სამართალი

ალფა ბანკი აცხადებს, რომ ენმ-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტები ყალბია

17 ივნისი, 2016 • 2145
ალფა ბანკი აცხადებს, რომ ენმ-ის მიერ გავრცელებული დოკუმენტები ყალბია

“გაცნობებთ, რომ ეს დოკუმენტები უხეშად გაყალბებულია. გვინდა აღვნიშნოთ, რომ დოკუმენტებში დაშვებულია უხეში პროფესიული შეცდომები ბანკის მუშაობის სპეციკიფასთან დაკავშირებით ანგარიშების გახსნის თაობაზე”, – ასე უპასუხა ნეტგაზეთის შეკითხვას დღეს, 17 ივნისს ენმ-ის მიერ გავრცელებულ დოკუმენტებთან დაკავშირებით რუსეთის ალფა ბანკის პრესსამსახურმა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორცხელის ინციდენტამდე რამდენიმე დღით ადრე, 17 მაისს რუსეთის ალფა-ბანკის მეშვეობით კალა კაპიტალ ლიმიტედმა (რეგისტრირებულია კვიპროსში, პარტნიორი კახა კალაძე) და ფიზიკურმა პირმა დავით ქარსელაძემ გიორგი გიგაურსა და ვლადიმერ გეგეშიძეს, ჯამში, 35 ათასი ამერიკული დოლარი ჩაურიცხეს. გიორგი გიგაური და ვლადიმერ გეგეშიძე კორცხელის ინციდენტის დროს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებისთვის ხულიგნობის მუხლით არიან ბრალდებული.

საიდან მოიპოვა ენმ-მ ზემოხსენებული დოკუმენტი? ნეტგაზეთმა ამ კითხვით პარტიის ახალ სახეს, იურისტ ოთო კახიძეს მიმართა:

“ჩემს ხელში არ აღმოჩენილა, ეგ დოკუმენტი მიაწოდეს ირმა ნადირაშვილს, დეპუტატს, რომელიც წყაროს გამხელის ვალდებულებისგან თავისუფალია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ბლანკზეა და სველი ბეჭედი და ხელმოწერა აქვს, მე მაინც იურისტი ვარ და განცხადებაში მოვითხოვეთ ის, რომ შეემოწმებინათ დოკუმენტის ავთენტურობა და მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაედგინათ კალაძის შესაძლო მონაწილეობა ამ ინციდენტში. ჩვენი ვორდინგი [სიტყვები] არის არა კატეგორიული, არამედ გამოძიებას მივანდობთ. როდესაც ასეთი დოკუმენტს გაწვდიან, საზოგადოებას ეს ინფორმაცია უნდა გააცნო. ამ დოკუმენტის ავთენტურობაში დარწმუნებული ვერ ვიქნებით, რადგან ჩვენ არ ვართ არც საექსპერტო დაწესებულება და არც ალფა ბანკთან გვაქვს კავშირი”, – გვითხრა კახიძემ. მისივე თქმით, ენმ ვერც დამოუკიდებლად ჩაატარებდა ექსპერტიზას სამხარაულის ბიუროს მეშვეობით, რადგან დოკუმენტზე მოცემული ხელმოწერის სხვა ნიმუშები არ აქვს შესადარებლად.

“კორცხელის ფაქტზე ჩვენ გამოძიება დაწყებული გვაქვს. დღეს გავრცელებულ ინფორმაციას ასევე გაითვალისწინებს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში იქნება შესწავლილი ყველა ახალი გარემოება’, – განუცხადეს ნეტგაზეთს შინგან საქმეთა სამინისტროში. თუმცა უწყებაში ვერ აკონკრეტებენ, დაიკითხება თუ არა, მაგალითად, კახა კალაძე. ოთო კახიძის თქმით, მას გამოძიების თაობაზე შსს-დან არავინ დაკავშირებია.

ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ირმა ნადირაშვილმა და ოთო კახიძემ დღეს, 17 ივნისს პრესკონფერენცია გამართეს და ზემოხსენებული ფინანსური ტრანზაქციების ამსახველი დოკუმენტები [რომელთა ავთენტურობა ჯერ დადგენილი არ არის] წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, ენმ-ს მიაწოდეს. ნადირაშვილი და კახიძე არ აკონკრეტებნ, ვინ მიაწოდა დოკუმენტები მათ.

ჯერჯერობით უცნობია კახა კალაძის კომენტარი. ნეტგაზეთი ენერგეტიკის სამინისტროსთან პრესსამსახურთან დაკავშირებას ცდილობს.

რუსთავი 2-თან საუბარში ზემოხსენებულ საკითხზე ვლადიმერ გეგეშიძემ განაცხადა, რომ ენმ-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია:

“ტყუილია, არაფერი ჩამრიცხვია. დოკუმენტები რა, დაამტკიცონ. ეს ყველაფერი ტყუილია”, – ამბობს გეგეშიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი