სამართალი

შოთაძე განმარტავს, რატომ მოითხოვს პროკურატურა გვიჩიანის და ჩემიას განაჩენების გადასინჯვას

28 ნოემბერი, 2016 • 1445
შოთაძე განმარტავს, რატომ მოითხოვს პროკურატურა გვიჩიანის და ჩემიას განაჩენების გადასინჯვას

“ეი ეს თელასის” დირექტორის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების, გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეების გადასინჯვის მოთხოვნით პროკურატურამ სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ 28 ნოემბერს,  საპროკურორო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში განუცხადა.

“ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე ჩატარდა ახალი გამოძიება. ამ გამოძიების ფარგლებში ჩატარდა ათეულობით საგამოძებო მოქმედება, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარებული იქნა ახალი ექსპერტიზები, მოპოვებული იქნა სხვა ახალი მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც პროკურატურა მივიდა დასკვნამდე, რომ კონკრეტულ პირებზე შეიძლება ბრალად შერაცხული დანაშაული, რომელზეც განაჩენები არის დამდგარი, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. სწორედ ამიტომ, საქართველოს პროკურატურამ საპროცესო კოდექსში განხორციელებული შესაბამისი ცვლილების საფუძველზე, მიმართა სასამართლოს, რომ გადაისინჯოს აღნიშნულლი განაჩენები. პროკურატურა წარადგენს იმ ახალ მტკიცებულებებს, რომლებიც მოიპოვა ამ გამოძიების ფარგლებში… თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ახალი მტკიცებულებებით ბათილდება ის მტკიცებულებები, რომლებსაც ეფუძნებოდა ძველი განაჩენი, რა თქმა უნდა, გააუქმებს ახალ განაჩენს,”- განაცხადა მან.

ჟურნალისტების კითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ახლანდელი მთავარი პროკურორი წლების წინ თავად იყო ჩართული ჩემიასა და გვიჩიანის მიმართ ბრალის წაყენებაში, შოთაძე პასუხობს, რომ უშუალოდ მას გამოძიებასთან შემხებლობა არ ჰქონდა.

“მაშინდელ გამოძიებაში იყო ხარვეზები. მაგრამ მე იმ შემთხვევაში გამოძიებასთან არანაირი შემხებლობა არ მქონია. ვმონაწილეობდი არსებით განხილვაზე, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით ვახორციელებდი სახელმწიფო ბრალდებას, რომელიც მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა გამოძიების ეტაპზე. ამ მტკიცებულებების საფუძველზე დადგა გამამტყუნებელი განაჩენი. დღეს ის პრეტენზიები, რაც ისმოდა გამოძიების მიმართ, ჩატარდა ახალი, სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება, მოპოვებული იქნა ახალი მტკიცებულებები და ახლა ახალი მტკიცებულებები წარედგინა სასამართლოს,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ეი-ეს თელასის მენეჯერი, ნიკა ლომინაძე  2002 წელს მოკლეს. საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ ეი-ეს თელასის ფინანსური მენეჯერი გიორგი გვიჩიანი, როგორც მკვლელობის შემკვეთი, ნოდარ გვიჩიანი, როგორც შუამავალი შემკვეთს და შემსრულებლებს შორის, და ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი, როგორც მკვლელობის უშუალო ჩამდენი. ნოდარ გვიჩიანს ამ საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მოეხსნა პასუხისმგებლობა. სასამართლომ ხერკელაძეს მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, პაპაჩაშვილს- 5 წელი პირობითი მსჯავრი. ნიკა ჩემიას და გიორგი გვიჩიანს – უვადო თავისუფლების აღკვეთა.

2014 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ გვიჩიანსა და ჩემიას უვადო პატიმრობა 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთამდე შეუმცირა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი