სამართალი

წიკლაური: როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ვიღაცა აწამეს, გადმოაგდეს და მოამტვრიეს, უღირსობაა

5 მარტი, 2012 • 1138
წიკლაური: როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ვიღაცა აწამეს, გადმოაგდეს და მოამტვრიეს, უღირსობაა

უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წილკაურმა, გადაცემა “აქცენტების” წამყვანის კითხვას იოსებ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით უპასუხა.

“რას აკეთებს პარლამენტი იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებმა ეჭვი არ აღძრას ადამიანებში? გირგვლიანის საქმეის შემდეგ ამ საქმეზე პასუხგაუცემელი კითხვები იქნება მთავარი დარტყმა სამართალდამცველი სტრუქტურების იმიჯისთვის,”- გადაცემის წამყვანის ამ კითხვას წიკლაურმა ასე უპასუხა:

“საქართველოს პოლიციის მხარდაჭერა ქართველი მოსახლეობის მხრიდან არის 87%, ეს მხარდაჭერა ასეთი მაღალი არ არის მხოლოდ იმიტომ, რომ ტექნოლოგიური გადაიარაღება მოხდა, რომ პოლიციელებს უფრო კარგი ტანსაცმელი აცვიათ, ან უფრო კარგი ხელფასები აქვთ, ან – უფრო კარგი შენობები. უპირველეს ყოვლისა, ქართულმა პოლიციამ ჩვენს საზოგადოებაში გააჩინა კანონიერების და კანონის დაცვის რწმენა და ეს მოქალაქეებმა ადეკვატურად აღიქვეს. ერთია– ჩვენი პოლიციის, ჩვენი პატრულის მოქალაქეებთან დამოკიდებულება, მეორე საკითხია ის, რომ შეუძლებელია ასეთი რწმენა გაჩნდეს მოქალაქეებში, თუკი პოლიცია შიგნით არ არის მტკიცე კანონის დაცვაში. თუ თავის თავსაც ორმაგად არ თხოვს კანონის დაცვას, როგორც ის ამას მოქალაქეებს სთხოვს. სხვა პრეცენდენტს მსოფლიო არ იცნობს, რომ ასეთი მაღალი იყოს პოლიციის მხარდაჭერა და შიგნით პოლიციაში არ იყოს ძალიან მტკიცე კანონის დაცვა.

როდესაც ასეთი შემთხვევები ხდება და ბატონი ქიმერიძს შემთხვევა ასეთია, მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვხატო ამ ადამიანის გარდაცვალების გამო. ჩვენ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა სიცოცხლის უფლება. ადამიანი შევიდა პოლიციაში და იქიდან გამოიყვანეს გარდაცვლილი. პოლიციის ვალდებულებაა, რომ იყოს სრული მასშტაბური და ყოვლისმომცველი გამოძიება. პროკურატურა იძიებს, მე რამდენადაც ვიცი, სახალხო დამცველი არის, მე რამდენადაც ვიცი, მაქსიმალურად ჩართული, პარლამენტი. მე დღეს ვესაუბრე ლაშა თორდიას, ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტს, სხვადასხვა წევრებს. ყველა არის მოწოდებული, რომ ეს საქმე მაქსიმალურად გაწმენდილი იყოს ყოველგვარი ბურუსისაგან. ხოლო როდესაც ადამიანები აცხადებენ, რომ ვიღაცა აწამეს, შემდეგ გადმოაგდეს და მოამტვრიეს, ამაზე მეტი უღირსობა მე უბრალოდ არ წარმომიდგენია. სულ რამდენიმე წამში ინციდენტიდან მოვიდნენ ბატონი ქიმერიძის ნათესავები,  აღმოჩნდა, რომ რამდენიმე მათგანი იქვე იყო. ამ ადამიანებმა ყველაფერი თავისი თვალით ნახეს. ამათ უნდათ, რომ დახატონ სურათი, რომ ქიმერიძის ნათესავებს, მის დედას, მეუღლეს, შვილებს არ ანაღვლებთ ქიმერიძის გარდაცვალების ამბავი და ეს ანაღვლებს ბიძნა ივანიშვილს და ცაგარეიშვილს. ეს დამოკიდებულებაა ყველაზე უფრო სულმდაბალი დამოკიდებულება. მე, როგორც პარლამენტის რიგითი წევრი, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ აუცილებელია სრული გამჭირვალეობა ამ საქმესთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, ქართული სახელმწიფო გასცემს ამაზე პასუხს.”

ამავე თემაზე: სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ბუნდოვანი გარემოებები [Video]

ომბუდსმენი ქიმერიძის გარდაცვალების ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას ითხოვს

მერაბიშვილი: ” პოლიციამ მოსახლეობა პოლიციის შენობაშიც უნდა დაიცვას”

მასალების გადაბეჭდვის წესი