სამართალი

სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

2 თებერვალი, 2012 • • 1539
სოფო ნიკოლაშვილი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ

სოფო ნიკოლაშვილი
სოფო ნიკოლაშვილი

პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის დაპატიმრებულ სოფო ნიკოლაშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს. ადვოკატის თქმით, ნიკოლაშვილს გამოძიებისთვის დეტალური ჩვენება არ მიუცია, თუმცა თავს დამნაშავედ მხოლოდ ნაწილობრივ ცნობს.

ადვოკატმა მაგული ღვალაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ სოფო ნიკოლაშვილი მხოლოდ იარაღის უკანანო ტარების ფაქტს აღიარებს და ამბობს, რომ მას პოლიციელის – გიორგი სიბაშვილის მკვლელობა წინასწარ განზრახული არ ჰქონდა. ბრალდებულის მტკცებით, მან იარაღი სიბაშვილის შეშინების მიზნით იმიტომ ამოიღო, რომ შეეშინდა, პოლიციელს მასზე ძალა არ ეხამარა.

”ბავშვმა იარაღი ჩანთიდან ამოიღო შესაშინებლად, გაუპატიურება უნდოდა მისი. მან ხელი უტაცა იარაღზე. ამათ უნდათ, ბრალი წაუყენონ განზრახ მკვლელობის მუხლით. ეს განზრახ მკვლელობა რომ ყოფილიყო, მაშინ ჩანთიდან ესროდა. იარაღი სეიფიდან მე მომპარა,” – განუცხადა ”ნეტგაზეთს” სოფო ნიკოლაშვილის მამამ, დავით ნიკოლაშვილმა.

სოფო ნიკოლაშვილის ადვოკატი მაგული ღვალაძე ამბობს, რომ საქმის დეტალებზე – თუ რატომ მოიპარა სოფომ მამამისის იარაღი, რატომ ჰქონდა თან გიორგი სიბაშვილთან შეხვედრისას და რა ურთიერთობა აკავშირებდა მასთან – სოფო ნიკოლაშვილი მოგვიანებით, გამოძიებისთვის დეტალური ჩვენების მიცემისას ისაუბრებს. ღვალაძის თქმით,  ნიკოლაშვილი ამჟამად სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება და მას დეტალური ჩვენების მიცემა არ შეუძლია.

დაკავებულ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108 და 236 მუხლების(მკვლელობის მცდელობა, იარაღის უკანონო ტარება) მიხედვით წაუყენეს. მისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების საკითხზე თელავის რაიონული სასამართლო ხვალ, 3 თებერვალს, იმსჯელებს.

აღნიშნული ინციდენტი 31 იანვარს გურჯაანში მოხდა. კახეთის საინფორმაციო ცენტრი წერს, რომ ”სამართალდამცავების ცნობით, სოფო ნიკოლაშვილი შეეცადა გიორგი სიბაშვილისთვის მამამისის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, თუმცა სიბაშვილმა მას იარაღი წაართვა. პოლიციაში აცხადებენ, რომ სოფო ნიკოლაშვილს გიორგი სიბაშვილი უყვარდა.”

გიორგი სიბაშვილისა და სოფო ნიკოლაშვილს შორის მეგობრული ურთიერთობას უარყოფს დაკავებულის მამა დავით ნიკოლაშვილი. მისი თქმით, რადგან სოფო ჟურნალისტი იყო, გიორგის ისევე იცნობდა, როგორც კახეთში მომუშავე ძალოვანი უწყების სხვა თანამშრომლებს.

დავით ნიკოლაშვილი მომხდარს თავის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. როგორც ის აცხადებს, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყო, ახლა კი ”ქართული ოცნების” საქმიანობაშია ჩართული. დავით ნიკოლაშვილი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს და მიიჩნევს, რომ ”ყველაზე სუსტ ადგილზე” დაარტყეს.

დაკავებულს დადებითად აფასებს გაზეთ ”კახეთის ხმის” რედაქტორი მაია მამულაშვილი. მისი თქმით, სოფო ნიკოლაშვილი გაზეთში 2011 წლის აგვისტომდე მუშაობდა, შემდეგ კი სასწავლებლად თბილისში გადავიდა და სამსახურიც მიატოვა, თუმცა რედაქციის თანამშრომლებთან ბოლო დრომდე ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. მაია მამულაშვილს მომხდარის მიზეზებზე საუბარი უჭირს.

რადიო ”ჰერეთის” ინფორმაციით, 21 წლის გიორგი სიბაშვილი, რომლის მკვლელობის მცდელობისთვისაც სოფო ნიკოლაშვილი დააკავეს, შს სამინისტროს  კახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომელია. მისი მამა, გოჩა სიბაშვილი კი გურჯაანის პოლიციის უფროსის მოადგილეა. გარდა ამისა, გიორგი სიბაშვილი კახეთის ვიცე-გუბერნატორის, გიორგი სიბაშვილის ძმისშვილია.

ამავე თემაზე:

დავით ნიკოლაშვილი: ”სოფო თავს გაუპატიურებისგან იცავდა”

ჟურნალისტი პოლიციელის მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული


მასალების გადაბეჭდვის წესი