სამართალი

გიორგი ტუღუშმა ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართა

26 იანვარი, 2012 • 1160
გიორგი ტუღუშმა ვანო მერაბიშვილს რეკომენდაციით მიმართა
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, შეისწავლოს მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ყველა გარემოება და მიიღოს კანონშესაბამისი გადაწყვეტილება. 

“2011 წლის 11 ივლისს სახალხო დამცველს განცხადებით მიმართა მოქალაქე სოფიო ცუცქირიძემ. განმცხადებელს მიაჩნდა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებით დაირღვა მისი უფლებები. 
სახალხო დამცველმა გამოითხოვა და შეისწავლა საქმის ამსახველი სრული დოკუმენტაცია. 

შსს–ს საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის წერილის თანახმად, მოქალაქე სოფიო ცუცქირიძე სამინისტროს ორგანოებიდან დათხოვნილ იქნა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2011 წლის 1 ივნისის დასკვნის საფუძველზე „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2003 წლის 24 ივნისის №217 ბრძანების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით (თანამშრომელთა შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის მიერ დისციპლინური გადაცდომა დასტურდება შემდეგი ფაქტებით: სამსახურში სისტემატური დაგვიანება, სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება, ხელმძღვანელობის შენიშვნაზე არაადეკვატური რეაგირება, კონფლიქტურობა, სამსახურისადმი გულგრილი დამოკიდებულება და სამსახურიდან გათავისუფლების სისტემატური მოთხოვნა. 

სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანებითა და გენერალური ინსპექციის 2011 წლის 1 ივნისის დასკვნით ვერ დგინდება, თუ რაში გამოიხატებოდა პოლიციის უმცროსი ინსპექტორის, სოფიო ცუცქირიძის მხრიდან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება, კერძოდ, რა სამართლებრივი შედეგი დადგა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მოქალაქე ს. ცუცქირიძის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების ან გულგრილი დამოკიდებულების გამოვლენისას. ამასთან, როგორც დასკვნაში იქნა მითითებული, განმცხადებელი სისტემატურად ითხოვდა სამსახურიდან განთავისუფლებას. ამ შემთხვევაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ იმსჯელა, კონკრეტულად რა გარემოებების გამო ითხოვდა განმცხადებელი სამსახურიდან გათავისუფლებას. ამასთან, როგორც მოქალაქე სოფიო ცუცქირიძის პირადი საქმიდან ირკვევა, აღნიშნული დისციპლინური გადაცდომა წარმოადგენს პირველ დისციპლინურ გადაცდომას და ამ დრომდე იგი არაერთგზის იქნა წახალისებული სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისათვის. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის 2011 წლის 1 ივნისის დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი წესების დარღვევით, კერძოდ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის გარეშე. 

ამდენად, სახეზეა ის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები, რომლითაც დასტურდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას  კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების არსებითად დარღვევის ფაქტი, რაც წარმოშობს, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის 1-ლი და მე–2 ნაწილების მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.”-ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი