სამართალი

რა შეიძლება გახდეს პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძველი

27 იანვარი, 2012 • • 2039
რა შეიძლება გახდეს პერსონალური მონაცემების გაცემის საფუძველი


დღეს, 27 იანვარს, იუსტიციის სამინისტროში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონის საჯარო განხილვა გაიმართა.

განხილვაში მონაწილეობდნენ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაცების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს წარომამდგენლები. ღონისძიება იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა გახსნა და აღნიშნა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” კანონი ერთ–ერთი ყველაზე დემოკრატიულია და პირადი ინფორმაციის დაცვის უმაღლეს სტანდარტებს აწესებს. შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა.

არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნულ კანონში არ არის ნათლად განმარტებული, თუ რის საფუძველზე შეიძლება მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის (სექსუალური ორიენტაცია, რელიგიური და პოლიტიკური მრწამსი, ჯამრთელობის მდგომარეობა) დამუშავება.

იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის კვლევებისა და ანალიზის სამმართველოს უფროსის, ნინო სარიშვილისა და სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი გაბრიელაშვილის განცხადებით, ამ კანონით მონაცემთა შეგროვება შეიძლება მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრული კანონიერი მიზნისათვის, ინფორმაციის შეკრება და დამუშავება უნდა განხორციელდეს იმ მოცულობით, რაც აუცილებელია კანონიერი მიზნის მისაღწევად.

“ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც დაამუშავებენ, უნდა იყოს კანონიერი მიზნის მისაღწევად. ხოლო ინდივიდის თანხმობის გარეშე, მონაცემების დამუშავება შესაძლებელია მხოლოდ მკაფიოდ განსაზღვრულ შემთხვევაში. თანხმობა არის ერთ–ერთი მთავარი, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება,” – განაცხადა პრეზენტაციაზე გაბრიელაშვილმა.

კითხვაზე, თუ რამ განაპირობა ახლა აღნიშნული კანონის მიღება და რა არის კანონის მთავარი პრინციპი, სამოქალაქო რეესტრის თავმჯდომარის მოადგილე პასუხობს:

“პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი აქამდე არ რეგულირდებოდა სრულყოფილად. ახალი კანონი ითვალისწინებს ახალი დამოუკიდებელი ორგანოს შექმნას, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ყველა დაწესებულების კონტროლზე, თუ რამდენად იცავენ ისინი პერსონალურ მონაცემებს.

კანონის მთავარი პრინციპია ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ეხება ადამიანების ჯამრთელობას, დაბადების მონაცემებს, მისამართს, პირად ნომერს და ა.შ. უნდა მოხდეს ამ ინფორმაციის დამუშავება მხოლოდ კანონიერი მიზნებისთვის, მხოლოდ იმ მიზნისთვის, რაც აუცილებელია თვითონ ამ პირის მომსახურებისთვის და არ მოხდეს არალეგიტიმური და სხვა პირადი მიზნებისთვის კანონის გამოყენება. კანონი საკმაოდ პროგრესულია, უახლოესი ერთი–ორი წლის განმავლობაში დიდი სამუშაო გველის წინ ამ კანონის პრაქტიკაში დასანერგად,” – აღნიშნავს გაბრიელაშვილი.

არასამთავრობოების განცხადებით, ამ კანონით შესაძლოა, რომ პიროვნების სექსუალური ორიენტაციის, ანდა პოლიტიკური ან რელიგიური მრწამსის გამო, დამქირავებელმა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩააყენოს დაქირავებული.

გაბრიელაშვილის განცხადებით, “კანონი უკეთეს მდგომარეობაში ვერ ჩააყენებს დამქირავებელს, იმიტომ, რომ პირიქით, კანონი დღეს უფრო მეტად ზღუდავს დამმუშავებელს. შეიძლება, ეს ნორმა არაზუსტად იქნა გაგებული. კანონი ახლა კი არ აწესებს რაიმეს დამუშავებას და კი არ აძლევს ვინმეს რაიმეს გაკეთების საშუალებას, პირიქით, კანონი მთელი თავისი პათოსით მოწოდებულია შეზღუდვების დაწესებაზე, მონაცემთა დამუშავებაზე, მკაცრ რეგლამენტირებაზე.”

რა შეიძლება იყოს, ინფორმაციის გაცემის მთავარი საფუძველი.

გაბრიელაშვილის თქმით, გაცემის მთავარი საფუძველია ის, რომ უნდა არსებობდეს პიროვნების თანხმობა:

“თქვენი თანხმობის არარსებობის პირობებში არის სხვა საფუძვლები– თუ ეს პირდაპირ გათვალისწინებულია კანონით, თუ ეს აუცილებელია დაწესებულების ფუნქციების შესასრულებლად. კანონი ადგენს ასეთ პრინციპს, რომ მონაცემების დამუშავება იმ მიზნის პროპორციულია, ვისთვისაც ხდება ამ მონაცემის დამუშავება და უნდა ხდებოდეს მისი შენახვა იმ ვადით, რა ვადითაც შესაძლებელია მიზნის მიღწევა. მაგალითად, მე თუ რაღაც კონკრეტული სადაზღვევო ოპერაციისთვის დავაგროვე მონაცემი, ეს შეიძლება შევინახო მხოლოდ იმ ვადის განმავლობაში, რაც აუცილებელია მიზნის მისაღწევად. მიზანი კი იდენტიფიცირებული და ნათლად განსაზღვრული უნდა იყოს.”

შესაძლოა თუ არა ინსპექციაში მოხვედრილი ინფორმაცია გახდეს საჯარო?

“ეს კანონი იქმნება იმ მიზნით, რომ დაცული იყოს პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით წესები და შეზღუდვები. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ინფორმაცია, რომელიც ინსპექტორმა მიიღო იმისთვის, რომ გამოეკვლია, ვერ გახდება სხვებისთვის ცნობილი, რა თქმა უნდა, შემოწმების შედეგები, ვინ შეამოწმა და ვინ დაჯარიმდა და რისთვის, ეს უნდა გახდეს ცნობილი და საჯარო”.

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადამიანის უფლებების სფეროს იურისტი ვახუშტი მენაბდე “ნეტგაზეთთან” აღნიშნავს, რომ ამ კანონიდან სამი ტიპის შენიშვნა გამოიყოფა.

“ერთი შენიშვნა ზოგადად კანონის სირთულეს უკავშირდება. ჩვენ გვგონია, რომ უშუალოდ ძალიან რთულია, მითუმეტეს კერძო სექტორისთვის ამ კანონის ნათლად გაგება და შეიძლებოდა კონკრეტული რეკომენდაციების ჩასმა. მეორე პრობლემა შეეხება სენსიტიური მონაცემების საკითხს, კანოში არ არის ნათელი გარკვეული პუნქტები, რის საფუძველზეა შესაძლებელი მოხდეს პერსონალური მონაცემების სენსიტიური ნაწილის დამუშავება და მესამე შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის საკითხს, რომლის დანიშვნაც უფრო საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან იქნებოდა უპრიანი, ვიდრე რომელიმე მინისტრის მხრიდან, როგორც დღეს არის წარმოდგენილი.”

ვინ იქნება მონაცემთა დაცვის ინსპექტორი?

“ის იქნება სახალხო დამცველის მსგავსი პირი, რომელსაც ეყოლება თავისი აპარატი, სადაც მოიყრის თავს ყველა ინფორმაცია, არა დეტალურად, არამედ კატეგორიების მიხედვით. მაგალითად, ის რომ იუსტიციის სამინისტროს აქვს მონაცემები მის თანამშრომელთა ტელეფონის ნომრების შესახებ. აი ეს, და არა თითოეული თანამშრომლის ტელეფონის ნომერი. ნებისმიერ ინდივიდს შეეძლება კატეგორიების სახით არსებული ინფორმაციები ნახოს, იმიტომ, რომ ეს იქნება საჯარო. შეიქმნება ვებ–გვერდი და ნებისმიერ ფიზიკურ პირს შეეძლება ნახოს ესა თუ ის ორგანიზაცია, მის შესახებ რა ინფორმაციას ამუშვებს, მაგრამ ეს არ იქნება ინდივიდუალიზებული, არამედ კატეგორიების სახით წარმოდგენილი, ზედაპირული და არა სიღრმისეული,” – აღნიშნა სარიშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.

აღნიშნული კანონი ძალაში 2012 წლის 1 მაისს შევა, ხოლო კერძო სექტორის მიმართ კანონი გადავადებულია 2016 წლამდე.

ამავე თემაზე:

არავითარი პირადი

მასალების გადაბეჭდვის წესი