სამართალი

ახალი შუამდგომლობები გარიცხული მოსწავლის საქმეში

29 მარტი, 2012 • 1084
ახალი შუამდგომლობები გარიცხული მოსწავლის საქმეში

დღეს 53–ე სკოლიდან გარიცხული მოსწავლის საქმეზე  სასამართლო მოსმენა გაგრძელდა.

დაიკითხა 53–ე სკოლის დირექტორის ტარას შავშიშვილის მოადგილეები– ქეთევანი ჩოფური და რუსუდან ნოდარშვილი.  მოსარჩელე მხარემ, დაკითხული მოწმეების ჩვენებებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით კი დღეს დაკითხული მოწმეების გამო, ახალი შუამდგომლობები დააყენა.

“გარკვეულწილად, დეტალებში არის სერიოზული უზუსტობები, რაც ბადებს ეჭვს, საერთოდ იყვნენ თუ არა მოადგილეები კაბინეტში და როგორც ჩვენ განვმარტავთ, ისინი საერთოდ არ ყოფილან.  ძალიან ბევრი უზუსტობაა სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც.  წვრილმანი შეუსაბამობები ბევრია, წინასწარ ამის თქმა არ მინდა, თუმცა, ჯამში, ეს წვრილმანები ბადებს იმ ეჭვს, რომ დაგეგმილია, რაც უნდა ილაპარაკონ და ამის შემსწრენი არ ყოფილან.”– განაცხადა “საიას” იურისტმა ლიკა წიკლაურმა.

ტარას შავშიშვილი არ ეთანხმება შეფასებას ჩვენებების წინააღმდეგობრივ ხასიათზე და ამბობს, რომ შეუსაბამობა არ ფიქისრდება:

“მეხსიერება მოდიფიცირებას განიცდის და არაარსებითი დეტალები გავიწყდება. თქვენ დაესწარით სხდომას, მაგრამ, რომ შეგიყვანოთ და ცალ–ცალკე მოგაყოლოთ, ბევრ ცდომილებას აღმოვაჩენთ, მაგრამ ძირითადი დეტალები, რაც ემოციური მეხსიერების სექტორში ჯდება, ეს არის ისეთი, რასაც წყალი არ გაუვა”  – აღნიშნა ტარას შავშიშვილმა, რომელიც პროფესიით ფსიქოლოგია.

მოსარჩელე მხარემ  შუამდგომლობები დააყენა მოწმეების დაკითხვაზე და მტკიცებულებების გამოთხოვაზე. მოსარჩელე მხარე ითხოვდა ორი მოსწავლის, დიმიტრი მშვილდაძის და ლევან კილაძის, ასევე, ალექსიძის დამრიგებლის, სკოლის ყოფილი დირექტორის გია კაშიას, დისციპლინარული კომიტეტის ერთ–ერთი წევრის, პედაგოგ მარინა ბასილაშვილის მოწმეებად გამოძახებას.

რაც შეეხება მტკიცებულებების გამოთხოვას, მოსარჩელე მხარეს მიერ მანდატურების შესახებ მონაცემების გამოთხოვას, რომლებიც 13 ოქტომბერს 53–ე სკოლაში მორიგეობდნენ. აღნიშნული ინფორმაციის გამოთხოვა მოსარჩელე მხარემ თავადაც სცადა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო, სასამართლო მხარემ შუამდგომლობა მხოლოდ მტკიცებულებების გამოთხოვის საკითხში დააკმაყოფილა. ამიტომ მოსარჩელე მხარეს ამ ინფორმაციის გამოთხოვაში დაეხმარება. წიკლაურის განმარტებით, მომავალ სხდომაზე მანდატურების მოწმედ დაკითხვის შუამდგომლობას დააყენებენ.

წიკლაურის განმარტებით, მანდატურების დაკითხვა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სხდომაზე ტარას შავშიშვილმა განმარტა, რომ დედის მისვლის შემდეგ, როდესაც მეორე ინციდენტი მოხდა, ამ დროს უკვე საპატრულო პოლიცია იმყოფებოდა და მანდატურებიც იყვნენ,  ერთ–ერთი დირექტორის მოადგილის განმარტებით, ამას ადგილი არ ჰქონია და კაბინეტში მხოლოდ დირექტორი და მოადგილეები იყვნენ.
მოსწავლეების და კომიტეტის ერთ–ერთი წევრის დაკითხვის წინააღმდეგი გახლდათ მოპასუხე მხარეც. ტარას შავშიშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მოსწავლეების ჩვენების სანდოობა საეჭვოა, რადგან:

“ისინი არაფორმირებულ ასაკობრივ ციკლში არიან და საეჭვოა მათი ჩვენების სანდოობა, მით უფრო, როცა მეგობართან დაკავშირებით აძლევენ ჩვენებას”
ალექსიძის ადვოკატის განცხადებით კი, მნიშვნელოვანია აღნიშნული მოსწავლეების დაკითხვა, რადგან დღეს დაკითხული მოწმეები აღნიშნავენ, რომ ალექსიძე დირექტორის კაბინეტში შევარდა, თუმცა, როგორ მიხეილმა თავად პროცესზე განმარტა, დირექტორი თავად გამოვიდა და იკითხა, ვინმეს რამე პრეტენზია თუ ჰქონდა მჭედლიშვილთან დაკავშირებით და თავად შეიყვანა კაბინეტში.

“ამ ფაქტის დადასტურება შეეძლოთ მიხეილის თანაკლასელებს, რომლებიც ერთად იდგნენ ჯგუფურად, ჩვენ მანამდეც დავაყენეთ ამ ორი მოსწავლის შუამდგომლობის საკითხი, რადგან ეს ფაქტობრივი გარემოება არსებითი იყო. სასამართლომ მანამდე გვითხრა, ვინაიდან  არ ვიცოდით, რა ახსნა–განმარტებას მოგვცემდა ეს ორი მოწმე. თუ  იქნებოდა წინააღმდეგობა, დაუბრუნდებოდა შუამდგომლობის საკითხს, თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა , რადგან, ჩათვალა, რომ საკმარისი მტკიცებულებებია საქმეში”.

შემდეგი  სასამართლო სხდომა 20 აპრილს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი