ემუქრება თუ არა შაშკინს გასამართლება

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” იურისტი მიხეილ ღოღაძე მიიჩნევს, რომ მაია მიმინოშვილის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელიც 600 ატესტატის გაყალბებას ეხება, გამოძიება უნდა დაიწყოს. იურისტის აზრით, ამ განცხადებაში  სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

 

მიხეილ ღოღაძის თქმით, პრესით გავრცელებული განცხადება საკმარისი საფუძველია ქართული კანონმდებლობისთვის, რომ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება. მისი თქმით, პროკურატურამ უნდა დაადგინოს, ნამდვილად შეუწყო თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ყალბი ატესტატების გაცემას ხელი.

 

”თუ მიმინოშვილის ნათქვამი სიმართლეა და აღმოჩნდება, რომ თანამდებობის პირის, დიმიტრი შაშკინის ნებართვით გაიცა ყალბი ატესტატები, შეიძლება ვიმსჯელოთ, რომ აქ არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ან უფლებამოსილების გადამეტება,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” მიხეილ ღოღაძემ.

 

”ნეტგაზეთი” იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურში ეცადა მიეღო ინფორმაცია, დაიწყო თუ არა პროკურატურამ  გამოძიება მაია მიმინოშვილის განცხადების შემდეგ, თუმცა, რამდენიმესაათიანი მცდელობის მიუხედავად, სამინისტროსგან ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

 

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ შარშან, 2011 წელს, 600 ყალბი ატესტატი გასცა,“- ასეთი განცხადება გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაია მიმინოშვილმა ტელეკომპანია ”მაესტროსთან” საუბარში გუშინ, 29 მაისს გააკეთა.

 

მიმინოშვილის ბრალდებას სამინისტროდან დღეს უპასუხეს სპეციალური განცხადებით და ყალბი ატესტატების გაცემის ფაქტი კატეგორიულად უარყვეს.

 

სამინისტროს განცხადებით, სსიპ-გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის მიერ გაკეთებული განცხადება, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება:

 

”სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატები მიიღეს 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება”, – ნათქვამია განცხადებაში. მათი ინფორმაციით, პირველ კატეგორიაში ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მოსწავლეები შედიან, რადგან მათ სკოლის გამოსაშვები გამოცდები ვერ დაძლიეს. მეორე კატეგორიაში კი 14 განსაკუთრებით ნიჭიერი ქართველი მოსწავლე შევიდა, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ჩააბარეს.

 

”საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, სიყალბე არის ყალბი ინფორმაციის ან ჩანაწერის შეტანა ოფიციალურ დოკუმენტში, რასაც სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის გაცემისას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სრული ზოგადი განათლების ატესტატები, რომლებიც სამინისტროს მიერ გაიცა, არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ და შეიცავს კანონით განსაზღვრულ ყველა დამცავ მექანიზმს”, – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 

საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გოკა გაბაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ პარლამენტისთვის თავიდანვე ცნობილი იყო დიმიტრი შაშკინის ბრძანების შესახებ, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის სპეციალური სერიის ატესტატის გაცემას ითვალისწინებდა, რომლის საშუალებითაც ისინი სწავლის გაგრძელებას მხოლოდ საზღვარგარეთ შეძლებდნენ.

 

”თავის დროზე ჩვენ დავინტერესდით, ხომ არ იქნებოდა ეს იმდაგვარი დოკუმენტი, რომლითაც გამოცდაში ჩაჭრილი ადამიანები საგამოცდო სისტემის ავლით სწავლას გააგრძელებდნენ ქართულ უმაღლეს სასწავლებელში. ჩვენ სამინისტროსგან პასუხად მივიღეთ ახსნა-განმარტება, რომ ეს დოკუმენტი არ იძლევა საშუალებას არსებული სისტემის გვერდის ავლით საქართველოში სწავლის გაგრძელების. შესაბამისად, ეს დოკუმენტი კანონის დაცვით არის გამოცემული და გამონაკლისი დაშვებულია ეროვნული უმცირესობებისთვის. ჩვენ გვაქვს მთელი რიგი გამონაკლისებისა ეთნიკური უმცირესობებისთვის,” – განუცხადა გოკა გაბაშვილმა ”ნეტგაზეთს”.

 

კითხვაზე, თუ ეს ატესტატები გამონაკლისის სახით გაიცა გამოცდაში ჩაჭრილი მხოლოდ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, რატომ ისარგებლა ამით ეთნიკურად ქართველმა თოთხმეტმა მოსწავლემ, გაბაშვილი პასუხობს:

 

”ჩვენი მთავარი შეკითხვა სამინისტროსადმი იყო, ვინმე ხომ არ ისარგებლებდა ამ ტიპის დოკუმენტით საქართველოში სწავლის გასაგრძელებლად, რაც კანონით არის დაუშვებელი. ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ არსებობს გარანტია და სისტემაში არის ზუსტი აღრიცხვა იმისა, რომ ასეთი დოკუმენტით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ვერავინ დარეგისტრირდება. ეს არის შესაბამისი პასუხი,” – გვიპასუხა საქართველოს პარლამენტის წევრმა.

 

ნამდვილად გაიცა თუ არა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის ბრძანებით ყალბი ატესტატები, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს. თუმცა ამისთვის მინიმუმ გამოძიება უნდა დაიწყოს. ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ კი, ჯერჯერობით, ჩვენთვის ხელმიუწვდომელია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge