სამართალი

საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების მონიტორინგის შედეგები

3 თებერვალი, 2012 • 1295
საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების მონიტორინგის შედეგები

“ადამიანის უფლებათა ცენტრმა” დღეს “საქართველოში მშვიდობიანი შეკრებების თავისუფალი მონიტორინგის” შედეგები წარმოადგინა.

ანგარიშის ფარგლებში ექვსი თვის მანძილზე, 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ივნისამდე, გამართული აქციების მონიტორინგი მიმდინარეობდა.

25 მონიტორი მონაცემებს ბათუმში, კახეთში, სამეგრელოში, ფოთში და თბილისში აგროვებდა.

როგორც “ადამიანის უფლებათა ცენტრის” აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი აღნიშნავს, ეს პერიოდი საკმაოდ რთული აღმოჩნდა, ამიტომ მათ აქტიური მუშაობა მოუხდათ:

“აქ არის მიმოხილული როგორც, ზოგადად, კანონმდებლობა შეკრების თავისუფლების თვალსაზრისით, ასევე, მისი პრაქტიკული განხორციელება. ანგარიში ასახავს იმ რეალურ სიტუაციას, რაც საქართველოში არსებობს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების პრაქტიკული რეალიზაციის თვალსაზრისით. სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა ცნობილი 26 მაისის მოვლენები, ვეტერანთა აქციის დარბევა იანვარში. ამ აქციების დროს დაზარალდა ათობით ადამიანი, ხოლო რამდენიმე გარდაიცვალა, თუმცა ამ ფაქტების გამოძიება ნორმალურად დღემდე არ მომხდარა”.

დღევანდელი ანგარიშის პრეზენტაციას ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების, ადამიანის უფლებათა ოფისის და ევროპის საბჭოს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ყველაზე მკაცრი შეფასება სწორედ 26 მაისისა და ვეტერანების აქციის დარბევამ მიიღო. აქციებზე პოლიციის ქმედება გაუმართლებლად შეფასდა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია ფაქტები, როდესაც სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პოლიციელებმა მოქალაქეები დააკავეს. ერთ–ერთი ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულია რენი ჰარლინის “აგვისტოს 5 დღის” პრემიერაზე, როდესაც პროტესტის გამოხატვის მსურველი ადამიანები სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა კინოთეატრამდე არ მიუშვეს და დააკავეს.

ანგარიშის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა საქართველოს სახალხო დამცველი, რომელიც მონიტორინგის შედეგებს დეტალურად იცნობს:

“ანგარიშზე მომუშავე ექსპერტების ხედვა ძალიან დიდ ნაწილში ემთხვევა სახალხო დამცველის აპარატის ხედვას, საუბარია როგორც საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც დღესდღეობით მოქმედებს, ასევე, ამ მუხლების პრაქტიკაში რეალიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ზოგადად, კანონმდებლობაში მკვეთრი გაუარესება მაინც 2009 წელს დაფიქსირდა. 2011 და 2010 წლებში იყო რამდენიმე ცვლილება, რომელიც პოზიტიურად შეფასდა, თუმცა რჩება რამდენიმე საკითხი, რომელიც დახვეწას მოითხოვს, იგივე აკრძალვა, რომელიც გარკვეულ შენობებთან 20 მეტრის რადიუსში აქციების გამართვას ეხება, ასევე, რამდენიმე საკითხი აქციის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ა.შ. თუმცა, მე ვფიქრობ, საქართველოში გაცილებით მეტი პრობლემაა პრაქტიკაში, ვიდრე კანონმდებლობაში”, – განაცხადა გიორგი ტუღუშმა.

ანგარიშში რამდენიმე ისეთი შემთხვევაცაა აღნიშნული, როდესაც პოლიციის პროვოცირებაც ხდებოდა, მაგალითად, მოყვანილია კომპანია “სილქნეტის” შენობასთან ტელეკომპანია “მაესტროს” პროტესტი, ასევე, რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიციამ მომიტინგეები არ დაშალა. თუმცა ჟურნალისტი ზვიად ქორიძე თვლის, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიცია არ არღვევს კანონს, მაგრამ საზიანო პროცესების პროვოცირებას იწყებს:

“შეიძლება 21 მაისს პოლიცია კარგად მოიქცა, რომ აქცია არ დაშალა, მაგრამ 26 მაისს მოიქცა საშინლად. ერთი ძალიან თვალშისაცემი, რაც იკვეთება არის ის, რომ სხვა მექანიზმი ხელისუფლებამ უკვე აღარ იცის, ან ვეღარ იყენებს, გარდა ძალადობისა და რეპრესიული მანქანებისა. ყველა ეს აქცია მან გადაიყვანა დაშლის რეჟიმში და შექმნა ისეთი ვითარება, როდესაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური ზიანი, ზოგიერთი მათგანი კიდეც გარდაიცვალა.
ხშირად პოლიცია იწყებს ახალი ტიპის დარღვევების გამოწვევას. აი, ეს გამოაჩინა კარგად ამ მონიტორინგმა.”

Human Rights Wacht-ის წარმომადგენელი გიორგი გოგია თვლის, რომ Human Rights Wacht-ის ანგარიში და დღევანდელი ანგარიში ერთმანეთს ეხმიანება:

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არის რამდენიმე მუხლი, ესენია– პოლიციის დაუმორჩილებლობა, წვრილმანი ხულიგნობა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა. ძირითადად, ეს სამივე მუხლი გამოიყენება ხოლმე აქციების დარბევის ან დაშლის შემდეგ. დაკავებული ხალხის გასამართლება ადმინისტრაციული წესით ხდება, თუმცა არ არის დაცული გარანტიები იმისა, რომ ადამიანი არ იქნება დაკავებული თვითნებურად. გარანტიები, რომლებსაც ევროპული კონვენცია და სხვა საერთაშორისო ნორმები აწესებენ თვითნებური დაკავების წინააღმდეგ, დღესდღეობით, სამწუხაროდ, ჩვენს კანონმდებლობაში არ დევს.”

მასალების გადაბეჭდვის წესი