სამართალი

პატიმრებისგან განტვირთული ციხეები

26 მარტი, 2013 • 1662
პატიმრებისგან განტვირთული ციხეები

უკვე დაიხურა თბილისის #1 დაწესებულება ე.წ. “კრიტი“, რომელიც გათვლილი იყო 1086 ადამიანზე.


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, თბილისის #1 დაწესებულებაში 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლების გადაბარების დროს, 1200–მდე პატიმარი იყო 780 საწოლზე, რის გამოც პატიმრებს დღის განმავლობაში მორიგეობით უწევდათ ძილი.


გასულ წლებში არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე, სახალხო დამცველი მუდმივად მიუთითებდნენ თავიანთ განცხადებებსა და ანგარიშებში, თუ რომელ ციხეებში იდგა გადატვირთულობით გამოწვეული ყველაზე დიდი პრობლემა. იმ დროისათვის პრობლემურად სახელდებოდა თბილისის #1, ბათუმის #3, ზუგდიდის #4 და რუსთავის #17 დაწესებულებაში არსებული ვითარება, რაც გამოწვეული იყო მოძველებული ინფრასტრუქტურით, სანიტარული ნორმების დაუცველობით და იმაზე მეტი საწოლითა და პატიმრის განთავსებით, რამდენის ადგილიც არ იყო.


დასახელებული დაწესებულებებიდან სამინისტრომ მიმდინარე წელს ბათუმის ციხის რემონტი დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ თავად მინისტრის თქმით, ყველაზე გაუსაძლისი ვითარება ამ კუთხით ზუგდიდის #4 დაწესებულებაშია ამჟამადაც კი. სუბარის განცხადებით, ზუგდიდის ციხის შენობა რემონტს არ ექვემდებარება, რადგან ის 100 წელზე მეტი ხნისაა და ამორტიზებულია, თუმცა მისი დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.


სუბარის თქმით, ბათუმის ციხის რემონტი უახლოეს 3–4 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც პატიმრები შეძლებენ იქ დაბრუნებას.

მატროსოვის ციხე
მატროსოვის ციხე

 

სასჯელაღსრულების სამინისტრომ ასევე დაიწყო ე.წ. მატროსოვის ციხის რემონტი, რის შემდეგაც აღნიშნული დაწესებულებიდან, სადაც ძირითადად ყოფილი სამართალდამცავები და საჯარო მოხელეები იხდიდნენ სასჯელს, სხვა დაწესებულებებში გადაიყვანეს.


სამინისტროს ცნობით, ე.წ. მატროსოვის ციხე, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიუხედავად, არ აკმაყოფილებდა არსებულ სტანდარტებს:

 

“შენობაში სუფევდა ანტისანიტარია, მწყობრიდან იყო გამოსული საკანალიზაციო ქსელი, არ ფუნქციონირებდა საშხაპეები,  მსჯავრდებულებს უწევდათ ღირსების შემლახველ პირობებში ცხოვრება”.


თბილისის #9 (ე.წ. მატროსოვის ციხე) დაწესებულებაზე ომბუდსმენის 2011 წლის ანგარიშში წერია, რომ მოძველებული ინფრასტრუქტურის გამო გაუსაძლისი სანიტარული მდგომარეობა იყო, მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა კი საკნებში ბაღლინჯოების არსებობაც კი დაადასტურეს.


სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის თქმით, 2013 წელს სამინისტრომ სხვადასხვა დაწესებულებების რემონტისა და დახურვის გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ პატიმრების სხვა ციხეებში გადაყვანა გადატვირთულობის პრობლემას არ გამოიწვევდა, რაც გასულ წლებში სასჯელაღსრულების სისტემაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო.


2012 წლის მარტში საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 23 967 პატიმარი იყო განთავსებული. 2013 წლის 24 მარტის მონაცემებით, საქართველოს ციხეებში 10 536 პატიმარი იყო: ამნისტირებულია 8409, დანარჩენი კი პრეზიდენტმა შეიწყალა, ან გეგმიურად დატოვა ციხე.


როგორც სოზარ სუბარი ამბობს, პატიმართა რაოდენობის განახევრების მერე სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული გადატვირთულობის პრობლემა მოიხსნა. ამის მიუხედავად, საქართველოში კვლავ რჩება ციხეები, სადაც პატიმართა ყოფას ომბუდსმენის ოფისი წლების განმავლობაში გაუსაძლისს უწოდებდა.


სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა არასრულწლოვანთა დაწესებულების კაპიტალური რემონტი, გარდა ამისა, ამ დაწესებულებისთვის შენდება სკოლის შენობა, რის შემდეგაც ერთ შენობაში განთავსებული საცხოვრებელი და სკოლა გაიყოფა.


მინისტრმა „ნეტგაზეთს“ ასევე განუცხადა, რომ შენდება ციხე ლაითურში, გურიაში, რომელიც თავდაპირველად 4 500 პატიმარზე იყო გათვლილი, თუმცა პროექტი შემცირდა და იქ 1600- ადგილიანი დაწესებულება აშენდება. როგორც სოზარ სუბარი განამრტავს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ არ სჭირდება „ახალი მონსტრის“ აშენება.

მასალების გადაბეჭდვის წესი