სამართალი

EUMM განმუხურში მომხდარ ფაქტზე განცხადებას გააკეთებს

5 მარტი, 2012 • 1153
EUMM განმუხურში მომხდარ ფაქტზე განცხადებას გააკეთებს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) განმუხურში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას რამდენიმე საათში გაავრცელებს. ამის შესახებ ნეტგაზეთს ინფორმაცია სადამკვირებლო მისიის პრესსამსახურში განუცხადეს:

“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა მიმდინარეობს დეტალების დადგენა. რამდენიმე საათში ჩვენ გავავრცელებთ ოფიციალურ განცხადებას რომლის შავი ვარიანტიც უკვე მზადაა, თუმცა რამდენიმე დეტალი მუშავდება”, – განაცხადეს პრესსამსახურში.

საქმე ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც 4 მარტს, 3 საათსა და 20 წუთზე,  რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ქართული პოლიციის საგუშაგოს მიმართულებით სოფელ განმუხურთან:

“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს აღნიშნულ ქმედებას და მოუწოდებს რუსეთის საოკუპაციო ძალას, აღკვეთოს და თავი შეიკავოს შეიარაღებული პროვოკაციებისგან,”-ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მათივე თქმით სროლამ დაახლოებით ათ წუთს გასტანა, შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა, რომელშიც წერია, რომ “აღნიშნული შეიარაღებული პროვოკაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართული მხარის მოთხოვნის სამართლიანობას იმის თაობაზე, რომ რეგიონში არსებული ვითარების დესტაბილიზაციის თავიდან აცილების მიზნით აუცილებელია, რუსეთმა აიღოს ვალდებულება ძალის არგამოყენების თაობაზე, ითანამშრომლოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან, როგორც ამას აკეთებს საქართველო, სრული მოცულობით შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და დაიწყოს საქართველოს ტერიტორიის სრული დეოკუპაციის პროცესი.”

მომხდარს გამოეხმაურა ამერიკის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, მან შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით:

“ ველოდებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ინფორმაციას, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს ის, ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარემ უნდა იცოდეს, რომ აუცილებელია თავშეკავების გამოჩენა და არა ძალადობრივი ქმედებების გამოვლენა”, – განაცხადა ბასმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი