სამართალი

ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

10 მაისი, 2012 • • 2110
ქართული ოცნება სინგაპურზე და სინგაპურის დაღმავალი დემოკრატია

საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ განუცხადებია მიზანი – საქართველო გახდეს სინგაპურის მსგავსად წარმატებული ქვეყანა, თუმცა, მისი ყურადღების მიღმა ყოველთვის რჩებოდა სინგაპურში ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების კუთხით არსებული სიტუაცია. ამ მხრივ სინგაპური სხვადასხვა რეიტინგებში საქართველოს ათეულობით პუნქტით ჩამორჩება.

”ჩვენი ამოცანაა, რომ მშვიდობისა და სტაბილურობის პირობებში, საქართველოში შევქმნათ ახალი დუბაი და ახალი სინგაპური. ეს ზღაპარი არ არის – აქ აშენდება ასსართულიანი შენობები და ეს სიტყვა დაიმახსოვრეთ, რადგან ამას თითოეული ჩვენგანი მოესწრება,”  – ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოში, ყულევში, ახალი ტერმინალის გახსნისას 2008 წლის მაისში გააკეთა.

”მე მინდა საქართველო იყოს ისეთივე, როგორც ჰონკონგი, სინგაპური, დუბაი,” –  ეს კი მიხეილ სააკააშვილმა 2009 წლის მარტში სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” ფოთის ახალი ინდუსტრიული ზონის პროექტის პრეზენტაციაზე თქვა.  პრეზიდენტის ვებგვერდზე ათეულობით მსგავსი  განცხადების პოვნაა შესაძლებელი.

”ნეტგაზეთი” დაინტერესედა, ეკონომიკური წარმატების პარალელურად, როგორი სიტუაციაა ადამიანების უფლებების დაცვის, ასევე, მედიის თავისუფლების კუთხით სინგაპურში.

ჟურნალისტთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” 2012 წლის გაზაფხულზე მსოფლიოში პრესის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც სინგაპურს, ეკონომიკური განვითარების ინდექსებთან შედარებით, რადიკალურად უარყოფითი შედეგები აქვს. ”რეპორტიორების” შეფასებით, სინგაპური პრესის თავისუფლების ინდექსით მსოფლიოს 176 ქვეყანას შორის 135-ე ადგილს იკავებს, საქრთველო ამ რეიტინგში 104-ე ადგილზეა. პრესის თავისუფლების რეიტინგში სინგაპურსზე უკეთესი შედეგები აქვთ– ტუნისს, ანგოლას, ბანგლადეშს, ეთიოპიას, ტაჯიკეთს, ვენესუელას, ზიმბაბვეს და ა.შ.

ბრიტანელი ჟურნალისტისა და მწერლის – ალან შადრაკეს სინგაპურში დაკავებამ 2010 წლის ზაფხულში მსოფლიო მასშტაბით ფართომასშტაბიანი დისკუსიები გამოიწვია  სინგაპურში ადამიანის უფლებების, გამოხატვისა და მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

ალან  შადრაკე დაპატიმრების წინა დღეს სინგაპურში საკუთარი წიგნის პრეზენტაციას დაესწრო, წიგნის, რომელიც სინგაპურში სიკვდილით დასჯის ინსტიტუტს მნიშვნელოვნად აკრიტიკებდა. მას ურჩევდნენ, რომ წიგნის გამოცემისას სინგაპურში არ ყოფილიყო, რადგან შესაძლოა, ხელისუფლებას ის დაეპატიმრებინა. ასეც მოხდა.

ბრიტანელი მწერალი ექვსი ბრალდებით გაასამართლეს, მიუსაჯეს ექვსკვირიანი პატიმრობა და დაახლოებით 10 ათასი ფუნტი სტერლინგის გადახდაც დააკისრეს. სინგაპურის ხელისუფლების რწმენით, ალან შადრაკეს წიგნი ძირს უთხრიდა სინგაპურის საზოგადოების რწმენას ქვეყნის სასამართლოსადმი. ”გარდიანის” ცნობით, მას ხუთი დღის მაძილზე დღეში 10 საათის განმავლობაში კითხავდნენ, სინგაპურელი გამომძიებელი კი მის წიგნიდან გარკვეულ მონაკვეთებს კითხულობდა და მწერალს დაჟინებით ეკითხებოდა,  რატომ დაწერა წიგნში ესა თუ ის ეპიზოდი.  სამართალდამცველებმა შადრაკეს ორჯერ შესთავაზეს საკუთარი წიგნის გამო საჯაროდ ბოდიშის მოხდა სასჯელისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, რასაც მწერალი არ დათანხმდა.

სინგაპურის მედიაგანვითარების სახელმწიფო ორგანომ 2010 წლის ზაფხულში, ბრიტანელი მწერლის დაპატიმრების პარალელურად, აკრძალა მარტინ სიის (Martyn See) დოკუმენტური ფილმი, სადაც ყოფილი პოლიტპატიმარი ლიმ ჰოკი(Lim Hock Siew) პატიმრობაში გატარებულ წლებზე ყვებოდა.

ჟურნალისტი ბენ ბლანდი, რომელიც სინგაპურში ”ეკონომისტისა” და ”დეილი ტელეგრაფის” კონტრიბუტორად მუშაობდა, 2009 წელს წერდა, რომ მას თავისი კრიტიკული სტატიების გამო სინგაპურის ხელისუფლებამ ვიზის განახლებაზე უარი უთხრა, რის გამოც იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.   ჟურალიტი წერს, რომ 2009 წელს რუპერტ მერდოკის იმპერიის ერთ-ერთი გამოცემა  Far Eastern Economic Review სინგაპურის ხელისუფლებამ პრემიერ-მინისტრისთვის ზიანის მიყენების გამო 177 ათასი ფუნტი სტერლინგით დააჯარიმა. 2009 წელს სინგაპური ”რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს” რეიტინგში 133-ე ადგილს იკავებდა, 2 წლის შემდეგ, 2012 წელს კი,  ვითარება ორი პუნქტით გაიუარესა და 135-ე ადგილზე ჩამოვიდა.

სინგაპური საპარლამენტო, 5– მილიონიანი სახელმწიფოა, რომელსაც 1959 წლიდან მხოლოდ ერთი –  ”სახალხო მოქმედების პარტია” (People’s Action Party  -PAP) მართავს.  ქვეყანაში ასევე არსებობენ ოპოზიციური პარტიები. აშშ-ის სახლემწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, 2006 წელს ქვეყანაში ჩატარებული არჩევნები, საერთო ჯამში, სამართლიანი იყო, თუმცა მმართველი პარტია ოპოზიციურ პარტიებს მნიშვნელოვან წინააღმდეგობებს უქმნიდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, სინგაპურის ხელისუფლებას საკმარისი ძალაუფლება აქვს, რომ შეზღუდოს მოქალაქეთა უფლებები და არახელსაყრელ სიტუაციაში ჩააყენოს ოპოზიცია, რაც არაერთხელ გაუკეთებია კიდეც.  სინგაპურში ასევე ფიქსირდება შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების შეზღუდვის, ჟურნალისტების ცენზურის, ადამიანთა პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დარღვევისა და უკანონო დაკავების ფაქტები.

გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ”ჰუმან რაითს ვოჩმა” გასულ წელს გაეროს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, გააძლიერონ ზეწოლა სინგაპურზე, რათა ქვეყანამ დაიცვას მოქალაქეთა გამოხატვის, შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, სინგაპურში როგორც სამაუწყებლო, ისე ბეჭდური მედია ძირითადად ორი სახელმწიფო კომპანიის – Press Holdings Limited (SPH) და MediaCorp-ის მიერ იმართება. მხოლოდ პროსახელისუფლებო კომპანიები  ფლობენ სინგაპურში გამომავალ ყველა ჟურნალ-გაზეთსა და ტელე-რადიოსადგურებს. 2010 წლის მდგომარეობით, სინგაპურში მხოლოდ ერთი დამოუკიდბეელი რადიოსადგური – BBC World Service – მაუწყებლობდა. მცირე გამონაკლისის გარდა, მთელს ქვეყანაში აკრძალულია სატელიტური თეფშები.  საკაბელო ქსელის მომხმარებლებისთვის უცხოური საინფორმაციო ტელეარხები ხელმისაწვდომია, მაგრამ შეზღუდულია ჰომოსექსუალური, ასევე სექსუალური შინაარსის ტელეარხების რეტრანსლირება.

სინგაპურში სხვადასხვა მედიასაშუალებების – პრესის, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტგვერდების,  წიგნების, თამაშების, ფილმებისა და სხვა ვიდეოპროდუქციის შინაარსს მკაცრად აკონტროლებს ”მედიაგანვითარების სახელმწიფო უწყება”(MDA), რომელიც თავის მხრივ სინგაპურის ინფორმაციის, კომუნიკაციისა და ხელოვნების სამინისტროს (MICA)  ექვემდებარება. ქვეყანაში ხშირია მაკონტროლებლის მიერ ფილმების, წიგნების, მუსიკის და სხვადასხვა მსგავსი პროდუქციის აკრძალვის და გადაკეთების – არასასურველი მონაკვეთების ამოჭრის ფაქტები.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ინტერნეტზე ხელი სინგაპურელთა 80%-ზე მეტს მიუწვდება. ამ პროცენტის ზრდის პარალელურად კი, ხელსუფლება კონტროლის განმტკიცებას ონლაინ სივრცეშიც ცდილობს, სადაც, მიუხედავად ცენზურისა, ხშირად ქვეყნდება სხვადასხვა აკრძალული ფილმი, წიგნი და ა.შ. თუმცა ასევე არსებობს ფაქტი, როცა ფეისბუქზე სინგაპურის ოლიმპიური კომიტეტის შესახებ კრიტიკული კომენტარის გამო ერთ-ერთი მოქალაქე დააპატიმრეს.

ბრიტანული გამოცემა ”გარდიანი” წერს, რომ მიუხედავად ეკონომიკური განვითარების რეიტინგების სათავეში ყოფნით გამოწვეული სიამაყისა, სინგაპურს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ორი რამ არცხვენს: პრესის თავისუფლების ინდექსი, რომელიც ერაყის მაჩვენებელზეც დაბალია და ერთ სულ მოსახლეზე გასამართლებული მოქალაქეების რაოდენობა.

”გარდიანი” ასევე აღნიშნავს, რომ სინგაპური საკუთარ თავს თანამედროვე, ლიბერალურ დემოკრატიად წარმოაჩენს, სადაც არის პარლამენტი, არჩევნები, სასამართლო სისტემა, სიტყვის თავისუფლების კონსტიტუციური უფლება, მიუხედვაად ამისა, ქვეყანაში ავტოკრატიული პოლიტიკური მმართველობაა, სადაც ცილისწამების ბრალდებით რიგითი ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, ციხეში ხვდებიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი