სამართალი

ომბუდსმენის ანგარიშის ყველაზე კრიტიკული თავი

28 მარტი, 2012 • 1059
ომბუდსმენის ანგარიშის ყველაზე კრიტიკული თავი

სახალხო დამცველის უკანასკნელი, 650 გვერდიანი ანგარიშის დაახლოებით 300 გვერდი საქართველოში თავისუფლების აღკვეთის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებს შეეხება.

„ისევე როგორც შარშან, წლევანდელი ანგარიში (2011) და კონკრეტულად ეს თავი, საკმაოდ კრიტიკულია. მიუხედავად რამდენიმე პოზიტიური ცვლილებისა, ის პრობლემები, რომელზეც სახალხო დამცველი 2010 წელს საუბრობდა, 2011 წელსაც ხელშესახები და მწვავეა,“- ამბობს საქართველოს სახალხო დამცველი, გიორგი ტუღუში.

ანგარიშის ამ თავში დასახელებულია არაერთი საჯარო მოხელე და თანამდებობის პირი, რომელიც, სახალხო დამცველის აზრით, სხვადასხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არღვევდა ადამიანის უფლებებს.

„იმედს ვიტოვებ, გაცილებით მკაცრი რეაგირება მოყვება ამას საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, ვინაიდან არასათანადო მოპყრობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც მხოლოდ  ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და მათი სამსახურიდან დათხოვნას არ უნდა ითვალისწინებდეს,“- აცხადებს ტუღუში.

საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის და მონიტორინგის თანამშრომლებმა საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 516 არაგეგმიური ვიზიტი განახორციელეს, რომელთა დროსაც მოინახულეს 1500–ზე მეტი პატიმარი. ასევე, განახორციელეს 72  გეგმიური ვიზიტი;  ხოლო დროებითი მოთავსების იზოლატორებში – 84  გეგმიური და 157 არაგეგმიური.

ომბუდსმენის 2010  და 2011 წლების ანგარიშებში, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩატარებული რეგულარული მონიტორინგის შედეგებისა და შესწავლილი საქმეების ანალიზით, არასათანადო მოპყრობის პრობლემა საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.

პატიმართა გარდაცვალება წლების მიხედვით
პატიმართა გარდაცვალება წლების მიხედვით

საანგარიშო პერიოდში არასათანადო მოპყრობის ფაქტები ყველაზე ხშირად დაფიქსირდა რამდენიმე დაწესებულებაში – გლდანის N8 დაწესებულება,  მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულება,  ქუთაისის N2  დაწესებულება.

ომბუდსმენი პატიმრების მიმართ მოპყრობასთან დაკავშირებული პრობლემების მოუგვარებლობის  რამდენიმე მიზეზზე საუბრობს.

ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ადმინისტრაციის მიერ პატიმართა მიმართ არასწორი მიდგომაა.

„რიგ დაწესებულებებში თავისუფლებააღკვეთილი პირების მიმართ ზემოქმედებისა და დასჯის უკანონო ზომების გამოყენება,  როგორც წესი,  წახალისებულია, ზოგადად, სისტემისა და დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ.  ასევე,  სისტემის თანამშრომელთა შორის დანერგილია დაუსჯელობის სინდრომი და ხშირ შემთხვევებში რიგი დაწესებულებების ხელმძღვანელობა უფრო მეტად ზრუნავს პრობლემის დამალვაზე, ვიდრე მის მოგვარებაზე,“- ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მოყვანილია ციხეებში პატიმართა მიმართ ფიზიკური ძალადობის არაერთი ფაქტი, რომელსაც სახალხო დამცველი აღწერს.

„სახალხო დამცველის 2011  წლის 5  სექტემბერს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები შეხვდნენ და გაესაუბრნენ N18  სამკურნალო დაწესებულებაში განთავსებულ პატიმარ მიხეილ ი.–ს, რომელმაც განმარტა,  რომ გლდანის N8  დაწესებულებაში ყოფნისას სისტემატურად სცემდნენ. მას მონახულებისას ეტყობოდა დაზიანებები.  მეორე დღესვე N18  სამკურნალო დაწესებულებაში მივლინებულ იქნა სპეციალური პრევენციული ჯგუფის სამედიცინო ექსპერტი,  რომელსაც აღნიშნული დაზიანებები უნდა აღეწერა, თუმცა მასთან შეხვედრისას პატიმარმა განაცხადა,  რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ახსოვდა, თუ რა ახსნა–განმარტება მისცა სახალხო დამცველის რწმუნებულს და მოითხოვა, რომ მის ახსნა–განმარტებას რეაგირება არ მოჰყოლოდა. მან განაცხადა, რომ სახალხო დამცველის დახმარებას აღარ საჭიროებდა,“- ნათქვამია ანგარიშში.

პატიმართა მოპყრობის მხრივ მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშით კვლავ გაუარესდა ქსნის N15 დაწესებულებაში.

თითოეული ფაქტის აღწერის დროს სახალხო დამცველი კონკრეტულად ასახელებს იმ პირებს, ვინც პატიმართა უფლებებს არღვევდა:

„გოგიტა ზ.–ს განმარტებით,  2011 წლის 09  სექტემბერს C–219  საკანში შევიდა სპეციალური დანიშნულების რაზმისა და ადმინისტრაციის დაახლოებით 15 თანამშრომელი, მათ შორის, დიმიტრი ჯიჭონაია, მიშა გიგაური, რომან რობაქიძე, აჩიკო ტაბატაძე და ვინმე მამუკა, ჩაატარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც ცემით გაატარეს ე.წ. „კორიდორში“.  მსჯავრდებულის გადმოცემით, განსაკუთრებული სისასტიკით სწორედ დაწესებულების თანამშრომლები იქცეოდნენ.  საბოლოოდ,  გოგიტა ზ.–საც შეუფარდეს ადმინისტრაციული პატიმრობა 1  თვის ვადით. სასამართლოდან დაბრუნების შემდეგ იგი გადაიყვანეს B-404  საკანში,  სადაც შესვლის დროს დიმიტრი ჯიჭონაიამ და გაგა ლიპარტელიანმა დაუწყეს ცემა, რა დროსაც, მსჯავრდებულის თქმით, გონება დაკარგა. გოგიტა ზ.  აღნიშნავდა,  რომ მას დაასხეს წყალი,  გონზე მოსვლის შემდეგ კი ცემით ჩაიყვანეს „ბოქსებში“, სადაც შიშველ მდგომარეობაში 7 საათი გააჩერეს.“

მონაცემების მიხედვით,  2011  წელს  საქართველოს პენიტენციური სისტემის დაწესებულებებზე რიცხული 140  ადამიანია გარდაცვლილი. მათგან 77 (55%) – წლის პირველ ნახევარზე,  ხოლო 63  (45%)  წლის მეორე ნახევარზე მოდის.  2011  წლის განმავლობაში გარდაცვლილთა შორის 5  (4%)  ქალია,  135  (96%) – მამაკაცი.

სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი და გაანალიზებულია გარდაცვლილთა ასაკობრივი სპექტრიც. ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი 22  წლის იყო,  ხოლო ყველაზე ასაკოვანი –80  წლის.

რაც შეეხება პატრიმართა გარდაცვალების მიზეზებს, ეს ჩამონათვალი ასეთია:

ტუბერკულოზი –31.59; ავთვისებიანი სიმსივნეები –14.42; მიოკარდიუმის ინფარქტი –10.77; გულის იშემიური დაავადება –10.54; სისხლდენა –8.65; ფილტვების ანთება –5.94; ნაძალადევი სიკვდილი/ან სხვადასხვა სახის დაზიანებების არსებობა გარდაცვლილთა სხეულზე, გარდაცვლილ პაციენტთა სასამართლო სამედიცინო დიაგნოზების ერთ -ერთი ჯგუფია, რომელიც დიაგნოზთა საერთო სპექტრში 6.57%-ს იკავებს, ასევე, ღვიძლის ციროზი –3.53; ინსულტი– 3.04; გულის სხვა დაავადებები –1.58; არტერიული ანევრიზმები –1.58 და პერიტონიტი –0.65.

გიორგი ტუღუშის განმარტებით, პატიმრებს შორის კარდიოლოგიურმა დაავადებებმაც ციხეებში, შარშანდელთან შედარებით, საგრძნობლად იმატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი