სამართალი

რამაზ ქოქოშვილის საქმე – ბრალდება, 50-დღიანი შიმშილი და მოთხოვნები

20 ივლისი, 2016 • 1824
რამაზ ქოქოშვილის საქმე – ბრალდება, 50-დღიანი შიმშილი და მოთხოვნები

გორში 2 ივნისს პოლიციელის მიმართ წინააღდეგობის გაწევისა და ძალადობრივი გზით მისი საქმიანობის შეწყვეტის ბრალდებით დაკავებული რამაზ ქოქოშვილი თითქმის 50 დღეა შიმშილობს. თბილისში რამაზ ქოქოშვილის მხარდასაჭერად ორი აქცია-მსვლელობა გაიმართა. 18 ივნისს ქოქოშვილის მხარდამჭერთა მსვლელობა იუსტიციის სამინისტროდან დაიწყო და მთავარ პროკურატურასთან დასრულდა, სადაც მისი 20-მდე მეგობარი თითქმის ერთ კვირაა შიმშილობს.

რამაზ ქოქოშვილის მხარდამჭერები მოითხოვენ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რამაზ ქოქოშვილი, ჩატარდეს ობიექტური გამოძიება და სასამართლო პროცესი, შესაბამისი ორგანოების დროულ რეაგირებას, უკანონო ზეწოლებისა და მოქალაქეების უკანონო დაკავებების შეწყვეტას. გარდა ამისა, მათი კიდევ ერთი მოთხოვნაა, სამსახურებიდან გათავისუფლდნენ და პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს საკუთარი უფლებამოსილება და უკანონოდ დააკავეს რამაზ ქოქოშვილი.

ისინი აცხადებენ, რომ რამაზ ქოქოშვილის მდგომარეობა უკიდურესად დამძიმებულია და იმედოვნებენ, რომ სამართლიანი სასამართლო პროცესი ჩატარდება. რამაზ ქოქოშვილის მეგობრები ამბობენ, რომ მათი პროტესტი გაგრძელდება, სანამ ბრალდებული ჯანმრთელი არ გამოვა ციხიდან.

“ხუთდღიანი შიმშილობის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ვახერხებ პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას – ცუდად გავხდი და სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადამიყვანეს. 20-მდე ადამიანი შიმშილობს პროკურატურასთან. სანამ პროკურატურის წინ ვიყავი, არავინ დაინტერესებულა ოფიციალური უწყებებიდან და არაფერი სასიკეთო არ უთქვამთ ჩვენთვის. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა სურვილი, რომ ჩვენთვის დაეჭირათ მხარი და იყვნენ კიდევაც მოსულები, მაგრამ დიდი არაფერი შეცვლილა ამით. გუშინ იყო ადვოკატი რამაზ ქოქოშვილთან შესული და გამოიტანა ინფორმაცია, რომ მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმებულია – ვეღარ გადაადგილდება, ლაპარაკი უჭირს და წყალსაც ძლივს ყლაპავს. სანამ რაღაც სასიკეთო ინფორმაცია არ გვქენება და სამართლიან სასამართლოს არ ჩაატარებენ, რამაზის მხარდამჭერები არ ვაპირებთ შიმშილობის შეწყვეტას. ყველაფერს გავაკეთბთ იმისთვის, რომ ჩვენი მეგობარი ჯანმრთელი გამოვიდეს იქიდან,” – აცხადებს რამაზ ქოქოშვილის მეგობარი, რატი საბანაძე.

ბრალდება

2016 წლის 2 ივნისს ქალაქ გორში პოლიციამ დააკავა რამაზ ქოქოშვილი, რომელსაც ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება – პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღდეგობის გაწევა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.

ბრალდებულ ქოქოშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდების მიხედვით,  2 ივნისს ქალაქ გორში, რესტორან “დარიალში” მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს, დაახლოებით 23 საათსა და 25 წუთზე  შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს მიხეილ ლომიძეს მიაყენა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ლომიძემ მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება. შემთხვევიდან ორი საათის შემდეგ რამაზ ქოქოშვილი დაკავეს მისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.

დაკავების ოქმის მიხედვით, ქოქოშვილი ფაქტობრივად დაკავეს 3 ივნისს, 01:20 წუთზე. აღნიშნულის შემდეგ, 2016 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 07:30 საათზე გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში, სადაც მას ჩაუტარდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქოქოშვილს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის ნაკაწრები და სისხლჩაქცევები შუბლის, თვალების, ცხვირის, იდაყვის მიდამოებში. დასკვნის თანახმად, ეს მიეკუთვნება მსუბუქი ხარისხის დაზიანებებს. დაკავების ოქმში მითითებული მონაცემების მიხედვით, მან დაკავების მომენტში სცადა დამკავებელი მოხელისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მიიყენა თვითდაზიანებები და ასევე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ალეკო თოფჩიშვილს დაკავების ხელშეშლისთვის გაწეული წინააღმდეგობის შედეგად  და ძალის გამოყენებით დაუზიანა სამსახურის ფორმის მაისური.

ბრალდებულ ქოქოშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა და დღემდე იმყოფება გლდანის მერვე საპყრობილეში.

ბრალდებულის ახლობელთა განმარტებები

რამაზ ქოქოშვილი თავს უდანაშაულოდ ცნობს. მას მიაჩნია, რომ მისი დაკავება და დაპატიმრება არის უკანონო. ბრალდებული პროტესტის ნიშნად დაახლოებით 50 დღეა შიმშილობს. ქოქოშვილის შიმშილობის ფაქტს ადასტურებს სახალხო დამცველის აპარატიც, რომლის წარმომადგენელმაც იგი 2016 წლის 16 ივლისს მოინახულა.

19 ივლისს “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს” საქმესთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მისცა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე მყოფმა თვითმხილველმა ლევან ქოქოშვილმა, ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის ძმამ. პატიმრობაში მყოფი ქოქოშვილის ადვოკატი და ახლობლები ბრალდების ვერსიისგან განსხვავებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრობენ. ისინი აცხადებენ, რომ რამაზ ქოქოშვილს მის მიერ წარდგენილ ბრალდებასთან არანაირი შემხებლობა აქვს და პირიქით, იგი პოლიციის უკანონო მოქმედებების მსხვერპლია.

ლევან ქოქოშვილის განმარტებით, თავის ძმასთან და რამდენიმე მეგობართან ერთად გორში რესტორან “დარიალში” იმყოფებოდა, რა დროსაც განვითარდა ინციდენტი ამავე რესტორნის სხვა მაგიდასთან მყოფ მოქალაქე ვლადიმერ შავდათუაშვილთან. ამ უკანასკნელის მიერ ლევან ქოქოშვილისთვის რამდენჯერმე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა. შელაპარაკებით მათ მიიქციეს ამავე რესტორანში მყოფი სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელების ყურადღება, რომელთაგან ერთ-ერთს –  ზურაბ ჩილინგარაშვილს ლევან ქოქოშვილი პირადად იცნობდა. ლევან ქოქოშვილის განმარტებით, მან თავის მეგობრებს ინცინდენტის ამოწურვის მიზნით მოუწოდა რესტორნის დატოვებისკენ და ამით ეს შემთხვევა დასრულდა, რაც ასევე შეატყობინა იქვე მდგარ პოლიციელ ზურაბ ჩილინგარაშვილს.

ლევან ქოქოშვილი კატეგორიულად უარყოფს მისი ძმის, რამაზ ქოქოშვილის რაიმე შემხებლობას ამ ინციდენტთან და აცხადებს, რომ მას ამ მოვლენებში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. იგი ასევე კატეგორიულად უარყოფს პოლიციის თანამშრომლების მიერ მათთვის სამსახურებრივი მოწმობის წარდგენის ფაქტს მთელი ამ ხნის განმავლობაში, ან მათი მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას რესტორნის ტერიტორიაზე, ვინაიდან ეს პირები, მისი თქმით, პოლიციის დღეს აღნიშნავდნენ და ყველანი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ.

ლევან ქოქოშვილის განმარტებით, რესტორნიდან ისინი ფეხით გადაადგილდებოდნენ რამაზ ქოქოშვილის საცხოვრებელი სახლის მიმართულებით, რა დროსაც შარტავას ქუჩაზე მათ მიუახლოვდა რამდენიმე მანქანა რესტორანში მყოფი ნასვამი პოლიციელებით. მისი თქმით, პოლიციელებმა ადგილზე მყოფ რამაზ ქოქოშვილის თანმხლებ პირებს დაუწყეს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, გინება.

ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, რომ მის ძმას, რამაზ ქოქოშვილს, რამდენიმე თვითმხილველის თანდასწრებით პოლიციამ წიხლების ცემით და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებით დაადო ხელბორკილი და ჩასვა მანქანაში. მისივე განმარტებით, დაკავების ოქმში აღნიშნული წინააღმდეგობის გაწევას არავის მხრიდან ადგილი არ ჰქონია, ასევე არ შეესაბამება სიმართლეს დაკავების ოქმში მითითებული ინფორმაცია, თითქოს რამაზ ქოქოშვილმა მიიყენა თვითდაზიანებები, ვინაიდან ეს დაზიანებები გამოწვეულია პოლიციის მუშაკების მხრიდან მის ძმაზე განხორციელებული ძალადობით. ლევან ქოქოშვილის თქმით, ამ პროცესში განსაკუთრებით აქტიურობდა ზურაბ ჩილინგარაშვილი. მისივე განმარტებით, ამ პირების დაკავების შემდეგ, დაახლოებით ღამის 12 საათისთვის ისინი გადაიყვანეს გორის პოლიციის განყოფილებაში, თუმცა იქ მიყვანის შემდეგ მას თავისი ძმა აღარ უნახავს.

ლევან ქოქოშვილის ინფორმაციით, მისი ძმის დაკავების მომენტიდან მეორე დილის 07:30-მდე რამაზ ქოქოშვილი სავარაუდოდ იმყოფებოდა გორში კომბინატის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე პოლიციელთან ერთად, რომლებიც მას ამ პერიოდის განმავლობაში ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. დილას კი გადაიყვანეს ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში. ხაშურში რამაზ ქოქოშვილის მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპტერტიზის დასკვნით დასტურდება მის სახესა და კიდურებზე სხვადასხვა დაზიანებების არსებობა.

როგორც ლევან ქოქოშვილი აღნიშნავს, ადგილობრივი პოლიცია დაინტერესებული იყო და მუდმივად აკონტროლებდა მის ძმას. ახლობლები გორის პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის, ზურაბ ჩილინგარაშვილის პირად დაინტერესებაზეც მიუთითებენ. სამწუხაროდ, ბრალდების მხარის მიერ არ მომხდარა მოძიება და სასამართლოსთვის წარდგენა იმ ვიდეომასალის, რომელიც რესტორნის მიმდებარედ არის განთავსებული და რომლის მეშვეობითაც უკეთ იქნებოდა შესაძლებელი მოვლენების ქრონოლოგიის აღდგენა.

უფლებადამცველების შეფასება

EMC-ის განცხადებით, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების მიღმა, ნასვამ მდგომაროებაში მყოფი პოლიციელების მითითებები არ წარმოადგენს პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და მისი შეუსრულებლობა ვერ ჩაითვლება დაუმორჩილებლობად ან/და წინააღმდეგობის გაწევად:

“სამწუხაროდ, ბოლო წლებში პოლიციასა და სასამართლო სისტემაში დამკვიდრებული პრაქტიკა მიუთითებს პოლიციელის უტყუარობის პრეზუმფციაზე, რაც მსგავს საქმეებში მკვეთრად უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს მოქალაქეს. ამ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალებიდან ბუნდოვანი რჩება, თუ რა სახის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა შსს გორის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ ლომიძე რესტორან “დარიალის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ინცინდენტის დროს ის იმყოფებოდა რესტორანში სხვა პოლიციელებთან ერთად, თუ მოხდა მისი გამოძახება, ასევე რაში გამოიხატა უშუალოდ ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის მიერ წესრიგის დარღვევა და რა გახდა პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევის საფუძველი, რა გარემოებებში მიაყენა პოლიციელს ბრალდებულმა უხეში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და კონკრეტულად რაში გამოიხატა ძალადობა, რაც წარდგენილი ბრალის აუცილებელი ელემენტია,” – აცხადებენ  “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში”.

EMC-ის განცხადებით, ასევე უცნობია, თუკი ბრალდებულის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიმალვის მცდელობას, რატომ გადაწყვიტა მან ინციდენტის შემდეგ პირდაპირ საკუთარ სახლში დაბრუნებულიყო. არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მოცემული საქმის მიმართ კითხვებს აძლიერებს ის მნიშვნელოვანი დაზიანებებიც, რომლებიც ბრალდებულს იზოლატორში მიყვანისას აღენიშნებოდა.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, EMC საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, დროულად ჩაატაროს გამოძიება და დაადგინოს, რა ვითარებაში მოხდა ბრალდებულ რამაზ ქოქოშვილის დაკავება, ასევე გამოიძიოს მის მიმართ ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტი. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს, მოახდინოს საქმეში არსებული გარემოებების სრულყოფილი შეფასება და განუხრელად დაიცვას მტკიცების ტვირთი, რომელიც სწორედ ბრალდების მხარეს ავალდებულებს წარადგინოს უტყუარი მტკიცებულებები, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცებს პირის დამნაშავეობას.

EMC მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაგეგმოს და განახორციელოს სისტემური შიდა მონიტორინგი, რომელიც შეისწავლის პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების, დანაშაულის პროვოცირების შესაძლო შემთხვევები. ორგანიზაცია მოუწოდებს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, ბრალდებულ ქოქოშვილის შიმშილის ფაქტთან დაკავშირებით უზრუნველყოს შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით, რათა არ გაუარესდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი