სამართალი

ბრეივიკის აღიარება

19 აპრილი, 2012 • 1162
ბრეივიკის აღიარება

“მე ყველას დახოცვას ვაპირებდი, უპირველეს ყოვლისა კი, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გრო ჰარლემ ბრუნდტლანდის,” – განაცხადა სასამართლო პროცესის მეოთხე დღეს ოსლოსა და კუნძულ უტოიაზე მომხდარ ტერორისტულ აქტებში ბრალდებულმა ანდერს ბრეივიკმა. ინფორმაციას ამის თაობაზე “sky News” ავრცელებს.

როგორც ეჭვმიტანილმა განაცხადა, მის გეგმას “ყველას მოკვლა” წარმოადგენდა. მას სურდა გადარჩენილები წყალში გადაეყარა და დაეხრჩო. ბრეივიკს სურდა, მოეკლა ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრიც და მისი მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში გაევრცელებინა.  

პროცესზე დამსწრე გარდაცვლილთა ოჯახის წევრების წინაშე ბრეივიკმა აღიარა ისიც, რომ ოსლოში დეტონატორების მანქანებში ჩამონტაჟებას გეგმავდა, რითაც სამთავრობო და მედიაორგანიზაციების შენობები უნდა აეფეთქებინა. აფეთქებას მაქსიმალური მსხვერპლი უნდა მოჰყოლოდა.

კუნძულ უტოიასა და ოსლოს ცენტრში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილი ანდერს ბრეივიკის პროცესი უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს. ანდერს ბრეივიკის ტერორისტულ აქტებს 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის იყო ქართველი თამთა ლიპარტელიანიც, რომელიც თავდასხმის დროს კუნძულ უტოიაზე იმყოფებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი