სამართალი

სააპელაციო სასამართლო ტერორიზმში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანს

23 მაისი, 2012 • 941
სააპელაციო სასამართლო ტერორიზმში ბრალდებულებს განაჩენს გამოუტანს

ამ წუთებში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე  გასულია ტერორიზმში ბრალდებულების საქმეზე გადაწყვეტილების გამოსატანად.

ბრალდებულებმა და პროკურორმა თავიანთი სიტყვის წარმოთქმა რამდენიმე წუთის წინ დაასწრულეს.

ტერორიზმში ბრალდებული ყველა პირი, გოგიტა არქანიას გარდა,  ასაჩივრებენ თბილისის საქალაქო სასამართლოს გამამტყუნებელ განაჩენს, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ და სააპელაციო სასამართლოსგან გამამართლებელ განაჩენს მოითხივენ.

მათ დასკვნით სიტყავში მოითხოვეს, პროკურორს წარმოედგინა  რაიმე მტკიცებულება, რომელიც მათ დანაშაულს დაამტკიცებდა, რადგან მათ მიმართ წაყენებული ბრალდება მხოლოდ მერაბ ყოლბაიას [კოჭოიას] და გოგიტა არქანიას თავდაპირველ აღიარებით ჩვენებებს ეფუძნება. მერაბ ყოლბაიამ კი რამდენიმე კვირის წინ გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ პროკურატურამ მისგან აღიარებითი ჩვენება წამების შედეგად მოიპოვა.

დღეს პროკურორს დაცვის მხარის საპასუხოდ არანაირი სხვა მტკიცებულება არ წარმოუდგენია  და სასამართლოს მხოლოდ 2009-10 წლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი ტერორისტული აქტების ქრონოლოგიის სლაიდშოუ შესთავაზა.

ადვოკატები აღნიშნულ სასამართლო პროცესს და პროკურატურის ბრალდებას უწოდებენ ერთ დიდ შოუს ნაწილს,  რომელიც, მათი აზრით, პროკურატურის და ქართველი სამართალდაცველების პიარს ემსახურება.

ადვოკატები ტერორიზმში ბრალდებულთა საქმეს პროკურატურის სცენარით დაწერილ მძაფრსიუჟეტიან სერიალსაც უწოდებენ.

ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს,  რომ აღნიშნული საქმე რუსთავი 2 -ის გადაცემა “პროკურორის” ერთ-ერთი მთავარი თემა გახდება.

სასამართლო პროცესს დარბაზის ყველა კუთხიდან 6 ვიდეოკამერა იღებს და პროკურორი საუბრობს ე.წ. პეტლიჩკით.

ჟურნალისტებისთვის ნებადართულია აუდიოჩაწერა.

2010 წლის შემოდგომაზე საქართველოში განხორციელებული ტერაქტებში ბრალდებული 7 პირი თბილისის საქალაქო სასასამართლომ ჯერ კიდევ გასულ წელს გაასამართლა და მათ სასჯელად 20-30– წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი