სამართალი

ქუთაისში ჩემოდანი ააფეთქეს

15 მარტი, 2012 • 1242
ქუთაისში ჩემოდანი ააფეთქეს

ჩემოდანი, რომლის გამოც ქუთაისის ცენტრში, რუსთაველისა და წითელი ხიდებიდან ევაკუაცია განხორციელდა და ტერიტორია რამდენიმე საათის განმავლობაში გადაიკეტა, გამნაღმველებმა ააფეთქეს.

სამართალდამცავების ეჭვი, რომ შესაძლოა ჩემოდანში ბომბი ყოფილიყო ჩამონტჟებული, არ გამართლდა. ჩემოდანი ცარიელი აღმოჩნდა.

ევაკუაცია ქუთაისის ცენტრში დაახლოებით დღის 2 საათზე განხორციელდა:

„ავტობუსიდან ჩამოგვსვეს და არ მოგვცეს ნება ხიდზე გადასვლის. რომ ვიკითხეთ, რა ხდება-თქო, პატრულის თანამშრომლებმა გვითხრეს, შეიძლება ხიდზე ბომბი იყოს დადებულიო, არც ფეხით გადასვლის საშუალება მოგვცეს”, – უთხრა ”ნეტგაზეთს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა ხათუნა მაისურაძემ.

მოგვიანებით გაირკვა, რომ რუსთაველის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გორის პარკის ასასვლელ კიბეებთან, ხის ძირში, მიტოვებული ჩემოდანი ადგილობრივმა მოსახლეობამ შენიშნა და ამის გამო საპატრულო პოლიცია გამოიძახა. თვითმხილველების თქმით, როგორც საპატრულო პოლიციამ მათ უთხრა, შესაძლებელია, რომ ჩემოდანში ნაღმი ყოფილიყო. ამის გამო გადაიკეტა რუსათველისა და წითელი ხიდები.

სამართალდამცავებს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი