სამართალი

დანიის მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

27 ივნისი, 2012 • 2461
დანიის მოქალაქე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „დანიის მოქალაქე ჰეიკე ქრონქვისტი საქართველოსპარლამენტის წინააღმდეგ“.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და ძალადაკარგულად გამოაცხადა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის რიგი ნორმები, რომელთა თანახმადაც, სხვა ქვეყნის მოქალაქე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრე შეიძლება იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან იგი მემკვიდრეობით მიიღო, ან მართლზომიერად ფლობდა მას როგორც საქართველოს მოქალაქე. ამასთანავე, უცხოელი ვალდებული იყო, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების წარმოშობიდან 6 თვის ვადაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი გაესხვისებინა საქართველოს მოქალაქეზე ან/დასაქართველოს იურიდიულ პირზე.

 

მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმებით ხდებოდა მისი საკუთრების შეძენისა და მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების შეზღუდვა. მოსარჩელე ასევე თვლიდა, რომ, ვინაიდან კანონის სადავო ნორმები სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით მას აყენებდა საქართველოს მოქალაქისგან განსხვავებულ, არახელსაყრელ მდგომარეობაში, იგი ასევე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციის 47-ე მუხლის პირველ პუნქტს.

 

საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებების ერთ-ერთ მახასიათებელს მათი უნივერსალური ბუნება წარმოადგენს, ის არ არის დამოკიდებული მოქალაქეობაზე და თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე.

 

ადამიანის უფლებათა კონცეფცია ემსახურება უმთავრესი იმპერატივის, ადამიანის ღირსების დაცვას, რომელიც აისახება კიდეც აღნიშნულ უფლებებში. ინდივიდის განხილვა საკუთრების უფლების სუბიექტად უკავშირდება იმ უბრალო ფაქტს, რომ იგი ადამიანია და არ არის დამოკიდებული მის მოქალაქეობრივ კუთვნილებაზე. უცხოელისათვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენის აკრძალვა წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დაცული მისი საკუთრების შეძენის უფლების შეზღუდვას და, ამასთანავე, აღნიშნული აკრძალვით ვერ მიიღწევა მოპასუხის მიერ დასახელებული მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესები. შესაბამისად, ირღვევა გონივრული ბალანსი კერძო და საჯარო ინტერესებს შორის და სადავო ნორმით დადგენილი შეზღუდვა არის არაპროპორციული, სცდება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2პუნქტით განსაზღვრულ პირის უფლების შეზღუდვის დასაშვებ ფარგლებს და ეწინააღმდეგება (არღვევს) მას.

 

უცხოელის მიერ მემკვიდრეობის გზით მიღებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების ვალდებულებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულება, პროპორციულობის თვალსაზრისით, ფაქტობრივად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების შეძენის აკრძალვის იდენტურ შესაფასებელ მოცემულობას წარმოადგენს. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნული შეზღუდვაც არაკონსტიტუციურად ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი