სამართალი

კითხვები ომბუდსმენს

7 აპრილი, 2012 • 1187
კითხვები ომბუდსმენს

გიორგი ტუღუში
გიორგი ტუღუში

პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე დღეს, 6 აპრილს, საქართველოში 2011 წლის ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ანგარიში სახალხო დამცველმა წარმოადგინა.

650– გვერდიანი ანგარიშის შესახებ გიორგი ტუღუშმა ნახევარი საათის განამვლობაში ისაუბრა.

„რატომ არ შევიდა სახალხო დამცველის ანგარიშში ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობისა და ბანკი „ქართუს“ საინკასაციო მანქანის საკითხი,“ „რატომ არ შევიდა ანგარიშში თავი პოლიტპატიმრების შესახებ,“ „რატომ აუარა გვერდი სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიერ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექსიძის მისამართით გამოყენებულ ტერმინს „ხულიგანი,“–ეს და სხვა შეკითხვები სახალხო დამცველის მისამართით ანგარიშის წარმოდგენის შემდეგ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა და სხდომაზე დამსწრე სხვადსხვა მოძრაობის წევრებმა დასვეს.

კითხვაზე ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ სახალხო დამცველის ხედვით, ივანიშვილს მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა.

„კარგად მახსოვს სახლხო დამცველის მისამართით მედიის მხრიდანაც იყო ეს საკითხი დასმული. ჩვენ ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ ამ ფაქტის შესწავლა. შესაბამისად, პრეზიდენტის მისამართით გაიგზავნა რეკომენდაცია ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, სახალხო დამცველმა აქ უფლებათა დარღვევის ფაქტი ვერ დაადგინა. ჩვენი აზრით, მას მოქალაქეობა კანონიერად შეუწყდა,“–განაცხადა ომბუდსმენმა.

რაც შეეხება ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ მოვლენებს, ტუღუშის განცხადებით, დიდი ხანი არაა, რაც სახალხო დამცველს დიდი საქაღალდე გადაეცა ამ საქმის მასალებით.

„ამ მასალებს შესწავლა სჭირდება და ვიმედოვნებ, მალე გვექნება შეფასების გაკეთების შესაძლებლობა. რაც შეეხება ბანკის კუთვნილ საინკასაციო მანქანას, ბანკის წარმომადგენლებს და “ქართუ ჯგუფს” ამ საკითხზე ჩემთვის არ მოუმართავს. თუ საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებით პრობლემებია, მოგვმართონ, რათა უშუალო შეფასება მივცეთ ფაქტს. არ გამოვრიცხავ, დარღვევებს მართლაც ჰქონოდა ადგილი.“

კითხვები პოლიტპატიმრების შესახებ სხდომაზე მყოფმა თითქმის ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა და სტუმარმა დასვა.

ამასთან დაკავშირებით მოძრაობა „არა“–ს წევრმა, ლევან ჩიტაძემ სახალხო დამცველი შერჩევით სამართალში დაადანაშაულა:

„ფეხს ითრევთ და არ საუბრობთ ამ საკითხზე, რაც არ არის შესაფერისი სახალხო დამცველისთვის. თქვით ცალსახად, გვყავს თუ არა ქვეყანაში პოლიტპატიმრები?“

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საუბრის დროს სახალხო დამცველმა არ გამორიცხა, რომ იმ სასხლის სამართლის საქმეებში, რომლებსაც სახალხო დამცველი სწავლობდა, ადგილი მართლაც ჰქონოდა პოლიტიკურ მოტივებს.

„თუმცა სახალხო დამცველის მანდატს სცილდება სტატუსის დადგენა. ჩვენი კომპეტენციაა, რეაგირება მოვახდინოთ ფაქტებზე და სამართლებრივი შეფასება მივცეთ მათ,“– განაცხადა ტუღუშმა.

კითხვა, თუ რატომ არ მოხვდა ანგარიშში ყინწვისში დაკავებულების საქმე, სახალხო დამცველს დიმიტრი ლორთქიფანიძემ, ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ დაუსვა.

სახალხო დამცველის თქმით, მათ ჰქონდა მცდელობა, გასაუბრებოდნენ როგორც დაკავებულ პირებს, ისე ერთ-ერთი ოჯახის წევრს, თუმცა, უშედეგოდ. მათი ნების საწინააღმდეგოდ კი, სახალხო დამცველის თქმით, საქმეს ვერ შეისწავლიდნენ.

კიდევ ერთი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, ჯონდი ბაღათურიას ერთ–ერთი კითხვა სახალხო დამცველის მიმართ პრეზიდენტის მიერ სკოლიდან გარიცხული მოსწავლის, მიხეილ ალექისიძის მისამართით გამოყენებულ ტერმინს შეეხებოდა. ბაღათურიას აინტერესებდა, თუ როგორ აფასებდა სახალხო დამცველი პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ სიტყვა „ხულიგანს“ არასრულწლოვანის მისამართით.

„ნებისმიერი საჯარო მოხელის მხრიდან, იქნება ეს ქვეყნის მეთაური თუ რომელიმე სხვა რიგითი საჯარო მოხელე, არის აბსოლუტურად დაუშვებელი, როდესაც წინასწარ ხდება იმის განსაზღვრა, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ, სამწუხაროდ, საქართველოში სიტყვა „ხულიგანი“ ხშირად გამოიყენება. მეც არაერთხელ მითქვამს –“რა ხულიგანი ბავშვია,“ მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ ხულიგნობა არის სისხლის სამართლით განსაზღვრული დანაშაული და ყველამ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს მსგავსი ტერმინების გამოყენების დროს,“–განაცხადა ტუღუშმა და იქვე იმ გარემოებაზე გაამახვილა ყურადღება, რომ საქმე უფრო სისტემურ პრობლემას  – „უდანაშაულობის პრეზუმპციას“ ეხება, რომელიც საკანონმდებლო დონეზეა დასარეგულირებელი.

სახალხო დამცველის ანგარიში დადებითად შეაფასეს უმრავლესობის წევრებმა. მათი შეფასებით, ხარვეზების მიუხედავად, სისტემური პრობლემების აღმოფხვრის დინამიკა სახალხო დამცველის ანგარიშებში ყოველწლიურად იზრდება. თუმცა თავად სახალხო დამცველი აღნიშნულ ანგარიშს მწვავეს უწოდებს. 

ამავე თემაზე: ომბუდსმენის ანგარიშის ყველაზე კრიტიკული თავი

 
 

მასალების გადაბეჭდვის წესი