საკონსტიტუციო სასამართლო

25 მილიონი საპატრიარქოს ყოველწლიურად – სარჩელის დასაშვებობას საკონსტიტუციოს მოსამართლეები განიხილავენ

 

„სახელმწიფომ არც უნდა წაახალისოს და არც ხელი შეუშალოს რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ნეიტრალობა არის სამართლიანი სახელმწიფოს ფუნდამენტური ასპექტი,“ – უთხრა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მოქალაქეები: თამარ კორძაია, ეკა აღდგომელაშვილი, ლინა ღვინიანიძე და სხვები საქართველოს 2017 წლის ბიუჯეტის იმ ჩანაწერს მიიჩნევენ არაკონსტიტუციურად, რომლითაც მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს წელს კიდევ ერთხელ გამოუყვეს ბიუჯეტიდან 25 მილიონი.

საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ [ლალი ფაფიაშვილი, მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე] დღეს, 2 ივნისს, მხარეთა პოზიციები მოისმინა, თუ რატომ უნდა განიხილოს არსებითად სასამართლომ სარჩელი საპატრიარქოს დაფინანსებაზე. მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ ყოველწლიურად საპატრიარქოს მილიონებით დაფინანსება დასაბუთების გარეშე არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ რწმენის თავისუფლებას, თანასწორობისა და სეკულარიზმის პრინციპს.

„მე, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი, არ მინდა, ჩემი ეკლესია ამ ტიპის დაფინანსებას იღებდეს,“ – მიმართა სასამართლოს მოსარჩელე თამარ კორძაიამ. მან თქვა, რომ ყოველწლიურად საპატრიარქოს აფინანსებენ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე და არავინ განსაზღვრავს ამ დაფინანსების მიზნობრიობას. „ასეთი მიდგომა ეკლესიის მიმართ წარმოშობს არაჯანსაღ ურთიერთობებს… როგორც ერთი მოქალაქე, ვიმსახურებ იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილოს ეს საკითხი და მითხრათ, ჩემს წარმოდგენებში ვარ მართალი თუ არა“.

პარლამენტის ინტერესების დამცველმა, გიორგი ჩიბჩიურმა თამარ კორძაიას უპასუხა, რომ სეკულარიზმის იდეა არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი და მას პოლიტიკური კონტექსტიც აქვს: „რწმენის თავისუფლებაში ჩარევა იქნებოდა მაშინ, თუკი სახელმწიფო ადამიანს არ უტოვებს არჩევანის შესაძლებლობას… ბიუჯეტის ფორმირებაც არ არის მხოლოდ სამართლებრივი საკითხი… ვეთანხმები მოსარჩელეებს, რომ ირღვევა თანასწორობის პრინციპი, მაგრამ კონსტიტუციით არის განსაღზვრული მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი. სწორედ ამას ეფუძნება საპატრიარქოს დაფინანსება განსხვავებული წესით“, – თქვა გიორგი ჩიბჩიურმა და მოსამართლეებსაც უთხრა: „ასე რომ, მხოლოდ ფილოსოფოსებს არ უნდა ვანდოთ სახელმწიფო…“

„საქართველოს კონსტიტუციით“ განსაზღვრულ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლზე გაკეთებულ აქცენტს რეპლიკით უპასუხა თამარ კორძაიამ: „განსაკუთრებული როლი არ ნიშნავს იმას, რომ ყოველწლიურად აძლევდე დაფინანსებას ეკლესიას დასაბუთების გარეშე. ეფექტურობა უნდა განისაზღვროს – რა საჭიროებისა და მიზნისთვის გამოიყოფა ესა თუ ის დაფინანსება…“

„ბიუჯეტის მიზანია საერთო, საჯარო სიკეთეების დაფინანსება…. ოფიციალური დასაბუთება, რომ ამ დაფინანსებით ქრისტიანული ღირებულებების განმტკიცება ხდება, ვერ იქნება საჯარო… ბიუჯეტის მიზნები არ შეიძლება იყოს მიმართული თანასწორობის უფლების დარღვევისკენ,“ – თქვა თამთა მიქელაძემ, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ ხელმძღვანელმა. მან მოსამართლეებს გაახსენა ამერიკის უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის არ უნდა იყოს გადაჯაჭვულობა, რადგან მსგავს შემთხვევაში სახელმწიფო თანასწორობის და ადამიანის უფლებების დაცვას ვერ მოახერხებს. მეორე მხრივ, დარღვეული იქნება ეკლესიის ავტონომიურობაც, რომელიც ყოველწლიურად გარანტირებულ მილიონებს ელის ბიუჯეტიდან.

თამთა მიქელაძემ აქცენტი გააკეთა პოლიტიკური კრიზისების დროს მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსების გაზრდაზეც: „თუ გადავხედავთ დაფინანსების ისტორიას, ვნახავთ, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე, როცა პოლიტიკური კრიზისი აქვს ხელისუფლებას, ის ზრდის ეკლესიის დაფინანსებას. ასეთი გადაჯაჭვულობა კრიზისს იწვევს ეკლესიაშიც, რაც ამჟამად არსებობს“.

მოსარჩელეების აზრით, საპატრიარქოს ყოველწლიური დაფინანსებით ირღვევა „საქართველოს კონსტიტუციით“ დაცული საკუთრების უფლებაც – გადასახადებიდან შევსებული ბიუჯეტი მხოლოდ ერთ კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაცის ხმარდება.

„საგადასახადო კოდექსში წერია, რომ მოქალაქეები ვალდებული არიან, გადაიხადონ გადასახადები და გადასახადებს ვიხდით უპირობოდ და უსასყიდლოდ…“ – მიმართა მოსარჩელეებს გიორგი ჩიბჩიურმა, საქართველოს პარლამენტის იურისტმა.

მოსარჩელე თამარ კორძაიამ ისაუბრა საპატრიარქოს დაფინანსების გამჭვირვალობის პრობლემის შესახებაც. „მე პირადად გამოვითხოვე საჯარო ინფორმაცია საპატრიარქოდან, თუ რაში დაიხაჯარა ეს ფული, მაგრამ ინფორმაცია არ მომაწოდეს…მითხრეს, რომ მოდი და აქ გიპასუხებთ ყველაფერზეო. ეს არ არის ცივილიზებული ფორმა, რომ გავიგოთ მოქალაქეებმა, კონკრეტულად რას მოხმარდა ეკლესიითვის გამოყოფილი მილიონები“.

IMG_20170602_124734

IMG_20170602_125015

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი