სამართალი

პოლიცია მთივლიშვილის დაკავებას უარყოფს

20 მაისი, 2012 • • 1449
პოლიცია მთივლიშვილის დაკავებას უარყოფს

”20 მაისს თიანეთის პოლიციის რაიონულ შენობასთან ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი სურათებს უღებდა პოლიციის შენობასა და პოლიციის თანამშრომლებს. პოლიციიელებმა სთხოვეს მას ვინაობის დასახელება, რაზეც გელა მთივლიშვიოლმა უარი განაცხადა. ვინაობის დადგენის მიზნით იგი შეყვანილ იქნა პოლიციის შენობაში საიდანაც რამდენიმე წუთში გაათავისუფლეს მას შემდეგ რაც დადგენილ იქნა მისი ვინაობა, თუმცა მან შენობის დატოვებაზე უარი განაცხადა. ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომლებმა გელა მთივლიშვილს იძულების წესით დაატოვებინეს პოლიციის შენობა. ინციდენტის დროს ფიზიკურ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრესის წარმომადგენლებს სრული უფლება აქვთ სურათები გადაუღონ პოლიციის შენობებს და პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა ვსარგებლობთ შემთხვევით და მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს მეტი კორექტულობისკენ,” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

საპირისპიროს ამტკიცებს ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი. 

“ნეტგაზეთი” მას 14.30 წუთზე ესაუბრა. მთივლიშვილის თქმით, ის ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. 

“დაახლეობით ერთი საათი ვიყავი დაკავებული. მერე, როგორც ჩანს, აღარ აწყობდათ ჩემი დაკავება და წიხლებით გამომაგდეს პოლიციის შენობიდან”, – განაცხადა მთივლიშვილმა. ის ამბობს, რომ წაუშალეს კადრები და წაართვეს ვიდეოკამერა. 

მთივლიშვილის თქმით, ის ამზადებდა მასალას “ქართული ოცნების” წევრებზე თიანეთში, რომლებზეც, მისივე ინფორმაციით, ხორციელდებოდა ზეწოლა სამართალდაცავების მხრიდან. 

“ყველაფერი გადაღებული მქონდა უკვე. მჭირდებოდა პოლიციის კადრები და თიანეთის პოლიციის შენობის რამდენიმე კადრი გადავიღე”, -ამბობს ჟურნალისტი. 

გელა მთივლიშვილი, რომელიც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრია,  ამბობს, რომ ის 20 მაისს,  დაახლოებით 13.00 საათზე დააკავეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი