სამართალი

დაუკმაყოფილებელი საჩივრები და ხარვეზები – საიას საარჩევნო დავების მონიტორინგის შედეგები

25 ნოემბერი, 2016 • 2581
დაუკმაყოფილებელი საჩივრები და ხარვეზები – საიას საარჩევნო დავების მონიტორინგის შედეგები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საარჩევნო დავების განხილვისას საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტებისა და საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია გამოვლინდა.

როგორც 8 ოქტომბრის საპრლამენტო არჩევნების, ასევე 30 ოქტომბრის მეორე ტურებში საიამ საოლქო საარჩევნო კომისიაში, ჯამში, 500-ზე მეტი საჩივარი წარადგინა.

საიას მონიტორინგის შედეგები

საიას მონიტორინგის შედეგები

პირველი ტურის დროს საიამ საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 443 ფაქტთან დაკავშირებით წარადგინა, პირველი ინსტანციის სასამართლოში – სარჩელები 39 დარღვევასთან დაკავშირებით და მეორე ინსტანციის სასამართლოში – სააპელაციო საჩივრები 27 დარღვევასთან დაკავშირებით.

საიას მონიტორინგის შედეგები

საიას მონიტორინგის შედეგები

მეორე ტურის დროს საოლქო საარჩევნო კომისიებში წარადგინეს საჩივრები საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის 79 ფაქტთან დაკავშირებით- 3 სარჩელი პირველი ინსტანციის და 3 სააპელაციო საჩივარი მეორე ინსტანციის სასამართლოში.

რაც შეეხება სასამართლოებს,  8 ოქტომბრის არჩევნებზე პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი 39 სარჩელიდან მხოლოდ 2 დაკმაყოფილდა სრულად, ხოლო 2 – ნაწილობრივ. მეორე ტურის არჩევნებთან დაკავშირებით საიამ პირველ ინსტანციაში სამი საჩივარი წარადგინა, საიდანაც არც ერთი არ დაუკმაყოფილებიათ.

საიას მონიტორინგის შედეგები

საიას მონიტორინგის შედეგები

რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოებს, საია მიერ წარდგენილი 27 საჩივრიდან არც ერთი არ დააკმაყოფილეს.

საიას მონიტორინგის შედეგები

საიას მონიტორინგის შედეგები

საიას შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში:

• რიგ შემთხვევებში, საუბნო კომისიის წევრების კვალიფიკაციის დაბალი დონე და საქმისადმი არაპროფესიული მიდგომა გამოვლინდა;

• საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს ყველაზე მეტად კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შევსება და ბალანსის გამოყვანა გაუჭირდათ.

 

საოლქო საარჩევნო კომისიები

საიას შეფასებით, საოლქო კომისიებში გამოვლინდა საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია, საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტების პრაქტიკა და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები:

საჩივრების დაუკმაყოფილებლობის ტენდენცია – საიას ანგარიშის თანახმად, მიუხედავად დარღვევის ხასიათისა, რიგ შემთხვევებში, საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად არ აკმაყოფილებდა საჩივრებს და ხშირად მხოლოდ დისციპლინურ პასუხისმგებლობას უფარდებდა კომისიის წევრებს. მათივე თქმით, საარჩევნო კომისიები, საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად, ეყრდნობოდნენ მოსაზრებას, რომ „დარღვევა არ წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, დარღვევას არ მოუხდენია გავლენა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და კენჭისყრის დღისა და არჩევნების შედეგებზე”. საიას ცნობით, მსგავსი ფაქტები განსაკუთრებით ხშირი იყო საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების ბათილობისა და კენჭისყრის შედეგების გადათვლის მოთხოვნის ნაწილში.

პროაქტიულად საჩივრების განხილვის მცირე შემთხვევები – საიას მონიტორინგის თანახმად, საოლქო კომისიები იშვიათ შემთხვევაში იჩენდნენ ინიციატივას, დაინტერესებულ პირთა საჩივრის არსებობის გარეშე, პროაქტიულად შეესწავლათ შესაძლო დარღვევები და მოეხდინათ შესაბამისი რეაგირება.

საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტების ტენდენცია – საიას ანაგარიშის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები ვიწროდ განმარტავდნენ საარჩევნო კანონმდებლობის ცალკეულ მუხლებს, რათა მაქსიმალურად თავიდან აერიდებინათ საჩივრები. კერძოდ, ანგარიშში წერია, რომ საოლქო საარჩევნო კომისია არ აკმაყოფილებდა საჩივრებს, რომლებიც შეეხებოდა შემაჯამებელი ოქმებისა თუ მისი ცალკეული მონაცემების სისწორეს იმ არგუმენტით, რომ მსგავსი ტიპის საჩივრები არ დაწერილა უბნებზე ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების ეტაპზე, რამაც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრების პროცედურის არსებობა.

ახსნა-განმარტების არასწორი პრაქტიკა – საიას განცხადებით, ასევე გამოიკვეთა ტენდენცია, რომ, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან მათი მოვალეობის არაჯეროვან შესრულებას ან ბრალეულ შეუსრულებლობას, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები წერდნენ ახსნა-განმარტებებს. ამას ისინი ხშირად აკეთებდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების მითითებით, რითაც ცდილობდნენ, გაემართლებინათ დარღვევები, მათ შორის, უხეში გადაცდომებიც, როგორიცაა, მაგალითად, დისბალანსი საუბნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში. საია აცხადებს, რომ ახსნა-განმარტების მასობრივად შედგენით მკვიდრდება მანკიერი პრაქტიკა, რაც პრობლემურია არა მხოლოდ პროცესის სამართლიანობის, არამედ საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობისა და იმიჯისთვისაც.

ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზები – საიას ანგარიშის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიები საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების დაცვით არ ატარებდნენ ადმინისტრაციულ წარმოებას. მაგალითად, საიას ცნობით, არ იბარებდნენ საჩივრის ავტორებს საჩივრის განხილვაზე, არ ახდენდნენ სხდომის მიმდინარეობისას ოქმების შედგენას, არ ასაბუთებდნენ მიღებულ განკარგულებებს (მაგალითად, ვაკის, საბურთალოს, ქუთაისის, სამგორის, ისნის, ჩუღურეთის, ახმეტის ოლქები). საოლქო საარჩევნო კომისიები, ცალკეული შემთხვევების გარდა, არ იყვნენ მოწოდებულნი, დეტალურად შეესწავლათ საიას მიერ წარდგენილი საჩივრები, მოეხდინათ საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და მტკიცებულებათა ჯეროვანი შესწავლა/შეფასება.

 

ცენტრალური საარჩევნო კომისია:

საიას განცხადებით, 8 ოქტომბერს ცესკომ ვერ უზრუნველყო უბნებიდან შემოსული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლების დაუყოვნებლივი განთავსება ცესკოს ვებგვერდზე, რითაც დაირღვა საარჩევნო კოდექსის 76-ე მუხლის მე-4 და მე-8 პუნქტების მოთხოვნები. საია აქვე ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი აღარ ჰქონია 30 ოქტომბერს, მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რასაც პოზიტიურად აფასებს.

 

სასამართლოები:

  • საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროდ განმარტება – საიას ანგარიშის თანახმად, გამოვლინდა რიგი შემთხვევები, როდესაც სასამართლოები, საარჩევნო ადმინისტრაციის მსგავსად, ძალიან ვიწროდ განმარტავდნენ საარჩევნო კანონმდებლობის ჩანაწერებს. საია წერს, რომ რჩებოდა შთაბეჭდილება,  ასეთი მიდგომა მიზნად ისახავდა არა საქმეზე მართლმსაჯულების დადგენას, არამედ საჩივრების თავიდან არიდებას.
  • საჩივრების დაუკმაყოფილებლობა – საიას განცხადებითვე, რიგ შემთხვევებში, სასამართლოები არ აკმაყოფილებდნენ საჩივრებს, მათ შორის, უხეში დარღვევის არსებობისას. ანგარიშის თანახამდ, არგუმენტაცია, რომელსაც სასამართლოები ეყრდნობოდნენ, მდგომარეობდა იმაში, რომ მათი მოსაზრებით, „დარღვევა არ წარმოადგენდა საარჩევნო კანონმდებლობის უხეშ დარღვევას, დარღვევას არ მოუხდენია გავლენა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და კენჭისყრის დღისა და არჩევნების შედეგებზე.“

 

მასალების გადაბეჭდვის წესი