სამართალი

თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

27 მარტი, 2012 • 1329
თამაზ თამაზაშვილის სასამართლო პროცესი დღეს განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 12 საათზე,  თამაზ თამაზაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა განახლდება. თამაზაშვილი ბიძინა ივანიშვილის საინიციატივო ჯგუფის წევრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრია.

სასამართლო პროცესი თითქმის 2 თვეა მიმდინარეობს. ძირითადი მოწმეები თითქმის დაკითხულია.

“ესენი არინ პოლიციელები და ის გამომძიებლები, რომლებიც საქმეს აწარმოებდნენ, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები. ის პოლიციელები, ვინც ჩხრეკა და ამოღება აწარმოა. 4 ადგილას მოხდა ჩხრეკა: პირადი, ავტომანქანის, თბილისის საცხოვრებელი ბინის და დედოფლის წყაროს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა,”– განაცხადა ნეტგაზეთთან საუბრისას თამაზაშვილი ადვოკატმა ლილი გულაშვილმა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ექსპერტების დაკითხვაა დაგეგმილი, მათ ბალისტიკური ექსპერტიზა ჩაატარეს იარაღზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს. შემდგომ სასამართლო სხდომაზე დაიკითხება ბრალდებული თამაზ თამაზაშვილი. ადვოკატის განცხადებით, მას აქამდე ჩვენება არ მიუცია არც გამოძიებისთვის და არც სასამართლოსთვის. თამაზაშვილის დაკითხვის შემდეგ დაცვის მხარე გეგმავს, გამოიკვლიოს ის ნივთმტკიცებულებები, რაც საქმეზეა დართული.

რაც შეეხება წინა სასამართლო პროცესებს, ლილი გელაშვილი აღნიშნავს, რომ პოლიციელებისა და გამომძიებლების ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგო ხასიათის იყო :

“პრინციპში, პოლიციელებს ვახსენებ, თორემ თითოეული მათგანი დეტექტივ– გამომძიებელია. ისინი არ არიან რიგითი პოლიციელები, რომელიც შესაძლოა არ იყოს კარგად ინფორმირებული საგამოძიებო მოქმედებებზე. მიუხედავად  იმისა, რომ ისინი სხვადასხვა დროს იკითხებოდნენ და აქვთ შესაძლებლობა ურთიერთობის, ერთ სისტემაში მუშაობენ, მაინც აბსოლუტურად აურიეს ჩვენებები, სრულიად დაიბნენ.”

ადვოკატის განცხადებით, ერთი ავტომატის ამოღებას, რომელიც მოხდა ავტომანქანიდან და ამ პროცესს რამდენიმე გამომძიებელი ესწრებოდა, ერთმა გამომძიებელმაც კი თავად ამოღების ფაქტი ზუსტად ვერ აღწერა:

“ან ვინ ამოიღო, რაში შეფუთეს, ვერ გაიხსენეს, უბრალოდ, გაზეპირებული ფრაზა “ჩატარდა ჩხრეკა, ამოღებული იქნა” , ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩხრეკა არ მომხდარა, ავტომატი ჩადებულიც კი არ იქნა”, –აცხადებს ადვოკატი.

თამაზაშვილი 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს. მას ბრალი იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ ტარებისთვის ედება. თამაზ თამაზაშვილი კახეთის პოლიციის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი