სამართალი

იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა

24 ივნისი, 2016 • 1071
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი სააპელაციო სასამართლომ უცვლელი დატოვა

სააპელაციო სასამართლომ 24 ივნისს უცვლელი დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი და იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს კვლავ 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2014 წლის 20 იანვარს კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში იური ვაზაგაშვილი საკუთარი შვილის, ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე ააფეთქეს.

პროკურატურამ 2015 წლის 7 თებერვალს ბრალდებულის სახით დააკავა გია სოსანაშვილი. პროკურატურის განცხადებით, სოსანაშვილი ნათლად ხედავდა, რომ იური ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რის შედეგაც მისი აფეთქება დაგეგმა.

2015 წლის 6 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ იური ვაზაგაშვილის “განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით,  ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ ცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად დაუნიშნა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა”.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი