სამართალი

სუს-ი: ცხინვალში გიორგი გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს

5 თებერვალი, 2017 • 1878
სუს-ი: ცხინვალში გიორგი გიუნაშვილს 20-წლიანი პატიმრობა უკანონოდ მიუსაჯეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, 2017 წლის 3 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საქართველოს მოქალაქე გიორგი გიუნაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსჯა. სუს-ი ამ ფაქტს უკანონობად აფასებს.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ე.წ. სასამართლოს ,,გადაწყვეტილება”, ისევე როგორც გიუნაშვილის მიმართ წაყენებული ,,ბრალდებები”, არის გამოგონილი და ყოველგვარ ლეგიტიმურ საფუძველს მოკლებული.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გააკეთებს ყველაფერს გიუნაშვილის უკანონო პატიმრობიდან დასახსნელად. უსაფრთხოების სამსახური აქტიურად გააგრძელებს აღნიშნული საკითხის განხილვას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების (GID) შეხვედრების ფარგლებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გიუნაშვილის საქმის დეტალები უკვე მიაწოდა  ყველა სახელმწიფო უწყებას, რათა აღნიშნულთან დაკავშირებით მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ინფორმირება”, – ნატქვამია სუს-ის განცხადებაში.

გიორგი გიუნაშვილი ცხინვალის რეჟიმმა 2016 წლის ზაფხულში დააკავა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მას ტერორისტულ და დივერსიულ საქმიანობაში ადანაშაულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი