არ შეიცავდა, ხოლო დოკუმენტების ნაწილი კვლავ საიდუმლოა.  სამაჯურის ყიდვა რომ სახელმწიფო საიდუმლო არაა, ალბათ ეს საეჭვო არ არის”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი გიორგი ნარმანია ამბობს, რომ დაცვის სპეციალური სამსახურის კომპეტენცია არის თანამდებობის პირთა უსაფრხოების უზრუნველყოფა, შესაბამისად, ისეთი ხარჯების გაწევა, როგორიცაა პრეზიდნეტის შვილის სწავლის გადასახადის გადახდა, ვიღაცისთვის ტელეფონისა და სამაჯურის ჩუქება, მისი საქმე არაა, შინაარსობრივად არ ჯდება ამ სამსახურის კომპეტენციაში. ეს ფაქები კი შეიძლება ჩაითავლოს დარღვევად, რადგან მათ გაწიეს ხარჯები, რომელიც მათ კომპეტენციაში არ შედიოდა.

“რაც შეეხება ხარჯების გასაიდუმლოებას, შეიძლებოდა იმ ხარჯების გასაიდუმლოება, რაც უკავშირდებოდა მაღალი თანამდებობის პირების მოგზაურობას და სასტუმროში გაჩერებას, რადგან ეს არის სენსიტიური ინფორმაცია თანამდებობის პირის უსაფრთხოების კუთხით, რათა ის იყოს დაცული. აქ გარკვეული ლოგიკა არის.

როგორც ირკვევა, გასაიდუმლოებული იყო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ გაწეული ყველა ხარჯი, ისეთიც კი, რომელიც არ უკავშირდებოდა მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოებას. არადა, არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რომ გასაიდუმლოებულიყო სხვადასხვა პირების საჩუქრების ყიდვისა და პრეზიდენტის შვილების სწავლისთვის გადახდილი ფინანსები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიორგი ნარმანიამ.

იურისტის განმარტებით, ამ ხარჯების გაწევაზე, პირველ რიგში, პასუხისმგებელია ის პირი, ვისი ხელმოწერაც ახლავს ხარჯების გაწევის დოკუმენტს. ხოლო ვისი დავალებითა და ბრძანებით ხარჯავდა ის ამ ფულს, ეს შემდეგ ეტაპზე უნდა გამოიკვეთოს. გამოძიებით უნდა დადგინდეს, რატომ იხარჯებოდა ამ სამსახურის მიერ უსაფრთხოებისთვის გათავლისწინებული ხარჯები არამიზნობრივად.

ირინა იმერლიშვილის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტაციიდან, რომელთა შორის არის სასაქონლო ზედნადებები და პროდუქციის შესყიდვის აქტები, ზოგიერ შემთხვევაში წერია, რომ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა აღნიშნული ქმედება პრეზიდენტ სააკაშვილის დავალებით განახორციელეს.

მაგალითად, 2011 წლის 13 აპრილით დათარიღებულ აქტში წერია: “ჩვენ, ქვემოთ ხელმომწერნმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებმა [სახელები დაფარულია] შევადგინეთ წინამდებარე აქტი მასზედ, რომ საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, [სახელი დაფარულია] მიერ შპს “დაფიონ სამკაულში” შეძენილი სამკაული: კულონი–1 ცალი და ძეწკვი–1 ცალი, ნამდვილად გადაეცა პრეზიდენტს სტუმრის, იოანა მელაის დასასაჩუქრებლად. რაზედაც ვაწერთ ხელს: [ხელმოწერები დაფარულია]”.

დოკუმენტს თან ახლავს თანხის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადები. აღნიშნული საჩუქრის ღირებულება 982 ლარია. კიდევ ერთ მსგავს აქტში წერია, რომ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა პრეზიდენტის დავალებით შპს “გალერეა შარდენში” 3 500 ლარად შეიძინეს სამაჯური მარიამ საჯაიას დასასაჩუქრებლად 2011 წლის 20 დეკემბერს.

მასალების გადაბეჭდვის წესი