სამართალი

სტრასბურგში იმედის ჟურნალისტების საქმეზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო

2 აპრილი, 2012 • • 1156
სტრასბურგში იმედის ჟურნალისტების საქმეზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო

ტელეკომპანია ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტების საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ჟურნალისტთა ადვოკატმა, ლია მუხაშავრიამ განუცხადა.

ადვოკატის თქმით, სტრასბურგში 10 ჟურნალისტის საჩივარი ცალ-ცალკე, დამოუკიდებელ საქმეებად გაიგზავნა. ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტები სტრასბურგში ასაჩივრებენ 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანიაში შეჭრისას და მაუწყებლობის გათიშვისას სამართალდამცავთა მიერ მათი უფლებების დარღვევას.

მომჩივანთა აზრით, სამართალდამცავებმა ტელეკომპანიაში შეჭრით დაარღვიეს მათი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება, გახდნენ არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი, რაც სახელმწიფომ შესაბამისად არ გამოიძია.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 2010 წელს გაიგზავნა ”იმედის” ყოფილი ჟურნალისტების – გიორგი ახვლედიანის, ჯონი კალანდაძის, ანა გოჩაშვილის,  ნინო ცხვარაშვილის, ნინი საყვარელიძის, თეა სიჭინავას, ირაკლი მოსეშვილის, თენგო მეზურნიშვილის, გიორგი რუხაძისა და დიანა ტრაპაიძის საჩივრები. 

ჟურნალისტთა ადვოკატის, ლია მუხაშავრიას თქმით, ჟურნალისტთა საქმეები ცალ-ცალკე იმიტომ გაიგზავნა, რომ ყველა შემთხვევა ერთმანეთისგან განსხვავდება და სასამართლოს რეკომენდაციაც მსგავსი იყო. რაც შეეხება კომუნიკაციის ეტაპს, ადვოკატის ინფორმაციით, ეს ნიშნავს, რომ ევროსასამართლო გაეცნო საქმეს და საქართველოს ხელისუფლებას გაუგზავნა მოთხოვნა, გააკეთოს განმარტება. მუხაშავრია ამბობს, რომ, ფაქტობრივად, ჟურნალისტთა საქმეს განსახილველად ამზადებენ, თუმცა, ეს როდის მოხდება, წინასწარ არ იცის.

ტელეკომპანია ”იმედში” სპეცდანიშნულების რაზმი 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, საპროტესტო აქციის დაშლის შემდეგ შეიჭრა. შედეგად, ტელეკომპანიის ჟურნალისტებს რამდენიმე საათის მანძილზე არ ჰქონდათ ტელევიზიის დატოვების საშუალება, ნაწილს კი სპეცრაზმელებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სპეცოპერაციის შედეგად სრულად განადგურდა ტელეკომპანიის ინვენტარი და ”იმედმა” მაუწყებლობის აღდგენა რამდენიმე კვირის მანძილზე ვერ შეძლო. მაუწყებლობის აღდგენის შემდეგ, რამდენიმე თვეში კი, ტელეარხის მფლობელი შეიცვალა და არხის საინფორმაციო სამსახური თანამშრომელთა უმრავლესობამ დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი