სამართალი

მაკა ასათიანი ევროსასამართლოს მიმართავს

6 მარტი, 2012 • 2356
მაკა ასათიანი ევროსასამართლოს მიმართავს

სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც შპს “აკას” (“მერსედესის” წარმომადგენლობა საქართველოში) მფლობელებს მაკა ასათიანს, სალომე ასათიანს და ლუიზა თავართქილაძეს წილის 20% ჩამოერთვათ, სტრასბურგის ევროსასამართლოში გაასაჩივრებენ. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მაკა ასათიანის ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ განაცხადა.

ზემოთ ხსენებული 20%–ანი წილი შპს “აკას” ყოფილ პარტნიორს, დავით ძოწენიძეს გადაეცა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, გარდა სტრასბურგში გასაჩივრებისა, ისინი მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ შეისწავლოს საქმის დეტალები და მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება, ასევე, რეაგირებისკენ მოუწოდებენ საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ხოლო პროკურატურის მხრიდან დავით ძოწენიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრას ითხოვენ სხვისი ფულადი სახსრების მითვისების ფაქტზე.

როგორც დიმიტრი გაბუნია აცხადებს, დავით ძოწენიძე შპს “აკას” დირექტორის თანამდებობიდან საკუთარი განაცხადის საფუძველზე 1996 წელს გაათავისუფლეს, ის ასევე გავიდა პარტნიორთა რიგებიდანაც. მისი წასვლა ფინანსურ მაქინაციებს უკავშირდებოდა, თუმცა, გაბუნიას განცხადებით, მაშინდელმა პარტნიორებმა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება არჩიეს და სამართლებრივი რეაგირება არ მოუხდენიათ:

“ჩვენ ახლა მივმართავთ პროკურატურას, რომ აღძრან საქმე, რადგან გვაქვს შესაბამისი დოკუმენტაცია და გვყავს მოწმეები”, – განაცხადა გაბუნიამ.

1996 წლის შემდეგ დავით ძოწენიძემ პარტნიორობაზე პრეტენზია 2007 წელს გამოთქვა, მან უარი მიიღო, რის შედეგადაც სასამართლოს მიმართა, მისი წილი შპს “აკაში”, 2012 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, უზენაესი სასამართლოს განჩინების შედეგად აღდგა.

დიმიტრი გაბუნიას თქმით, საქმის ამდენი წლის შემდეგ განახლება “მაკა ასათიანის ბოლოდროინდელ აქტივობას უკავშირდება ტელეკომპანია “მაესტროს” მიმართ, მაკა აფინანსებს ყველაფერს “მაესტროში” – ხელფასებს, ტექნიკური ხარჯს, საოპერატოროს, სამონტაჟოს, შენობა მისი ნაყიდია. თუ მაკა ასათიანი, ასე ვთქვათ, “გათიშეს”, “მაესტრო” ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება”, – განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ. მისივე თქმით, ზუსტი თანხა დათვლილი არ არის, მაგრამ საუბარია მილიონობით ლარზე, რადგან “მერსედესის” წარმომადგენლობას საქართველოში უძრავი ქონების გარდა, უზარმაზარი შემოსავალიც გააჩნია. ის პრეზიდენტის გარაჟსაც ემსახურება.

დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა შპს “აკას” წარმომადგენელი ადვოკატი როინ მიგრიაულიც, მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა გერმანული ინვესტიციების საქართველოში ჩადებას საფრთხე შეუქმნას:

“მერსედესის” წარმომადგენლობის აზრით, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, უნდა გაეთვალისწინებინა ხანდაზმულობის 12-წლიანი ვადა, დავით ძოწენიძეს ფინანსური დეკლარაციები აქვს შევსებული, სადაც წერია, რომ მისი პერიოდი შპს “აკაში” მთავრდებოდა 1996 წელს. მე ვთვლი, რომ ეს შურისძიების მომენტია “აკას” მიმართ, ხელშეკრულების გაფორმება გერმანელ ინვესტორებთან ყოველწლიურად ხდება და არ არის გამორიცხული, რომ შემდეგ წელს მათ თავი შეიკავონ ინვესტირებისგან”, – განაცხადა როინ მიგრიაულმა.

“ნეტგაზეთი” შეეცადა დავით ძოწენიძის ადვოკატთან, ლადო სანიკიძესთან დაკავშირებას, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

როგორც მაკა ასათიანის ადვოკატი აღნიშნავს, წილების უკანონო ჩამორთმევა ამით არ დამთავრებულა:

“აღსანიშნავია ის გარემოება, რომ წილების ამგვარმა ჩამორთმევამ ქრონიკული ხასიათი მიიღო, ხვალ კვლავ სასამართლო პროცესია დანიშნული, რომელზეც ვინმე ბატონი კალანდია შპს “აკასგან” 1994 წელს დაპირებულ წილს ითხოვს, მას თითქმის 20 წლის შემდეგ გაახსენდა, რომ გააჩნია გარკვეული პრეტენზიები მაკა ასათიანის ოჯახის მიმართ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი