ჯულიან ასანჟის სააპელაციო სარჩელი არ დაკმაყოფილდა

ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის სააპელაციო სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

დიდი ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო ლონდონის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავდა, რომლის მიხედვითაც ჯულიან ასანჟს შვედეთში ექსტრადაცია მიუსაჯეს, სადაც მას სექსუალური სახის დანაშაულში ედება ბრალი.

7-დან 5-მა მოსამართლემ საქმის ასანჟის საწინააღმდეგოდ დასრულება გადაწყვიტა.

ახლა ასანჟის ადვოკატებს 14 დღე აქვთ: ამ დროის მანძილზე ისინი უნდა ჩამოყალიბდნენ, მოითხოვენ თუ არა საქმის ხელახალ გადახედვას.

თავად ასანჟი სასამართლოში არ ყოფილა, მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დაინა როუზმა განაცხადა, რომ დრო სჭირდება იმის გასაანალიზებლად, მოხდება თუ არა საქმის ხელახალი გადახედვა.

ჯულიან ასანჟი
ჯულიან ასანჟი

შვედეთში Wikileaks-ის დამფუძნებელს დაკითხვაზე ელოდებიან, მას ბრალი გაუპატიურებასა და სექსუალურ ძალადობაში ედება, თუმცა თავად ასანჟი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ბრალდებას პოლიტიკურს უწოდებს.

 

ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში ასანჟს ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

 

ამ დროისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ციხეში, განცალკევებულ საკანში იმყოფება 24 წლის ამერიკელი ჯარისკაცი, რომელსაც Wikileaks-ისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემა ედება ბრალად, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება. საიდუმლო ინფორმაცია Wikileaks-ის საიტზე 2010 წლის 29 ნოემბერს გამოქვეყნდა, ეს საქმე ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული იყო, რადგან ასეთი რაოდენობის საიდუმლო ინფორმაცია ღია სივრცეში არასოდეს გამოქვეყნებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge