სამართალი

რა შეიცვლება შრომის კოდექსში

12 მარტი, 2012 • • 1211
რა შეიცვლება შრომის კოდექსში

პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსს წვავენ/ფოტო: PalitraTV
პროფკავშირების წარმომადგენლები შრომის კოდექსს წვავენ/ფოტო: PalitraTV

ხელისუფლება უახლოეს მომავალში საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებებს გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განუცხადა.

12 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო 2012 წლის 24 იანვარს აშშ-ში, ვაშინგტონში, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის ოფისში გამართული შეხვედრის ოფიციალური სტენოგრამა. შეხვედრას ესწრებოდა როგორც აშშ-ის სხვდასხვა უწყებების ხელმძღვანელობა, ისე საქართველოს სამთავრობო დელეგაცია. ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისრის მოადგილე სერგი კაპანაძე, პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველები – თამარ კოვზირიძე და ვახტანგ ლეჟავა, ასევე მაია სიფრაშვილი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან.

ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციამ ამერიკელ პარტნიორებს სწორედ ამ შეხვედრაზე მისცა პირობა, რომ საქართველოში შრომის კოდექსი შეიცვლება. პროფკავშირების მიერ მოწოდებულ სტენოგრამის თარგმანში პუნქტობრივად არის ჩამოყალიბებული მთავრობის ხედვა, თუ როგორ შეიცვლება მოქმედი შრომის კოდექსი.

კერძოდ, შრომის კოდექსი ისე უნდა შეიცვალოს, რომ უფრო ეფექტურად განხორციელდეს გაერთიანების თავისუფლება – უნდა შეიქმნას ისეთი საკანონმდებლო საფუძვლები და პროცედურები, რომლითაც პროფკავშირის ან ასოციაციის შეჩერება უფრო გართულდება. გარდა ამისა, გაუქმდება პროფკავშიირს შექმნისთვის დაწესებული წევრობის მინიმალური ოდენობის მოთხოვნა და გამარტივდება პროფესიული კავშირის შექმნის პროცედურები.

საქართველოს მთავრობის დაპირებით, დაიხვეწება კოლექტიური მოლაპარაკებებისა და მათთან დაკავშირებული  საქართველოს შრომის კანონმდებლობაში ასახული დებულებები ისე, რომ უზრუნველყოფილი იქნას კოლექტიური ხელშეკრულებების შემდგომი ხელშეწყობა და ეს ნორმები შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.  ასევე, პროფკავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმა უფრო მკაფიო გახდება და დაწესდება სანქციები პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევისთვის.

ამერიკელი პარტნიორებისთვის მიცემული დაპირების თანახმად, გაფიცვის 90-დღიანი ვადა საქართველოში გაუქმდება, უზრუნველყოფილი იქნება დასაქმებულის უფლება, მიიღოს მონაწილეობა საპროტესტო აქციაში. მნიშვნელოვანი ცვლილება შეეხება ბავშვთა შრომის დარეგულირებას – ზუსტად განისაზღვრება ბავშვთა დასაქამების მინიმალური ასაკი, ნათლად ჩამოყალიბდება დებულებები, რომლებიც ზღუდავენ ბავშვთა მუშაობის საათებს და ასევე, უფრო ზუსტად განისაზღვრება საშიშ პირობებთან სამუშაოებზე დასაქმებისთვის დასაშვები ასაკი.

”ამას ვითხოვდით ახლა ჩვენ, რასაც საქართველოს მთავრობა წერს და არაფერს მეტს. ერთი გრამით, ერთი სიტყვით მეტი ჩვენ არაფერი არ მოგვითხოვია. მადლობა ღმერთს, რომ ეს მზაობა არის,” – განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისივე თქმით, აშშ-ის სვააჭრო წარმომადგნელობაში გაუკვირდათ, როცა გაიგეს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებზე მოლაპარაკებები ჯერ არ დაუწყია საქართველოს პროფკავშირებთან.

”სამწუხაროა, რომ საქართველოს მთავრობამ აღნიშნულის შესახებ სოციალური პარტნიორების – საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებისა და და დამსაქმებელთა ასოციაციის – ინფორმირება არ მოახდინა,” – ამბობს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე და იქვე დასძენს, რომ ხელისუფლების მზაობის შესახებ ჯერ კიდევ არაფერი ეცოდინებოდათ, რომ არა ამერიკელი პარტნიორების მიერ ინფორმაციის მოწოდება. პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოების მონაწილეობის გარეშე ხელისუფლებამ ახალი ცვლილებები შრომის კოდექსში არ უნდა შეიმუშაოს.

”ნეტგაზეთი” დღის მანძილზე რამდენჯერმე შეეცადა, ინფორმაცია შესაძლო ცვლილებების შესახებ მოეპოვებინა საქართველოს მთავრობისგან, თუმცა 24 იანვრის შეხვედრაში მონაწილე პირთაგან დაკავშირება ვერავისთან ვერ შევძელით, გარდა სერგი კაპანაძისა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განგვიცხადა, რომ ამ საკითხზე უნდა მიგვემართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლებისთვის, რომლებსაც ვერ დავუკავშირდით.

საქართველოს ამჟამინდელი შრომის კოდექსი არაერთხელ გამხდარა როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მაღალჩინოსნების კრიტიკის ობიექტი.

შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანისა და მოსახლეობის შრომითი უფლებების გაძლიერების რეკომენდაცია საქართველოს ხელისუფლებას აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა და ევროკავშირის წარმომადგენელმა ფილიპ დიმიტროვმა 2011 წლის 27 ოქტომბერს მისცეს.

”მე იმიტომ ვარ დღეს აქ, რომ აშშ-ის მთავრობა და ბარაკ ობამას ადმინისტრაცია მტკიცედ უჭერს მხარს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას. ეს არის კოლექტიური შეთანხმების, გაერთიანებისა და შრომის უფლება. აშშ-მა დიდი ინვესტიცია ჩადო ამ ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო სამი წლის განამვლობაში. საქართველო აშშ-ის დახმარების ყველაზე დიდი მიმღებია ერთ სულ მოსახლეზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ქვეყნის წარმატება შედგება და სწორი გზით წავა,” – განაცხადა 27 ოქტომბერს თბილისში, ”შერატონ მეტეხში გამართულს კონფერენციაზე აშშ-ის ელჩმა ჯონ ბასმა.

ამავე დღეს შრომის კოდექსის საერთაშორისო სტანდარტებთან შეუსაბამობაზე გაამახვილა ყურადღება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გაი რაიდერმა. მისი თქმით, აღნიშნული ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება შრომით ურთიერთობებს საქართველოში და ბოლო დროს ”შემაშფოთებელ ინფორმაციებს იღებს.”

გაი რაიდერის განცხადებით, შრომით ურთიერთობებში პროგრესის მიღწევა პოლიტიკური ნების საკითხია და ტექნიკურად ადვილად განსახორციელებელია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ შრომითი ურთიერთობების სფეროში საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა არის პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის, შრომითი ხელშეკრულებებისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკაშირებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი