სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2 071 განცხადება განხილვას ელოდება

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ცნობით, 2016 წლის 31 დეკემრის მდგომარეობით, სასამართლოს წინაშე “იცდის” საქართველოს წინააღმდეგ შესული 2 077 განცხადება, რაც მცირედით ჩამორჩება 2015 წლის მაჩვენებელს (2,154 საქმე).

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შესული საქმეების ამ რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა და ტოპ-10 ქვეყანაში შედის.

ევროსაბჭოს წევრი ყველა ქვეყნის მიმართ, ჯამში, 79 750 საქმე “იცდის” სტრასბურგის სასამართლოში. წინა წელთან შედარებით დაგროვილი განცხადებების რიცხვი 23%-ით გაიზარდა. სასამართლოს მიერ გავრცელებული პრეს-რელიზის თანახმად, 2016 წელს აპლიკაციების ზრდა უკავშირდება ზოგიერთ ქვეყანაში არსებულ სისტემურ პრობლემებს დაპატიმრების პირობებთან დაკავშირებით. ასეთ საქმეებს სასამართლო პრიორიტეტად მიიჩნევს. 2016 წლის ბოლოს ასევე გაიზარდა სასამართლოში თურქეთის წინააღმდეგ შესული განცხადებების რიცხვი.

იმ 79,750 განცხადებას შორის, რომელიც, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სასამართლოს მიერ განხილვას ელოდება, ყველაზე მეტი საქმე (18,171 საქმე, 22.8%) უკავშირდება უკრაინას, 12,600 – თურქეთს, (15.8%) ხოლო 8,950- უნგრეთს (11.2%).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა

2016 წელს სასამართლომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნებისთვის 993 გადაწყვეტილება გამოაცხადა, აქედან  829 (83.5%) შემთხვევაში სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მინიმუმ ერთი დარღვევა დაადგინა.

ქვეყნებს შორის, რომლებსაც 2016 წელს სასამართლომ ერთი დარღვევა მაინც დაუდგინა, პირველ ადგილზეა რუსეთი (222 გადაწყვეტილება), მას მოსდევს თურქეთი (77), რუმინეთი (71), უკრაინა (70), საბერძნეთი (41) და უნგრეთი (40).

2016-ში სასამართლომ საქართველოს წინაღმდეგ არსებულ საქმეებს შორის სტრასბურგის სასამართლომ მხოლოდ 4 გადაწყვეტილება გამოიტანა. სასამართლომ დარღვევები ოთხივე საქმეში აღმოაჩინა. სასამართლოს განცხადების თანახმად, დარღვევები ეხებოდა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვას, თავისუფალი სასამართლოს უფლების დარღვევას, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დარღვევას.

ევროსასამართლოს ისტორიაში, 1959 წლიდან 2016 წლამდე, საქართველოს წინააღმდეგ საქმეებში სასამართლომ სულ 68 გადაწყვეტილება გამოიტანა, საიადანაც 52 საქმეში დარღვევები დაადგინა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი