სამართალი

ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყება

12 აპრილი, 2012 • • 1529
ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყება

დღეს, 12 აპრილს, თბილისში გამართულ პრეზენტაციაზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო უწყებების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის ანალიზის შედეგები წარმოადგინა. ყველაზე დახურულ უწყებად საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დასახელდა.

”არა მგონია, რომ თავდაცვის სამინისტრო უფრო დახურული უნდა იყოს, ვიდრე  უშიშროების საბჭო და დაზვერვის სამსახური. 2 წელია ამ სამინისტროსგან პრაქტიკულად ვერანაირ ინფორმაციას ვერ ვიღებთ და ეს დიდი პრობლემაა,”  – განაცხადა დღეს გამართულ პრეზენტაციაზე ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის”(IDFI) ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ავალიშვილმა. მისი მოსაზრებით, აქ ჩანს აღნიშნული სახელმწიფო უწყების უპასუხისმგებლ დამოკიდებულება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებისადმი. როგორც ავალიშვილმა აღნიშნა,  IDFI თავდაცვის სამინისტროსგან ისეთ ინფორმაციას ითხოვს, რომელიც სამხედრო საიდუმლოებას არ უკავშირდება და რომლის მსგავს ინფორმაციას სხვა ძალოვანი უწყებები უპრობლემოდ გასცემენ, იქნება ეს მინისტრის ავტომობილისთვის დახარჯული ბენზინის ფული თუ სხვა. ლევან ავალიშვილის თქმით, ორგანიზაციამ თავდაცვის სამინისტროს ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო ინფორმაცის გამოთხოვნის მიზნით თითქმის 30-ჯერ მიმართა და პასუხი არც ერთ განცხადებაზე არ მიუღია.

სწორედ ამის გამო, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” თავდაცვის სამინისტროს მიანიჭა 2011 წლის ყველაზე დახურული სახელმწიფო უწყების სტატუსი, თუმცა სპეციალურად დამზადებული დიპლომის წასაღებად, რომელზეც ბოქლომია გამოსახული, თავდაცვის სამინისტროდან პრეზენტაციაზე არავინ გამოჩენილა.

2011 წელს საჯარო ინფორმაციის ყველაზე ცუდად გაცემისთვის სერთიფიკატები გადაეცათ შსს-ს მომსახურების სააგენტოს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს, ვანის, სამტრედიის, ხონის, თიანეთის, ცაგერის, ჩხოროწყუს, ასპინძის, ბორჯომის, ნინოწმინდის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, კასპისა და ქარელის მუნიციპალიტეტებს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას.

სერთიფიკატები ასევე გადაეცათ იმ საჯარო უწყებებს, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის გაცემა გასულ წელს ყველაზე უკეთ უზრუნველყვეს. მათ შორის მოხვდა: ქალაქ რუსთავის მერია, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, იურიდიული დახმარების სამსახური და ა.შ.

”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების” ინტიტუტმა 2011 წლის აპრილიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით საჯარო უწყებებს სულ 7 339 კითხვით მიმართა, სრულყოფილი პასუხი მიიღო 3763 საქმეზე (57.03%), არასრულყოფილი –1091 (16.13%), სამართლებრივი საფუძვლის არმქონე უარი – 265 (3.59%) და საერთოდ უპასუხოდ დარჩა 2 220 განცხადება(23.25%).

IDFI-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ლევან ავალიშვილის განმარტებით, ორგანიზაციამ ნომინაციების დაწესება იმ საჯარო უწყებების წასახალისებლად გადაწყვიტა, რომლებიც პასუხისმგებლობით ეკიდებიან ვალდებულებას, გასცენ საჯარო ინფორმაცია. ავალიშვილისვე მოსაზრებით, IDFI-ის მიერ ინფორმაციის მუდმივად გამოთხოვა არ უნდა იქნას აღმქული როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის ცუდი დამოკიდებულება საჯარო უწყებისადმი.

ლევან ავალიშვილი ბოლო ერთი წლის შედეგების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ სამინისტროებზე უკეთ საჯარო ინფორმაციას ამავე სამინისტროებს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები გასცემენ. ასევე, ერთმა საჯარო უწყებამ აჭარიდან  IDFI-ის გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას შეეწყვიტა საჯარო ინფორმაციის მუდმივი გამოთხოვა, რადგან მასზე პასუხისგაცემა ამ უწყების თანამშრომლებისთვის დამღლელი რუტინა იყო.

ლევან ავალიშვილისვე ინფორმაციით, IDFI-მ ბოლო ერთი წლის მანძილზე საჯარო უწყებებში სააჯრო ინფორმაციის არმიღების გამო 69 ადმინისტრაციული საჩივარი შეიტანა, საიდანაც უწყებებმა მხოლოდ 4 საჩივარი განიხილეს.   ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნისთვის 9 სარჩელი შეიტანა, თუმცა 5 სარჩელზე ინფორმაციის მიღების გამო უარი თქვა, თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა 3 სარჩელი, სააპელაციომ კი – 1.

IDFI-ის “საჯარო ინფორმაციის მონაცემთ ბაზის – www.opendata.ge-ს” კორდინატორი სერგი ჯორბენაძე ამბობს, რომ საქრთველოს მოსახლეობა, ძირითადად, არ იყენებს კონსტიტუციურ უფლებას, მიიღოს საჯარო ინფორმაცია.  ამის მიზეზი კი არის როგორც საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის პროცედურების არცოდნა, ისე ამ შესაძებლობაზე ინფორმაციის არქონა. სწორედ ამიტომ, ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა” გამოსცა ”ინფორმაციის თავისუფლება – გზამკვლევი”, სადაც დეტალურად არის აღწერილი საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის ფორმა, პროცედურები და გასაჩივრების შესაძლებლობები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი