სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაცვა საჯარო ინტერესის წინააღმდეგ

თუ სასამართლოსგან საჯარო ინფორმაციას გამოითხოვთ, თუნდაც გახმაურებულ საქმეებზე, რომელთა მიმართ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, გიპასუხებენ, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის მოტივით ვერ მოგაწვდიან მოთხოვილ ინფორმაციას. რატომ ამკვიდრებს სასამართლო ამ პრაქტიკას და არის თუ არა ეს კანონიერი? – ამ საკითხებზე იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში “ნეტგაზეთის” შეკითხვებს არ უპასუხეს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თბილისის საქალაქო სასამართლოდან ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეებზე მიღებული გადაწყვეტილებები გამოითხოვა. IDFI-მ სასამართლოდან უარის წერილი მიიღო.

წერილში ნათქვამია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად, მხარეთა წერილობითი თანხმობის გარეშე ორგანიზაციას განაჩენების ასლებს ვერ მიაწოდებდნენ.

დღეს საქართველოში სასჯელს არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი: ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, გიგი უგულავა და ა.შ. იხდის. სტრასბურგის სასამართლოს ვებ-ვერდზე ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია საჯაროდ არის ხელმისაწვდომი. თუმცა, IDFI-ის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ეს ინფორმაცია არ გასცა.

როგორც IDFI წერს, კანონმდებლობის ირიბი მოთხოვნის თანახმად, საზოგადოებამ არ უნდა იცოდეს, რა არგუმენტაციას ემყარება მათ წინააღმდეგ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები.

წერილი, რომელიც სასამართლომ IDFI-ის გაუგზავნა

წერილი, რომელიც სასამართლომ IDFI-ის გაუგზავნა

“პერსონალური მონაცემების დაცვას, ფაქტობრივად, აბსოლუტური უპირატესობა ენიჭება გამოხატვის თავისუფლებასთან და სასამართლოს გამჭვირვალობასთან მიმართებით,”- წერს IDFI.

გამომძიებელი ჟურნალისტი, სტუდია “მონიტორის” დამფუძნებელი ნინო ზურიაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, რომ სასამართლოს მიერ პერსონალური მონაცემების დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა შევადაროთ, თუ რა დევს სასწორის მეორე მხარეს:

“თუ სასწორის მეორე მხარეს დევს სასამართლოს გამჭვირვალობა, განაჩენების კრიტიკა, განაჩენებზე და გადაწყვეტილებებზე საზოგადოების ზედამხედველობა, იმ განაჩენებზე, რომლებიც გამოდის იმ სასამართლოში, რომელსაც აქვს ძალიან დაბალი ნდობა, რომელიც საზოგადოების მიერ აღქმულია, როგორც პოლიტიკური სასამართლო, ამ სასამართლოში გამოტანილი განაჩენების დახურვა იმიტომ, რომ პირადი მონაცემები დაიცვა, არის აბსოლუტური აბსურდი… ისინი თითქოს იცავენ ადამიანების პერსონალურ მონაცმებს და ამით იცავენ სისტემას, რომელიც არღვევს ამავე ადამიანების სამართლიანი სასამართლოს უფლებას. წავიდნენ და ჰკითხონ ადამიანებს, რა უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, სასამართლოს წინაშე რომ აღმოჩნდება: სამართლიანი სასამართლოს უფლება, თუ პერსონალური მონაცემები?!”- ამბობს ნინო ზურიაშვილი.

სასამართლოდან ინფორმაციის მიღების პრობლემა ასევე შეექმნათ EMC-ის იურისტებს. როგორც სოფო ვერძეულმა ნეტგაზეთს განუცხადა, სასამართლომ მათ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების განმხილველი მოსამართლეების სია არ მიაწოდა. ვერძეულის თქმით, საქმეებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გართულდა.

“ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს და ვთხოვეთ მერაბიშვილის, გიგი უგულავას, კაბელების საქმესა და სხვა გახმაურებულ საქმეებზე განმხილველი მოსამართლეების სიის გადმოცემა. ვითხოვდით მხოლოდ მოსამართლეების სიას, რაც, ცხადია, არ არის იმ ტიპის ინფორმაცია, რომლის მოწოდებაზე პერსონალური მონაცმეების დაცვის მოტივით უარის თქმა იყოს შესაძლებელი. თუმცა მაინც ნახა სასამართლომ არგუმენტი, რომლითაც უარი გვითხრა ამ ინფორმაციის მოწოდებაზე და გვითხრა, რომ თუკი ისინი მოგვაწოდებდნენ მოსამართლეების სიას, ისინი ირიბად დაადასტურებდნენ, რომ ამ ადამიანების საქმე ნამდვილად იხილებოდა სასამართლოში, რაც იქნებოდა მათი ნასამართლეობის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნება,”- განაცხადა სოფო ვერძეულმა. 

მისივე თქმით, შეუძლიათ, სასამართლოდან მიღებული უარი გაასაჩივრონ, თუმცა პრობლემა არის ის, რომ ასეთი დავები ძალიან დიდხანს გრძელდება. ვერძეულის თქმით, ასევე აქვთ დავა თბილისის საქალაქო სასამართლოდან 2014 წელს მიღებულ უართან დაკავშირებით, თუმცა ეს დავა დღემდე არ დასრულებულა.

ნეტგაზეთი სასამართლოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის არსებულ პრაქტიკაზე კითხვების დასასმელად უზენაეს სასამართლოს დაუკავშირდა, საიდანაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაგავამისამართეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში განგვიცხადეს, რომ საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე თავს ცუდად გრძნობდა და კომენტარს ვერ გააკეთებდა.

ასევე მივმართეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატსაც, სადაც განაცხადეს, რომ ამ საკითხზე საუბარი მათი კომპეტენცია არ იყო.

როგორ არეგულირებს კანონმდებლობა სასამართლოდან განაჩენების და განჩინებების გაცემის წესს?

პერსონალური მონაცემი არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირს უკავშირდება, მათ შორის, სახელი, გვარი და ინფორმაცია ნასამართლეობის შესახებ. როგორც IDFI აცხადებს, გადაწყვეტილების მოთხოვნის შემთხვევაში, სასამართლოს შეუძლია დაფაროს (დაშიფროს) პერსონალური მონაცემი, თუმცა ამ მოქმედებას აზრი ეკარგება, როდესაც მოთხოვნილია ინდივიდუალური საქმე და წინასწარ არის ცნობილი, ვინ არის ამ საქმის მონაწილე პირი.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ სასამართლოდან განაჩენებს იღებენ ისეთი სახით, სადაც დაშიფრულია პერსონალური მონაცემები. საიაში მიიჩევენ, რომ ისეთი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიმართაც საჯარო ინტერსი არ არის, პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის თანახმად,  მართლაც დაშტრიხული უნდა იყოს.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, საჯარო თანამდებობის პირების პერსონალური ინფორმაცია უნდა იყოს საჯარო და, შესაბამისად, მათ მიმართ სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილებები ღია უნდა იყოს. თუმცა საიას იურისტის, ნინო ცუხიშვილის განმარტებით, ეს ნორმა არ ვრცელდება ყოფილ მაღალჩინოსნებზე.

“თვითონ პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმა უფრო დაბალი სტანდარტი დააწესა ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან შედარებით და თქვა, რომ ნასამართლეობასთან დაკავშირებული ინფორმაცია არის განსაკუთრებული კატეგორიის ინფორმაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ინფორმაცია გაიცემა მხოლოდ პირის თანხმობით. საჯარო ინტერესის წესი ამ შემთხვევაში არ ვრცელდება, რაც მიგვაჩნია, რომ არ არის შესაბამისობაში ზოგადი ადმინისტრაციული დადგენილი საჯარო ინფორმაციის სტანდარტებთან,”- განაცხადა საიას იურისტმა.

ნინო ცუხიშვილის თქმითვე, საიას რეკომენდაციით, ეს ჩანაწერი ასევე უნდა გავრცელდეს ყოფილი თანამდებობის პირებზეც, თუ ეს დავები და მათი ნასამართლეობა ეხება მათ მიერ სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებას.

“შეთავაზება გვაქვს როგორც პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორთან, ასევე პარლამენტთან, რომ ის მუხლი, რომელიც ნასამართლეობას განსაკუთრებულ კატეგორიად აღიარებს, აქ გამონაკლისად იქნეს დაშვებული მოქმედ, ყოფილ და ასევე თანამდებობის კანდიდატებზე. ასევე, სადაც არ არის თანამდებობის პირები, მაგრამ არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი ამ  კონკრეტული საქმის მიმართ, ასეთ შემთხვევაშიც, ეს ინფორმაცია უნდა გაიცეს სასამართლოს მიერ,”- განაცხადა საიას იურისტმა ნინო ცუხიშვილმა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი