ანა ნაცვლიშვილი

ანა ნაცვლიშვილი: გადაწყვეტილება რატი გაჩეჩილაძისთვის გირაოს შეფარდებაზე კანონიერი და სწორია

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარის შეფასებით, სასამართლომ რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილება იყო.

საუბარია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემის საქმეზე დაკავებულ რატი გაჩეჩილაძეზე, რომელსაც 9 დეკემბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 5 ათასლარიანი გირაო შეუფარდა და განაცხადა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო.

ანა ნაცვლიშვილის განმარტებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხში საერთაშორისო სტანდარტები ქართულ კანონმდებლობასთან თანხვედრაშია და ორივე შემთხვევაში წინასწარი პატიმრობის შეფარდება უნდა იყოს საგამონაკლისო და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს გამოყენებული.

“აღკვეთის ღონისძიების სხვადასხვა სახეებს იცნობს ჩვენი კანონმდებლობა. მათ შორის ე.წ. წინასწარი პატიმრობა, გირაო, პირადი თავდებობა და სხვა. ძალიან მაღალი სტანდარტი უნდა იყოს დაკმაყოფილებელი საქმეში არსებული ფაქტობრივი სამართლებრივი გარემოებების, რომ გამართლებული იყოს ისეთი უფლების შეზღუდვა, როგორიცაა პირის თავისუფლება, რომელსაც იცავს ჩვენი კონსტიტუცია, იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სამართალი და რომელიც არის ძალიან მაღალი ღირებულება”, – ამბობს ნაცვლიშვილი.

საიას თავმჯდომარის თქმით, ეს სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და სასამართლომ სხვა საქმეებზეც მასზე დაყრდნობით უნდა იმსჯელოს:

“ეს სტანდარტი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას და თუ ეს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, მაშინ, ბუნებრივია, ამ საქმეშიც იმავე სტანდარტით უნდა ვიხელმძღვანელოთ, რა სტანდარტითაც ვხელმძღვანელობდით ყველა სხვა საქმეში, იქნებოდა ეს ე.წ. პიჯაკის საქმე თუ სხვა. ამ საქმეებზე ჩვენ ყოველთვის გვქონდა მსგავსი პოზიცია. რა თქმა უნდა, ქმნის განცდას, რომ შერჩევითი სამართალი არსებობს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორად დაინახოს პრობლემა. პრობლემა ის კი არ არის, რომ რატი  გაჩეჩილაძე გამოუშვა სასამართლომ, აქ სწორად მოიქცა სასამართლო და განურჩევლად იმისა, ვის მოსწონს და არ მოსწონს რატი გაჩეჩილაძე და ვის როგორი  შეფასება აქვს ზოგადად მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გუშინდელი გადაწყვეტილება სტანდარტთან მიმართებაში არის სწორი.  მაგრამ პრობლემა აქ არის ის, რომ ამ ქვეყნის სასამართლო ისტორიაში არის საქმეები, როდესაც სასამართლო არასწორად მოიქცა. ასეთი იყო, მაგალითად, “პიჯაკების საქმე” და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას სწორად აქვს განცდა, რომ შერჩევითია სამართალი.  მაგრამ ამ შერჩევითმა სამართალმა ჩვენ არ უნდა შეგვიყვანოს შეცდომაში და ამ საქმეზე, სადაც არ არსებობდა პატიმრობის შეფარდების დასაბუთებული კანონიერი საფუძველი, საზოგადოებრივი მოთხოვნა არ უნდა გაჩნდეს, რომ უკანონობა იქნეს ჩადენილი ამ საქმეზეც იმიტომ, რომ სხვა საქმეებზე იყო ჩადენილი უკანონობა”, – უთხრა ანა ნაცვლიშვილმა “ნეტგაზეთს”.

საიამ  სასამართლოს მიერ რატი გაჩეჩილაძის დაკავების ფაქტის არაკანონიერად ცნობაც შეაფასა. ორგანიზაცია მიესალმება მსგავს ტენდენციას და იმედს გამოთქვამს,  რომ სხვა საქმეებზეც, პირველი წარდგენის სხდომაზე, მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების საკითხთან ერთად დაკავების კანონიერებასაც შეისწავლის.

რაც შეეხება მუხლს, რომლითაც ნიკა გვარამიას საქმეზე  გამოძიება მიმდინარეობს, ანა ნაცვლიშვილის თქმით, კითხვის ნიშნებს შეიცავს:

“ამ ეტაპზე ჩვენც გვაქვს კითხვის ნიშნები კვალიფიკაციასთან დაკავშირებით. თუმცა იმისთვის, რომ საბოლოოდ გვქონდეს შესაძლებლობა, საბოლოოდ ვთქვათ, კონკრეტულად რომელი მუხლით იქნება მართებული,  რომ მიმდინარეობდეს საქმე, გვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. თუ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, მხარე მოგვაწვდის ამ მასალებს, ამაზეც პოზიციას ჩამოვაყალიბებთ. თუმცა ამ ეტაპზე 126-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც მიმდინარეობს გამოძიება, ჩვენც გვიტოვებს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. მაგრამ რა მუხლი უნდა იყოს,  ამისათვის აუცილებელია,  რომ გამოძიება ჩატარდეს სრულყოფილად. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება მოტივის დადგენას –  რა მოტივი ამოძრავებდა პირს და, რა თქმა უნდა, მოტივი სხვა გარემოებებთან ერთად იქნება განმსაზღვრელი იმისა, რა დანაშაულად უნდა დაკავლიფიცირდეს მომხდარი ქმედება” – ამბობს ნაცვლიშვილი.

რატი გაჩეჩილაძე სამართალდამცველებმა 8 იანვარს დააკავეს და ბრალად ედება 7 იანვარს თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა დაცვის მხარეც. როგორც გაჩეჩილაძის ადვოკატი პროცესის დაწყებამდე ამბობდა, ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება  უნდა ყოფილიყო გამოყენებული. უკიდურეს შემთხვევაში კი დაცვის მხარე 1000-ლარიანი გირაოს გადახდაზე იქნებოდა თანახმა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ ამ მუხლით გამოძიების დაწყება არაადეკვატურია.

დანაშაულის კვალიფიკაციაზე დავა

საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი გულისხმობს ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. ხოლო 120-ე მუხლი გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას [ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა გამოიწვია] და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ მის მიმართ ჩადენილი დანაშაულის ამ მუხლით დაკვალიფიცირება არაადეკვატურია:

“თუ ჩემ წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს მოტივი არ ჰქონდა, მაშინ ჯგუფური ხულიგნობაა (239.2.ა). თუ მოტივი ჩემი პოლიტიკური და საზოგადოებრივი საქმიანობაა, მაშინ სიძულვილის დანაშაულია და დევნა ძალის გამოყენებით”, – მიაჩნია გვარამიას.

გვარამია და მისი ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი იმ გარემოებაზე მიუთითებენ, რომ რატი გაჩეჩილაძემ თვითონვე დაწერა დანაშაულის მოტივის შესახებ.

რატი გაჩეჩილაძემ 7 იანვარსვე სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა “აღიარება”, რომ ეს დანაშაული მან ჩაიდინა და მოტივი ასე ახსნა: ” შემთხვევა, რომელიც რესტორან Dinning room- ში მოხდა იყო ჩემი რეაქცია იმ ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე, რომელიც მე და ჩემმა ოჯახმა განვიცადეთ განვლილი წლების განმავლობაში გვარამიას და არა მხოლოდ მისგან”.

რატი გაჩეჩილაძეს ამ პოსტში, სავარაუდოდ, მხედველობაში ჰქონდა რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს. თავად ბრალდებული ლევან გაჩეჩილაძის შვილია, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატი იყო 2008 წელს და გახლავთ “ახალი მემარჯვენეების” დამფუძნებელი, თუმცა მან ეს პარტია მოგვიანებით დატოვა.

სწორედ ამ გარემოებაზე დაყრდნობით გვარამიას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ 126-ე მუხლით ამ ქმედების დაკვალიფიცირება “შეიძლება მიზნად ისახავდეს მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ მსუბუქი სასჯელი იქნეს გამოყენებული დამნაშავის მიმართ და, შესაბამისად, მას არ დაეკისროს პასუხისმგებლობა კანონის გათვალისწინებული წესით“.

 

ავტორი