სამართალი

ექსპროპრიაციით დაზარალებული ოჯახი სტრასბურგში ჩივის

20 თებერვალი, 2012 • 1275
ექსპროპრიაციით დაზარალებული ოჯახი სტრასბურგში ჩივის

ორუბკინა თავისი სახლის ნანგრევებთან
ორუბკინა თავისი სახლის ნანგრევებთან

საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ბათუმის მერიამ ეკატერინე და ლუბა კორუბკინებს პრეზიდენტის თანხმობითა და ექსპროპრიაციის წესით, ანუ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებიდან გამომდინარე ჩამოართვა. აუცილებელ საჭიროებად მაშინ მერია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე გამავალი გზის აეროპორტის გზატკეცილთან მიერთებას ასახელებდა. თუმცა იმ ადგილზე, სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, ის მხოლოდ ბულვარის შემადგენელ ნაწილად იქცა. ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

ექსპროპრიაციის წესით ქონების ჩამორთმევისა და სახლის დანგრევის შემდეგ ეკატერინე კორუბკინამ სასამართლოს მიმართა. მას შემდეგ, რაც მისი სარჩელის განხილვაზე საქართველოში არსებულ ყველა ინსტანციაში უარი უთხრეს, დაზარალებულმა საქმის გაგრძელება ევროპის უფლებათა სასამართლოს მიანდო, კორუბკინების ოჯახი საქართველოს სახელმწიფოს, საკუთრების ხელყოფისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის გარდა, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის უჩივის. სარჩელი სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო.

კორუბკინების ოჯახის გარდა, ბულვარის გაგრძელებისა და ახალი გზის მშენებლობისთვის კომპენსაციის სანაცვლოდ საკუთრების დათმობის თაობაზე მერიამ მოლაპარაკება სულ 101 ოჯახთან აწარმოა. აქედან 39 ოჯახს ექსპროპრიაცია შეეხო, ანუ მათ ქონება ჩამოართვეს. კორუბკინებისგან განსხვავებით, ამ ოჯახებთან მერიამ შეთანხმება მოახერხა, თითოეულ ოჯახს კვადრატულ მეტრზე 67 ლარი და იმდენივე კვ/მ ფართობი მისცეს, რაც მათ ქონების ჩამორთმევამდე გააჩნდათ. მათი უმრავლესობა ადლიის სანაპირო ზოლში ძირითადად ბარაკის ტიპის სახლებში ცხოვრობდა. რაც შეეხება კორუბკინებს, მათ ორსართულიანი კაპიტალური ნაგებობის სახლი  და ნაკვეთი ჩამოერთვათ. მერიამ მათაც იმავე პირობებით შესთავაზა მორიგება, რაზეც კორუბკინები არ დათანხმდნენ.  „ბათუმელებთან“ საუბარში ისინი მიიჩნევდნენ, რომ შეთავაზება მათი ქონების ღირებულების ადეკვატური არ იყო.

ბათუმის მერიამ კორუბკინებისა და კიდევ 33 ოჯახისათვის ქონების ჩამორთმევაზე თანხმობა ჯერ საქართველოს პრეზიდენტისგან, შემდეგ კი სასამართლოსგან მიიღო. ამ პროცედურის გავლის შემდეგ კანონი მერიას მესაკუთრესთან მოლაპარაკებასა და კომპენსაციის თაობაზე შეთანხმებას ავალდებულებდა. ეკატერინე კორუბკინას მამაპაპისეული სახლი ბათუმის მერიამ საკუთრებად 2010 წლის თებერვალში ისე დაირეგისტრირა, რომ მესაკუთრესთან მსგავსი შეთანხმება არც წერილობით და არც სიტყვიერად მიღწეული არ ყოფილა. 2010 წლის ზაფხულში კი მერიამ კორუბკინების სახლის დანგრევის ბრძანება გასცა, რაც მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ეკატერინე კორუბკინას დის, 71 წლის ლუბა კორუბკინას თვალწინ აღასრულა. სახლის დანგრევის პროცესს ადგილზე ამ სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი დავით დავითაძე ხელმძღვანელობდა.

71 წლის ლუბა კორუბკინა სახლის დანგრევის შემდეგ საცხოვრებლად დასთან, ეკატერინე კორუბკინასთან გადასვლას არ დასთანხმდა, ის ღამეებს სახლის ნანგრევებთან სახელდახელოდ გამართულ ჰამაკში ათენებდა. სახლის დანგრევიდან თვენახევარში კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და გარდაიცვალა. ოჯახის ადვოკატის, ირაკლი შავაძის თქმით, ლუბა კორუბკინას ახლობლები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას საკუთრების წართმევას და  სახლის დანგრევის გამო მიღებულ სტრესს უკავშირებენ, რის გამოც კორუბკინები საკუთრების ხელყოფის გარდა სახელმწიფოს წამებისა და არაადამიანური მოპყრობისათვისაც უჩივიან. „ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ გამოიყურებოდა და როგორი ჯანმრთელი იყო ის ქალბატონი, სანამ მას თვალწინ დაუნგრიეს მამაპაპისეული სახლი, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა.“- ამბობს  ოჯახის ადვოკატი ირაკლი შავაძე.  ლუბა კორუბკინა მთელი ცხოვრება მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა.

ექსპროპრიაციის შესახებ კანონით კონკრეტულად არის განსაზღვრული, რა სამუშაოების წარმოებისას არის შესაძლებელი ქონების ჩამორთმევა, ჩამონათვალში მითითებულია საავტომობილო გზის მშენებლობაც, რასაც ბათუმის მერია კორუბკინებისათვის ქონების ჩამორთმევის აუცილებლობას ასაბუთებდა. შერიფ ხიმშიაშვილის გზის გაგრძელების მშენებლობა დასრულდა, თუმცა ადგილზე,  სადაც კორუბკინების სახლი იდგა, გზა არ გასულა, იმ ადგილას ბულვარი გაშენდა, ბულვარის გაშენებისთვის კი კანონი ქონების ჩამორთმევას არ ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი