საიას ანგარიში " სისხლის სამართის სასმართლო პროცესების მონიტორინგი თბილისისა და ქუთაისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში"

რამდენად მიუწვდებათ მოწყვლად ჯგუფებს ხელი სასამართლოზე? – საიას ანგარიში

საიას მიერ ჩატარებული სასამართლო პროცესების 6-თვიანი მონიტორინგის შედეგების თანახმად, კვლავ პრობლემურია ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელები, ასევე, მოსამართლეთა, პროკურორთა და ადვოკატთა მხრიდან, ზოგიერთ შემთხვევაში, იყო სტერეოტიპული, სტიგმის გამომხატველი ქცევა მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით.

“ზოგჯერ სასამართლოები დაუსაბუთებლად ლმობიერ აღკვეთის ღონისძიებებს უფარდებენ ბრალდებულებს. ასვეე პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობის საკითხი დამით მოსამართლეები პოტეცნციურ საფრთხეს უქმნიან ძალადობის მსხვერპლი ქალების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას,”- ამბობს საიას იურისტი, ანგარიშის ავტორი გოგა ხატიაშვილი.

მონიტორინგი საიამ 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა და სულ 886 სასამართლო სხდომას დაესწრო. საიას განცხადებით, ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა განახლებული მეთოდოლოგიით, რომელიც მოწყვლადი ჯგუფების (ქალები, შშმ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები, ლგბტ თემის წარმომადგენლები და ა.შ) მიმართ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის შეფასებას გულისხმობს.

ანგარიშში შესულია კონკრეტული მაგალითები, საიდანაც მოჩანს, რომ ზოგიერთ შემთხვევაში მოსამართლე, პროკურორი და ადვოკატი არაეთიკურად იქცეოდნენ, ან სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ავლენდნენ.

“თუმცა პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს ის გარემოება, რომ მონიტორინგის დროს დაფიქსირებულ რამდენიმე შემთხვევაში მოსამართლემ შენიშვნა მისცა პროცესის მონაწილე მხარეს ბრალდებულისა და მისი უფლებების მიმართ ასეთი დამოკიდებულების გამო,”- აცხადებს საია.

საიას ანგარიშის თანახმად, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეზე შეფარდებული გირაოს 10 შემთხვევიდან 2 (20%) იყო დაუსაბუთებლად ლმობიერი, ასევე, არაგონივრული იყო ერთ შემთხვევევაში გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ შეთანხმების გამოყენება.

“პირს ბრალად ედებოდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მიმართ ძალადობაში. კერძოდ, პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა მეუღლეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ურტყამდა 15-20 წუთის განმავლობაში, რამაც ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება გამოიწვია. როგორც სასამართლო პროცესიდან გაირკვა, ასეთი ძალადობა არ ყოფილია პირველი შემთხვევა, გამოიცა შემაკავებელი ორდერიც. თუმცა ორდერის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ ბრალდებულმა კვლავ განაგრძო დანაშაულბრივი საქმიანობა. გაირკვა ისიც, რომ ბრალდებულს ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ უჭირდა ქცევის  გაკონტროლება. ბრალდების მხარემ მოითხოვა პატიმრობის გამოყენება და საკმაოდ კარგად გაამყარა თავისი შუამდგომლობა. ამ ყველაფრის მიუხედავად, მოსამართლემ ბრალდებულს გირაო შეუფარდა 3 000 ლარის ოდენობით, რომელსაც, მოცემულ შემთხვევაში, არ ექნებოდა შემაკავებელი ეფექტი. არსებობდა იმის მყარი საფუძველი, რომ ბრალდებული კვლავ გააგრძელებდა ძალადობას, ვინაიდან ეს არ იყო პირველი შემთხვევა და შემაკავებელი ორდერის გამოცემაც ადასტურებს, რომ მას სისტემატური ხასიათი ჰქონდა,”– ვკითხულობთ საიას ანგარიშში.

ანგარიშის თანახამდ, უმეტეს შემთხვევაში, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეებზე, მაგრამ, პრობლემურია სასჯელის ადეკვატურობა – 22 გამამტყუნებელი განაჩენიდან 8 (36%) შემთხვევაში ბრალდებულებს შეეფარდათ მხოლოდ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, 8 (36%) შემთხვევაში დაეკისრათ თავისუფლების აღკვეთა, თუმცა დაუდგინდათ პირობითი მსჯავრი და მიეცათ გამოსაცდელი ვადა,  ხოლო 22-დან მხოლოდ 6 (27%) შემთხვევაში ბრალდებულებს შეეფარდათ რეალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით.

მაგალითად, საია გვთავაზობს მოსამართლის განმარტებას ერთ-ერთ საქმეზე, სადაც ბრალდებულის მიმართ პირობითი მსჯავრი და 1000 ლარის ოდენობით ჯარიმა გამოიყენა:

“ძალიან ბევრი ვიფიქრე, ვაპირებდი თავისუფლების აღკვეთის გამოყენებას, რეალური სასჯელის დანიშვას, თუმცა, ერთადერი ფაქტორი, რატომაც თავი შევიკავე აღნიშნულისგან, იყო ის, რომ როგორც თქვენ [ბრალდებულმა] თქვით, მეუღლესთან აღარ ცხოვრობთ და დანაშაულის განმეორების საფრთხე არის შემცირებული”

საია აცხადებს, რომ გაუგებარია მოსამართლის ასეთი განმარტება, რადგან ფაქტი, რომ მოსამართლე და ბრალდებული ერთად აღარ ცხოვრობენ, არ ამცირებს ძალადობის განმეორების რისკებს.

“ხშირად მოძალადისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენა, მიუხედავად მათი ცალ-ცალკე ცხოვრებისა,”- აცხადებს საია.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ამ საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა მხოლოდ ერთი შემთხვევა, როდესაც ბრალდების მხარემ ისაუბრა დისკრიმინაციულ მოტივზე. მაგრამ რამდენიმე საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე საიას დამკვირვებლებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ ძალადობას, თუმცა პროკურორებს ამაზე არ უსაუბრიათ:

“სხდომაზე ბრადებულმა დაზარალებულის მისამართით აღნიშნა: “იმ ადამიანის [დაზარალებული იგულისხმა] ენის ტლიკინს ვერ ვიტან, რომ დამიპირისპირდება. არაა საჭირო ბევრი ლაქლაქი. როცა ნასვამია, შეიძლება გაერიდო, ან გამოერიდო. ხომ არ შეიძლება, ისეთი რამ უთხრა, რაც არ არის საჭირო.”

აგრეთვე, ოჯახში დანაშაულის საქმის არსებითი განხილვის ერთ-ერთ სხდომაზე ადვოკატმა განაცხადა: “ბრალდებულს მეუღლემ დაურეკა და სთხოვა, შინ მისულიყო, მაგრამ ქალისგან ვერ მიიღო ეს ბრალდებულმა.”

მოწყვლად ჯგუფებთან მიმართებით, საიას ანგარიშის თანახმად, დაფიქსირდა მოსამართლის, პროკურორის ან ადვოკატის მხრიდან არაეთიკური, გენდერული სტერეოტიპის გამომხატველი ან სტიგმის შემცველი ქცევა.

“პროცესის მონაწილეების მხრიდან ასეთი დამოკიდებულება უკვე არის ბარიერი/დაბრკოლება მართლმსაჯულების ხელმისწავდომობის მიმართულებით მიუხედავად იმისა, თუ რა გავლენა მოახდინა ამან შედეგებზე,”- აცხადებს საია.

ანგარიშში ორგანიზაციას მოჰყავს მაგალითი, თუ როგორი სტერეოტიპული და სექტისტური დამოკიდებულება ჰქონდა მოსამართლეს ქალის მიმართ:

“ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც განიხილებოდა ქალის მიმართ განხორციელებული მუქარის საქმე, მოსამართლე დაინტერესდა ბრალდებულის წინა განქორწინების მიზეზით და დაუსვა კითხვა: “რა იყო განქორწინების მიზეზი? ცოლი ტრადიციულად ბევრს ითხოვდა და თქვენ არ გქონდათ საშუალება, თუ?…”

ასევე, ანგარიშში არის მაგალითი, თუ როგორ გამოამჟღავნა პროკურორმა ცინიკური დამოკიდებულება ქალის რეპროდუქციული როლის მიმართ:

“პროკურორი: “რამდენი შვილი გყავს?”

ბრალდებული: ექვსი შვილი მყავს, პატარები.”

პროკურორი: “არ აპირებ კიდევ გაჩენას? არ უნდა გაჩერდე ექვს შვილზე”.”

ანგარიშში ასევე შევიდა მაგალითი, სადაც ჩანს ადვოკატის არაეთიკური დამოკიდებულება უცხოენოვანი ბრალდებულის მიმართ:

“ბრალდებულს ჰყავდა რუსული ენის თარჯიმანი. პროცესზე ბრალდებულს სურდა რაღაცის თქმა მოსამართლისთვის, მაგრამ მისი ადვოკატი აჩუმებდა: “გაჩუმდი, ადამიანი არ ხარ?!… ხელს გვიშლი და გაჩუმდი”. თარჯიმანიც და ბრალდებულიც გაჩუმდნენ. მოგვიანებით, პროკურორმა განაცხადა, რომ ბრალდებულის თქმით, მამამისს ჰქონდა უძრავი ქონება და  შეძლებდა გირაოს გადახდას. აღნიშნულმა ადვოკატის უკმაყოფილება გამოიწვია და ბრალდებულს მიმართა: “ხომ გეუბნებოდი, გაჩუმდი, აი, შედეგიც”. ბოლოს მოსამართლემ ჰკითხა ბრალდებულს, ეთანხმებოდა თუ არა ადვოკატს, რაზეც ბრალდებულმა თავი დაუქნია. ამაზეც შენიშვნა მისცა ადვოკატმა და უთხრა: “თავს ნუ იქნევ, ხმა ამოიღე”.”


 

მოცემული ანგარიშის ფარგლებში, 2016 წლის თებერვლიდან ივლისის ჩათვლით პერიოდში საიამ 886 სასამართლო სხდომის მონიტორინგი განახორციელა. მათ შორისაა:

• 250 პირველი წარდგენის სხდომა. აქედან 17 სხდომა ეხებოდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეს;

• 146  წინასასამართლო სხდომა;

• 111  საპროცესო შეთანხმების სხდომა;

• 339  არსებითი განხილვის სხდომა. აქედან 66 სხდომა ეხებოდა ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის საქმეს;

• 6 ნაფიცი მსაჯულების შერჩევის სხდომა და 16 _ ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის არსებითი განხილვის სხდომა;

• 18  სააპელაციო განხილვის სხდომა.

886 სხდომიდან 574 თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოში ჩატარდა, 312 კი _ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ავტორი