საზოგადოებასამართალი

რუსთავი 2-ის საქმის სამართლებრივი ნაწილი

2 მარტი, 2017 • 6140
რუსთავი 2-ის საქმის სამართლებრივი ნაწილი

გთავაზობთ რუსთავი 2-ის საქმის სამართლებრივი მხარეს, სადაც მოცემულია მხარეთა სამართლებრივი არგუმენტები, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები და მოსამართლეთა გადაწყვეტილებები.

[red_box]ვინ დავობს და რატომ?[/red_box]

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. ამ სარჩელს 7 მოპასუხე ჰყავდა:

[checklist]

  • შპს ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია
  • შპს გეო ტრანსი 
  • ლევან ყარამანიშვილი 
  • გიორგი ყარამანიშვილი 
  • შპს “ტელეკომპანია საქართველო” 
  • ნინო ნიჟარაძე 
  • შპს სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”

[/checklist]

ხალვაში ითხოვდა, სასამართლოს ბათილად ეცნო 2005 და 2006 წლებში გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის 60% , რომელსაც პირადად ხალვაში ფლობდა და “რუსთავი 2″ -ის 40%, რომელსაც ხალვაშის კომპანია შპს “პანორამა” ფლობდა, გადავიდა შპს “საქცემენტის” [ამჟამინდელი ჰაიდელბერგცემენტის] და შპს “გეო-ტრანსის” საკუთრებაში. სარჩელის მიხედვით, რუსთავი 2 -ის 100% ამ ორი კომპანიის საკუთრებაში, ნასყიდობის ხელშეკრულების მიხედვით, ჯამში, გადავიდა $268 997-ად, თუმცა მოსარჩელის განცხადებით, ეს მოხდა იძულებით, ამორალური გარიგების გზით, ფიქტიურად, ანუ მას ნასყიდობის ხელშეკრულებებში მითითებული თანხა არ მიუღია.

ხალვაშის მხარის მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი მასალებით, მანამ, სანამ რუსთავი 2-ს დღევანდელი მფლობელები შეიძინდნენ, ტელეკომპანიის წილები რამდენჯერმე გაიყიდა, თუმცა ხალვაში ამტკიცებს, რომ ეს მოხდა ასევე ფიქტიურად, რადგან მისი ადვოკატის, პაატა სალიას თქმით, დღევანდელმა მფლობელებმა ვერ წარმოადგინეს წილების სანაცვლოდ თანხის გადახდის ან მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება.

მოსარჩელე ხალვაში ითხოვდა “რუსთავი 2“-ის ამჟამინდელი მფლობელების, ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის -18%-ის , შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის და მისი შპს “პანორამის” გამოცხადებას – ეს მოთხოვნა პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა ხალვაში ითხოვდა:

  • აღიარებულ იქნას სარჩელის სასამართლოში შეტანის დროისათვის არსებული შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ის ლოგოს ავტორად;
  • მოპასუხე შპს “სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”-ს დაეკისროს ლოგოს უნებართვო გამოყენების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება – 200 000 აშშ დოლარის ოდენობით;
  • ქიბარ ხალვაში ცნობილ იქნეს სატელევიზიო გადაცემების, „ბოიარდის სასახლის“, „უკანასკნელი გმირის“ და „ჯეობარის“ ქართული ვერსიების საავტორო უფლების მფლობელად;
  • დაეკისროს მოპასუხე შპს „სამუწყებლო კომპანია რუსთავის 2“-ს მოსარჩელე ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ 300 000 აშშ დოლარის გადახდა“;
  • 2015 წლის 17 სექტემბერს ქიბარ ხალვაშმა დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 18 მილიონი ლარის ოდენობით. ხალვაშის მტკიცებით, მან ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები. ეს მოთხოვნები სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სარჩელზე თანდართული დოკუმენტებით, რუსთავი 2-ის 60%, რომელსაც მოქალაქე პაატა კარსანიძე ფლობდა, 2004 წლის 16 ივნისს გადავიდა ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში. ეს წილი სწორედ იმავე დღეს გახდა პაატა კარსანიძის საკუთრება – მანამდე 30%-ს დავით დვალი, 30%-ს კი ჯარჯი აქიმიძე ფლობდნენ. რუსთავი 2-ის 30%, რომელსაც ეროსი კიწმარიშვილი ფლობდა და რუსთავი 2-ის 10%, რომელსაც ნიკა ტაბატაძე ფლობდა, იმავე წელს გადავიდა შპს “პანორამის” საკუთრებაში.

[blue_box]მხარეთა სამართლებრივი არგუმენტები[/blue_box]

ქიბარ ხალვაშის ადვოკატმა პაატა სალიამ სასამართლოში თავისი სამართლებრივი სტრატეგია “ამორალური გარიგების” ირგვლივ ააწყო, რომელსაც სამოქალაქო კოდექსი ასე არეგულირებს:

“ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს”, – ნათქვამია ზემოხსენებულ მუხლში, რომელიც აღარ აკონკრეტებს, რა იგულისხმება, მაგალითად, “ზნეობის ნორმების” დარღვევაში.

პაატა სალიის პოზიციით, ამგვარ მდგომარეობად უნდა განვიხილოთ მოცემულობა, როდესაც ერთი მხარე (შეგნებულად თუ შეუგნებლად) მეორის რთული მდგომარეობით სარგებლობს და მასთან “ამორალურ გარიგებას” დებს. სალია “გერმანულ სასამართლო პრაქტიკაზე დაყრდნობით”, სასამართლოში ამტკიცებდა, რომ გარიგება ამორალურია, თუ ფასი გასაყიდი საგნის ღირებულებას მნიშვნელოვნად აღემატება. მან სასამართლოში წარადგინა სამხარაულის ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც იმ წლებში, როდესაც ხალვაშმა რ2-ის წილები გაასხვისა, მათი ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარი იყო და არა $268 997, რომელიც ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით ხალვაშმა მიიღო (როგორც თვითონ აცხადებს, მისთვის ეს თანხაც არ გადაუხდიათ).

“სახეზეა თვალშისაცემი დისპროპორცია რეალურ ღირებულებასა და გადახდილ ფასს შორის, რაც საფუძველს იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ ადგილი ჰქონდა სარგებლის მიმღების გასაკიცხ ქმედებას და მოპასუხეებმა ისარგებლეს იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით, რომლებითაც შეზღუდული იყო გამყიდველების ნება”, – ამბობდა პაატა სალია და ითხოვდა ხალვაშის მიერ 2005-2006 წლებში შპს გეო-ტრანსსა და საქცემენტთან დადებული შეთანხმების ბათილობას.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულებების ბათილად გამოცხადება ხალვაშის ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა, ის  მოწინააღმდეგეების უსაფუძვლო გამდიდრების მოტივაციით, ითხოვდა ზემოხსენებული შეთანხმებების დადებამდე არსებული სტატუს-კვოს დაბრუნებას, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსთავი 2-ის 100% დღევანდელ მფლობელებს: ძმებს ყარამანიშვილებს, ტვ საქართველოსა და ნინო ნიჟარაძეს უნდა ჩამოერთვათ და ხალვაშს გადაეცეს. სალია ამის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად ასახელებდა სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლს:

“შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე  მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია.

კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერების ფაქტი უნდა არსებობდეს ნივთის გადაცემამდე.

კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.”

პაატა სალია აცხადებდა, რომ “ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, კეთილსინდისიერი შემძენიც კი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან”, თუმცა იგი ამავდროულად ეჭვქვეშ აყენებდა რ2-ის დღევანდელი მფლობელების კეთილსინდისირების საკითხს. მან სასამართლოში წარადგინა რ2-ის წილების გასხვისების ქორნოლოგია და ამტკიცებდა, რომ ყველა ეს გარიგება მოხდა ფიქტიურად:

“როგორც ზემოთ ასახული ქრონოლოგიიდან ჩანს, ერთი და იგივე პირები სხვადასხვა დროს ფლობდნენ წილებს. მაგალითად, ლევან ყარამანიშვილი ჩნდება 2006 წლის 1 დეკემბერს, როგორც ოფშორული კომპანიის დირექტორი, ქიბარ ხალვაშისათვის წილების ჩამორთმევიდან რამდენიმე დღის შემდეგ”, – აცხადებდა პაატა სალია და ასკვნიდა, რომ ამ გარემოებიდან იმავე ლევან ყარამანიშვილს უნდა სცოდნოდა ის, თუ რა ვითარებაში დათმო ხალვაშმა ქონება. იმის დასადასტურებლად, რომ 2005-2006 წლებში ხალვაშის თავს გადახდენილი მოვლენები საქვეყნოდ იყო გავრცელებული, იგი სასამართლო საქმეში ცდილობდა იმ დროინდელი საგაზეთო პუბლიკაციების ჩადებას, თუმცა ამის გაკეთება ვერ მოახერხა, რადგან მოსამართლე ურთმელიძემ მტკიცებულებების დაშვებაზე უარი პროცედურული დარღვევის საფუძვლით უთხრა.

აქ შეგიძლიათ ვრცლად გაეცნოთ ქიბარ ხალვაშის მხარის არგუმენტაციას, რომელიც მათ სააპელაციო სასამართლოში წარადგინეს:

რ2-ის არგუმენტები

სასამართლოში რ2-ის დღევანდელი მფლობელების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ხალვაშმა სასარჩელო მოთხოვნებში სპეციალურად გაურია საავტორო უფლებების საკითხები (რომელზეც მტკიცებულებები არ ჰქონდა და მას შემდეგ, რაც ამ ნაწილში მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა, ზემოდგომ ინსტანციაში აღარც გაუსაჩივრებია), რადგან ეს არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე ზრდიდა ალბათობას, რომ საქმე მოსამართლე ურთმელიძეს დაეწერებოდა, რომელსაც  მათი თქმით, ხელისუფლება დედასთან დაკავშირებული კრიმინალური ინციდენტით აშანტაჟებდა.

სასამართლო განხილვების დროს ყველაზე ცხარე დისკუსია გაიმართა ხალვაშის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის განხილვისას. ერთადერთი მოწმე, რომელიც რ2-ის საქმის განხილვისას დაკითხეს, სწორედ ამ დასკვნის ავტორი, ექსპერტი შოთა ივანიშვილი იყო.

ხალვაშის მხარეს სასამართლოში  მტკიცებულების სახით წარდგენილი აქვს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული სასაქონლო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მაშინ, როდესაც ხალვაშმა რუსთავი ორი 268 997 დოლარად გაყიდა, ტელეკომპანიის აქტივების რეალური ღირებულება დაახლოებით 7 მილიონი ლარი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დასკვნის მიხედვით, ხალვაშმა ტელეკომპანია რეალურ ღირებულებაზე ბევრად ნაკლებად გაყიდა, როგორც თვითონ ამბობს, თავისი ნების საწინააღმდეგოდ. ეს დასკვნა რ2-ის საქმის საკვანძოს საკითხია, რადგან სწორედ მასზე დაყრდნობით ამტკიცებდა ხალვაში მის მიერ გეო-ტრანსთან და საქცემენტთან დადებული გარიგებების ამორალურობას.

დასკვნა მხოლოდ ორ დოკუმენტს ეყრდნობა: რუსთავი 2-ის წესდებასა და იმ პერიოდის საბუღალტრო ნაშთებს. ზემოხსენებული საბუღალტრო ნაშთებს ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხალვაშის მხარის ინფორმაციით, იმ პერიოდში ტელეკომპანიის ფინანსური დირექტორი იყო, თუმცა ხალვაშის იურისტმა სასამართლოს ამის დამადასტურებელი მტკიცებულება ვერ წარუდგინა. იგი მის დაკითხვას მოწმის სახითაც ითხოვდა, თუმცა ამაზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ უარი განაცხადა.

რევაზ ბერიაშვილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში (რომელსაც დასკვნა დაეყრდნო) ნათქვამია, რომ იგი კომპანიის ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში იყო, რაც რუსთავი 2-ისა და მისი მფლობელების ადვოკატებს უკვირთ. მათი თქმით, დასკვნა კომპანიის 2005 წლის მდგომარეობას აანალიზებს და საკვირველია, რატომ გააკეთა ბერიაშვილმა 2005 წელს ჩანაწერი, რომ იგი მხოლოდ 2006 წლამდე იმუშავებდა. რუსთავი 2-ის მფლობლებელი ეჭვობენ, რომ დოკუმენტი გაყალბებულია და ახლაა შექმნილი. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამ ფაქტის იმით ხსნის, რომ მისი მარწმუნებლის ინფორმაციით, ბერიაშვილმა დოკუმენტი 2006 წელს შეადგინა და არა 2005-ში. სალიას თქმით, ეს დოკუმენტი ამის შემდეგ ხალვაშთან ინახებოდა კომპიუტერში სკანირებული სახით.

საქმეში ასევე წარმოდგენილია მიმოწერა ხალვაშის მხარესა და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს შორის, სადაც ექსპერტი იმ მონაცემებს თვლის, რომელიც მას ზემოხსენებული დასკვნის მომზადებისთვის სჭირდება, საუბარია კომპანიის ბალანსზე, წესდებაზე, კრედიტორებისა და დებიტორების ჩამონათვალზე, უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციაზე, 5 წლის საპროგნოზო მონაცემებსა და 2004-2006 წლებში რ2-ის წილების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციაზე, თუმცა ექსპერტს მხოლოდ ორი დოკუმენტი გაეგზავნა, რომლებიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ. პაატა სალიას განმარტებით, მათ რუსთავი 2-თან დაკავშირებულ დოკუმენტაციასთან წვდომა არ აქვთ, რადგან ქიბარ ხალვაშმა მათი შენახვა თავის დროზე დევნის გამო ვერ მოახერხა.

ზაზა ბიბილაშვილმა და დღევანდელი მფლობელების სხვა ადვოკატებმა სალიას ჰკითხეს, რატომ არ გამოითხოვა მან ეს დოკუმენტაცია რუსთავი 2-იდან. სალიას თქმით, მას არ ჰქონდა იმედი, რომ ტელეკომპანია ამ დოკუმენტებს გადასცემდა. ქიბარ ხალვაშის მხარეს შეეძლო სასამართლოსთან ეშუამდგომლა და მოსამართლე თამაზ ურთმელიძე დაავალებდა რუსთავი 2-ის მხარეს ზემოხსენეული დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენას, თუმცა, სალიას თქმით, მას ჰქონდა ვარაუდი, რომ რუსთავი 2 დოკუმენტაციას არც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა და გასცემდა შაბლონურ პასუხს: გასულია 10 წელი და დოკუმენტაცია ტელეკომპანიაში აღარ ინახება.

სალიას თქმით, ბერიაშვილი შიდა ბრძანებით იყო დანიშნული და ეს დოკუმენტი არც რეესტრში მოიძებნება. თუმცა, ადვოკატის განცხადებით, იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ ბერიაშვილი რუსთავი 2-ში არ მუშაობდა, არც ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელებს წარმოუდგენიათ. ადვოკატის თქმით, მათ მარტივად შეეძლოთ თავის დროზე, კანონით დადგენილ ვადებში, სასამართლოსთვის მიეწოდებინათ დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა, რომ იმ წლებში კომპანიის ფინანსური დირექტორი სხვა ადამიანი იყო.

რუსთავი 2″–ის წარმომადგენლებს დასკვნის მომმზადებელ ექსპერტთან აქვთ პრეტენზია, რომ ექსპერტიზა ჩაატარა ყალბ დოკუმენტზე დაყრდნობით; კერძოდ, მათი განცხადებით, რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ხელს აწერს ამ ფინანსურ დოკუმენტს, რომელზე დაყრდნობითაც ექსპერტიზა ჩატარდა, დაუდასტურებელია, რეალურად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად.

ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა სასამართლოზე განაცხადა,  რომ არსებობს ღირებულების შემოწმების 3 მეთოდი: აქტივების შემოწმების მეთოდი, საბაზრო მეთოდი და შემოსავლების მეთოდი. მისი განცხადებით, რუსთავი 2–ის წილების ღირებულების შესამოწმებლად გამოიყენა აქტივების შემოწმების მეთოდი, რისთვისაც საჭირო იყო იმ პერიოდის საბალანსო ნაშთები. მისი განცხადებით, აქტივების მეთოდით შემოწმება კეთდება კომპანიის ვალდებულებებსა და აქტივებს შორის სხვაობის დადგენის გზით.

რუსთავი 2–ის ადვოკატების განცხადებით, ივანაშვილს ექსპერტიზაში უწერია, რომ შეფასების ყველაზე კარგი სისტემა არის საბაზრო მეთოდი, მაგრამ თავად იხელმძღვანელა აქტივების მეთოდით. კითხვაზე, თუ რატომ მოიქცა ასე, ექსპერტმა განაცხადა, რომ მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის გათვალისწინებით ყველაზე რელევანტური სწორედ აქტივების მეთოდი იყო.

რუსთავი 2–ის ადვოკატებმა ექსპერტს ჰკითხეს, ამ მეთოდით შემოწმებისას ის მონაცემები, რაც მას ხელთ ჰქონდა, რელევანტური იყო თუ არა ექსპერტიზის ჩასატარებლად? ამ კითხვაზე შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ამის გამორკვევის ვალდებულება არ ჰქონდა.

“რუსთავი 2″–ის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა ექსპერტს ჰკითხა, იმ შემთხვევაში, თუ ის შეიტანდა მასთან დოკუმენტაციას ხელმოწერით –  დიმიტრი საძაგლიშვილი “ჯენერალ მოტორსის” ფინანსური დირექტორი, ჩაატარებდა თუ არა კვლევას ამ დოკუმენტზე დაყრდნობით. ექსპერტმა შოთა ივანაშვილმა განაცხადა, რომ  ასეთ კვლევას ჩაატარებდა.

რუსთავი 2–ის ადვოკატმა განაცხადა, რომ ექსპერტი საკუთარ დასკვნაში უთითებდა შეფასების საერთაშორისო IVS -ის სტანდარტებს, რომლის თანახმადაც ჩაატარა ექსპერტიზა; ამ სტანდარტებში კი წერია, რომ ექსპერტი ვალდებულია, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში გადაამოწმოს დოკუმენტების ნამდვილობა. მან ექსპერტს ჰკითხა, თუ გააკეთა რაიმე ამ კუთხით. ექსპერტმა  განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არაფერი გაუკეთებია და რა მონაცემებიც მიაწოდა მხარემ, იმის მიხედვით ჩაატარა ფინანსური ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილის თქმით, მთავარი იყო, რომ ამ ფინანსურ დოკუმენტზე ვიღაც აწერდა ხელს და ის, ვინც აწერდა, მართლა მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ში, ამის გამოკვლევა ექსპერტის საქმე არ იყო.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ექსპერტს კითხვები დაუსვეს, იყო ის, რომ მან ქიბარ ხალვაშის მხარეს 9 დოკუმენტი მოსთხოვა, ამ დოკუმენტებიდან კი რეალურად მიიღო მხოლოდ წესდება და 4–გვერდიანი ბუღალტრული ნაშთები, რომელსაც ხელს აწერს რევაზ ბერიაშვილი, რომელიც ნამდვილად მუშაობდა თუ არა რუსთავი 2–ის ფინანსურ დირექტორად, არ არის ცნობილი. მხარემ მას ჰკითხა, რატომ ჩაატარა კვლევა თითქმის დღენახევარში, როდესაც ჰქონდა უფლება, რომ დამატებითი დოკუმენტები მოეთხოვა. ექსპერტმა უპასუხა, რომ დამატებითი დოკუმენტების მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ადვოკატებს რომ შეძლებოდათ მისთვის ამ ინფორმაციის მიცემა, მაშინ თავიდანვე მისცემდნენ და რადგან პირველ მოთხოვნაზე არ მიაწოდეს, მან მეორედ აღარ მოითხოვა.

გარდა ამისა, რუსთავი 2–ის ადვოკატების თქმით, ექსპერტს დასკვნაში უწერია, რომ კომპანიის საორიენტაციო ღირებულება 2006 წლის პერიოდისთვის შეადგენდა დაახლოებით 7 მლნ ლარს. შეკითხვაზე, თუ რას ნიშნავდა საორიენტაციო ღირებულება, ექსპერტმა უპასუხა, რომ ყველა ფასი არის საორიენტაციო, სანამ რეალურად ყიდვა–გაყიდვა არ მოხდება.

გარდა ამისა, ადვოკატების თქმით, ექსპერტს მოთხოვნილი ჰქონდა კონტრაქტები, თუ 2004–2006 წლებში როგორ იყიდებოდა ტელეკომპანიის წილები. რუსთავი 2–ის ადვოკატმა ექსპერტს ჰკითხა, რადგანაც ეს დოკუმენტი არ მიაწოდა პაატა სალიამ, ამის მიუხედავად, რატომ ჩაატარა ექსპერტიზა. შოთა ივანაშვილმა კი განაცხადა, რომ კომპანიის ბუღალტრული ბალანსის ამსახველი დოკუმენტების მოწოდების გარეშე ამ კონკრეტული დოკუმენტის მოწოდებას აზრი არ ჰქონდა.

აღნიშნულ დასკვნას თავად შეგიძლიათ გაეცნოთ:

რ2-ის მხარის სამართლებრივი არგუმენტია, რომ ქიბარ ხალვაშმა (და მისმა პანორამამ) 2004 წელს რ2-ის 100% დაახლოებით $250 000 შეიძინეს და 268 ათასად გაყიდა 2005-2006 წლებში, შესაბამისად, მოგებაც ნახა, ასევე, მომდევნო ტრანზაქციების ფასი წილები არსებითად არ შეცვლილა, რაც მათი აზრით, იმას ნიშნვას, რომ ფასი, რომელსაც ხალვაში “ამორალურად” მიიჩნევს, რეალური იყო. გარდა ამისა, ისინი აცხადებდნენ, რომ აპირებდნენ ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას წილების ღირებულების დადგენის მიზნით და ითხოვდნენ დროს. ხალვაშის მიერ სასამართლოში წარდგენილ დასკვნაზე პოზიციის ჩამოყალიბების ვადა სასამართლომ რუსთავი 2-ის მფლობელებს 2015 წლის 7-დან 14 ოქტომბრამდე განუსაზღვრა, თუმცა რუსთავი 2-მა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება გადაწყვიტა და, როგორც ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი ამბობს, შესაბამისი ვადის გახანგრძლივების შუამდგომლობით მოსამართლესაც მიმართა, რადგან საერთაშორისო კომპანიებმა ექსპერტული დასკვნისათვის დრო მოითხოვეს. თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რადგან მისი თქმით, შესაბამისი შუამდგომლობა რუსთავი 2-ის ადვოკატებს არ უნდა დაეყენებინათ, რადგან ამ ნაწილში მოპასუხე რუსთავი 2 არ იყო. მოსამართლის თქმით, პროცედურულად ასეთი შუამდგომლობა რ2-ის მფლობელებს უნდა დაეყენებინათ და არა უშუალოდ ტელევიზიის ადვოკატებს. ამას დღევანდელი მფლობელების მხარე უკანონობად აფასებს.

აღსანიშნავია, რომ საქმის სააპელაციო განხილვის ეტაპზე რ2-ის მფლობელებმა წარმოადგინეს Grant Thornthon-ის დასკვნა, რომელიც შეეხებოდა ხალვაშის დასკვნის შეფასებას. დასკვნაში ნათქვამია, რომ ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც სამხარაულმა თავისი დასკვნა დადო, არ იყო საკმარისი. საბოლოოდ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვიტა, რომ Grant Thornthon-ის დასკვნა სამხარაულის დასკვნას ვერ აბათილებდა.

Grant Thornthon-ის დასკვნასაც შეგიძლიათ თვითონ გაეცნოთ:

რ2-ის მხარე აცხადებს, რომ მხოლოდ 54-ე მუხლზე მითითებით შეუძლებელია გარიგების ამორალურობის დამტკიცება ღირებულებასა და ფასს შორის არსებული განსხვავების არგუმენტით. მათი თქმით, ამ მუხლის ამგვარმა განმარტებამ შესაძლოა ძალიან დიდი პრობლემები შექმნას ფინანსურ-სამეწარმეო სექტორში, რადგან თუ რომელიმე მეწარმეს მის მიერ სხვა მეწარმესთან დადებულ ხელშეკრულებაში ფასი არ მოეწონება, შესაძლოა, ამ კუთხით იდავოს, რაც სამართლებრივ ქაოსს გამოიწვევს.

“წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრობთ ბინაში, რომელიც იყიდეთ საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის გაცნობის შემდეგ, სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

წარმოიდგინეთ, რომ ახლად შეძენილ ბინაში გადასვლის შემდეგ, ფართი კაპიტალურად გაარემონტეთ, მომიჯნავე ბინების შესყიდვისა და გაერთიანების შედეგად რამდენჯერმე გააფართოვეთ, თავიდან აღჭურვეთ და გაალამაზეთ – ისე, რომ ბინის ღირებულება ადრინდელთან შედარებით 20-ჯერ გაიზარდა.

წარმოიდგინეთ, რომ მრავალი წლის შემდეგ თქვენი სახლის ზღურბლს მოადგა უცნობი პირი და გითხრათ, რომ ბინა უნდა დაცალოთ, რადგან ოდესღაც – 10 წლის წინ – მან (ამ ბინის ყოფილმა მესაკუთრემ) სხვა პირს (ასევე ყოფილ მესაკუთრეს) ეს ბინა „იაფად“ მიჰყიდა, რაც დასტურდება მისივე ბლოკნოტში არსებული ჩანაწერით”, – ესაა ამონარიდი ზაზა ბიბილაშვილის მიერ ტაბულაზე გამოქვეყნებული ბლოგიდან.

რ2-ის მხარის პოზიცია იყო, რომ სასამართლოს ხალვაშსა და საქცემენტს, ასევე გეო-ტრანსს შორის 2005-2006 წლებში დადებული ხელშეკრულებები რომც გაებათილებინა, ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ტელეკომპანია მის ამჟამინდელ მფლობელებს უნდა ჩამორთმეოდა, რადგან ისინი კეთილსინდისიერი შემძენები იყვნენ.

ისინი არ ეთანხმებოდნენ სალიას სამართლებრივ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს საკითხი სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლით უნდა დარეგულირებულიყო. რ2-ის მხარის განცხადებით, 187-ე მუხლი არეგულირებს მოძრავი ნივთების საკითხს, წილი კი რეგისტრირებადია, შესაბამისად, მასზე უნდა გავრცელებულიყო 312-ე მუხლი:

სქრინშოტი საკანონმდებლო მაცნიდან

სქრინშოტი საკანონმდებლო მაცნიდან

სქრინშოტი საკანონმდებლო მაცნიდან

სქრინშოტი საკანონმდებლო მაცნიდან

“იმ პირის სასარგებლოდ, რომელიც გარიგების საფუძველზე სხვა პირისაგან იძენს რომელიმე უფლებას და ეს უფლება გამსხვისებლის სახელზე იყო რეესტრში რეგისტრირებული, რეესტრის ჩანაწერი ითვლება სწორად, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ ჩანაწერის საწინააღმდეგოდ შეტანილია საჩივარი, ან შემძენმა იცოდა, რომ ჩანაწერი უზუსტოა.“

აქ საინტერესოა ერთი გარემოება: 187-ე მუხლში ვხვდებით ჩანაწერს: “კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე”. განსხვავებით “უნდა სცოდნოდასგან”, 312-ე მუხლი ამბობს “იცოდას”. აქ ამ სიტყვებს პრინციპული მნიშნელობა აქვს, რადგან რ2-ის თქმით, დღევანდელმა მფლობელებმა ხალვაშის პრეტენზიების შესახებ არ იცოდნენ და ამას ვერ დაამტკიცებენ, რადგან მტკიცების ტვირთი მეორე მხარეზეა. მათი თქმით, რეგისტრირებად უფლებასთან დაკავშირებით შემძენს იცავს საჯარო რეესტრის უტყუარობის პრეზუმფცია, ანუ პირმა შეძენამდე ქონება რეესტრში შეამოწმა, დარწმუნდა, რომ ის ნამდვილად იმას ეკუთვნოდა, ვისგანაც იყიდა, ასევე ნახა, რომ ამ ქონების მიმართ არავის სამართლბრივი პრეტენზიები არ გააჩნდა და იყიდა.

აქ შეგიძლია ნახოთ ზაზა ბიბილაშვილის პრეზენტაცია, რომელიც მან სასამართლოზე წარადგინა:

ასევე რ2-ის მხარის არგუმენტებს სააპელაციო საჩივარში:

[yellow_box]სასამართლოს გადაწყვეტილება[/yellow_box]

პირველი ორი ინსტანციის სასამართლომ განაცხადა, რომ მართალია ვერ დამტკიცდა ქიბარ ხალვაშზე იძულების ფაქტი, მათ მაინც გაიზიარეს ხალვაშის მხარის არგუმენტაცია ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებით. მათი აზრით, დისპროპორცია ფასსა და რეალურ ღირებულებას შორის არის საფუძველი გარიგების ამორალურად და, შესაბამისად, ბათილად მიჩნევასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლო ფაქტად იღებს სამსახარაულის ბიუროს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ 2005-2006 წლებში რ2-ის ღირებულება არა 268 ათასი დოლარი, არამედ 7 მილიონი ლარი იყო. სასამართლო აცხადებს, რომ ხალვაშის მოწინააღმდეგე მხარემ მას შემდეგ, რაც მტკიცების ტვირთი გაიყო, ალტერნატიული მტკიცებულებებით ვერ გააბათილა ზემოხსენებული დასკვნა, ვერ წარმოადგინა იმის დამადასტურებელი ინფორმაცია, რომ ტელევიზიის ღირებულება არა 7 მილიონი, არამედ უფრო ნაკლები იყო. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თუ რ2-ში მსგავსი ფინანსური ინფორმაცია ამჟამად დაცული არ არის, მხარეს მისი განადგურების დამადასტურებელი მტკიცებულება მაინც უნდა წარმოედიგნა. სასამართლომ გაიზიარა სალიას არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ამჟამინდელმა მფლობელებმა იცოდნენ 2005-2006 წლებში რ2-თან დაკავშირებული მოვლენების შესახებ და, შესაბამისად, სასამართლოს აზრით, ისინი კეთილსინდისიერი შემძენები არ არიან.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება:

ამჟამად საქმეს უზენაესი სასამართლო განიხილავს. რ2-ის მხარეს საკონსტიტუციო სასამართლოში აქვს გასაჩივრებული ამორალურ გარიგებასთან დაკავშირებული მუხლიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი