სამართალი

უწყებათაშორისი კომისია სკოლის დირექტორის დათხოვნის რეკომენდაციას იძლევა

14 სექტემბერი, 2012 • 1537
უწყებათაშორისი კომისია სკოლის დირექტორის დათხოვნის რეკომენდაციას იძლევა

უწყებათაშორისს კომისიას კოალიცია „ქართული ოცნების“ რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიმართა და მოითხოვა შეესწავლა საკითხი იმის შესახებ, თუ რამდენად თანაბარი პირობებია უზრუნველყოფილი  მაჟორიტარობის კანდიდატებისათვის ქალაქ რუსთავში სხვადასხვა საჯარო ადგილების, მათ შორის სკოლებისა და საავადმყოფოების, საარჩევნო მიზნებით ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

 

უწყებათაშორისმა კომისიამ საკითხის შესწავლის შედეგად გაარკვია, რომ 5 სექტემბერს ქალაქ რუსთავის მე-20 საჯარო სკოლაში “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატს, მამუკა ჩიქოვანს სკოლის პედაგოგებთან შეხვედრის შესაძლებლობა მიეცა, ხოლო 10 სექტემბერს ანალოგიური შეხვედრის მოთხოვნით სკოლის ადმინისტრაციას კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა მიმართა, თუმცა აღნიშნულ მოთხოვნაზე ამ უკანასკნელს არც დადებითი არც უარყოფითი პასუხი მიუღია. 

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში სახეზეა საარჩევნო კოდექსის 48-ე მუხლის I ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმის დარღვევა. სახელდობრ, კანონის აღნიშნული ნორმა რომელიმე საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ სახელმწიფო და ადგილობრივი, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანოების მიერ დაკავებული შენობების გამოყენებას იმ შემთხვევაში კრძალავს,  თუ სხვა საარჩევნო სუბიექტებს იმავე ან ანალოგიური დანიშნულების შენობების იდენტური პირობებით გამოყენების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

 

“უწყებათაშორისი კომისიისათვის ცნობილია რამდენიმე ადრეული შემთხვევა, როდესაც სკოლების ადმინისტრაციებმა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს  სასწავლო დაწესებულების ტერიტორიაზე საარჩევნო აგიტაციის წარმოებაზე უარი უთხრეს, რაც სკოლის, როგორც ავტონომიური ერთეულის ლეგიტიმური უფლებაა. თუმცა, აღნიშნულ შემთხვევაში დარღვეულია ადმინისტრაციული რესურსის თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპი, რაც წინასაარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის უპირატესი პირობების შექმნაში გამოიხატა. აღნიშნულის გათვალისწინებით, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისმა კომისიამ რეკომენდაციით მიმართა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, კანონით დადგენილი პროცედურების გათვალისწინებით, თანამდებობიდან გადააყენოს ქალაქ რუსთავის მე-20 საჯარო სკოლის დირექტორი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც უწყებათაშორისი კომისია ავრცელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი