სამართალი

ივანიშვილს მოქალაქეობა აპრილში უნდა აღუდგინონ

9 იანვარი, 2012 • • 1712
ივანიშვილს მოქალაქეობა აპრილში უნდა აღუდგინონ

ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი
ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს  ზუსტად ორი თვე და 25  დღე აქვს  იმის გადასაწყვეტად, მისცეს თუ არა მთავარ პოლიტიკურ მეტოქეს – ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა.  ხვალ, 10 იანვარს კი, მოსამართლე შოთა გეწაძემ ივანიშვილის ადვოკატებს უნდა გადასცეს თავისი დასაბუთებული გადაწყვეტილება, თუ რატომ მიიჩნია კანონიერად ივანიშვილისთის მოქალაქეობის შეწყვეტა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებისა  და დოკუმენტის შესწავლის შემდეგ ბიძინა ივანიშილის ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.


მოსამართლე შოთა გეწაძემ 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა. მან კანონიერად მიიჩნია მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის კი – უკანონოდ. შესაბამისად, თუ პრეზიდენტმა სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაასაჩივრა, ივანიშვილის ცოლს მოქალაქეობა აღუდგება.

სასამართლოში ბრძოლის პარალელურად, ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. ივანიშვილის ადვოკატმა ზაქარია ქუცნაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ივანიშვილი აკმაყოფილებს ქართული კანონმდებლობის ყველა მოთხოვნას და ის საქართველოს მოქალაქე უნდა გახდეს.

“უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის შესახებ”  პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, პრეზიდენტს ამ განცხადებაზე პასუხის გასაცემად აქვს სამთვიანი ვადა.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ პრეზიდენტის აღნიშნული ბრძანებულება  დაწვრილებით ადგენს ყველა პროცედურას, რომელიც უნდა გაიაროს საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა და ასევე ის მოქმედება, რაც სახელმწიფო უწყებებმა უნდა შეასრულონ ამ პროცესის დროს.

ბრძანებულების მიხედვით, თუ პრეზიდენტმა ივანიშვილის განცხადებას პასუხი არ გასცა, სამი თვის შემდეგ ითვლება, რომ პრეზიდენმა უარი თქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. ამ სამ თვეში არ ითვლება ის დამატებითი დრო, რომელიც შეიძლება პირს დასჭირდეს დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, პროცედურით დადგენილია, რომ განცხადება მოქალაქეობის მიღების შესახებ  წარედგინება ან უშუალოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ან საქართველოს საკონსულოს, რომელმაც ეს განცხადება სამ დღეში უნდა გადაუგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.

სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უნდა მოამზადოს სათანადო დასკვნა, ანუ რამდენად შეესაბამება მოქალაქეობის მიღების მსურველი საქართველოს კანონმდებლობას, რამე წინააღმდეგობა ხომ არ არსებობს, რამდენად სწორია წარმოდგენილი საბუთები და ა.შ. მომზადებული დასკვნა უნდა გადაეცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა კი ამ დასკვნის საფუძველზე სამ თვეში უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

აქამდე არსებული ბრძანებულების მიხედვით, სამოქალაქო რეესტრს დასკვნის მოსამზადებლად ხუთდღიანი ვადა ჰქონდა, რაც რამდენიმე დღის წინ გაუქმდა. შესაბამისად, რეესტრს კონკრეტული ვადა არა აქვს დასკვნის მოსამზადებლად.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი კახა კოჟორაძე მიიჩნევს, რომ ეს სიტუაციას მნიშვნელოვნად არ ცვლის, რადგან უცვლელი დარჩა ის სამთვიანი ვადა, რა დროის განმავლობაშიც პრეზიდენტმა უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება.

მსგავსი მოსაზრება აქვს ვახტანგ ხმალაძესაც.

“გამომდინარე იქიდან, რომ არ შეცვლილა პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების სამთვიანი ვადა, რეესტრის მიერ დასკვნის მომზადების გონივრულ ვადად შეიძლება მივიჩნიოთ დაახლოებით ორთვენახევარი. ანუ, ის დრო, რომლის შემდეგაც პრეზიდენტის სამსახური და პრეზიდენტი მოასწრებენ გადაწყვეტილების მიღებას.  სამოქალაქო რეესტრმა ეს გადაწყვეტილება იმ ვადაში უნდა მოამზადოს, რომ მთლიანობაში სამ თვეში ჩაეტიოს ყველაფერი,” – განუცხადა ვახტანგ ხმალაძემ ნეტგაზეთს.

ვახტანგ ხმალაძისვე თქმით, არსებობს გაეროს კონვენცია მოქალაქეობის არმქონე პირების შესახებ, რომელთანაც მიერთებულია როგორც საქართველო, ისე საფრანგეთი. აღნიშნული კონვენცია ამბობს, რომ ქვეყნებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ, რომ პირი არ აღმოჩნდეს მოქალაქეობის არმქონე.  შესაბამისად, კონვენციის წევრი ქვეყნების კანონმდებლობაში არის შეტანილი ნორმები, რათა პირი არ დარჩეს მოქალაქეობის გარეშე.

საქართველოს კანონის მიხედვით, თუ საქართველოს მოქალაქემ მიმართა ხელისუფლებას საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის თხოვნით და არ არსებობს ამ განცხადების დაუკმაყოფილებლობის რაიმე კანონიერი საფუძველი, მაშინ საქართველოს სახელმწიფო ამ პირისაგან მოითხოვს უცხო სახელმწიფოს მიერ გაცემულ წერილობით გარანტიას, რომ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის შემთვევაში ეს პირი მიღებული იქნება იმ ქვეყნის მოქალაქედ. ასეთი გარანტიის არარსებობის შემთხვევაში, საქართველო უარს ეტყვის ამ პირს მოქალაქეობიდან გასვლაზე.  ასეთი გარანტიის შემთხვევაში, ამ პირის განცხადება დაკმაყოფილდება.

“ახლა კი, როცა ივანიშვილს მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქობა აქვს, იმის პასუხისმგებლობა, რომ ის მოქალაქეობის გარეშე არ დარჩეს, აკისრია საფრანგეთის სახელმწიფოს. თუ საფრანგეთმა არ მიიღო საქართველოსგან იმის მყარი გარანტია, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეობიდან გასვლის შემდეგ მიიღებს საქართელოს მოქალაქეობას, სავარაუდოდ, ის ივანიშვილს შეუნარჩუნებს საფრანგეთის მოქალაქეობას,” – ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

იგი ასევე დასძენს, რომ შესაბამის კანონში არსებობს მოთხოვნები, რომ პრეზიდენტის უარი მოქალაქეობის მიღებაზე გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტებით და უნდა არსებობდეს უარის რეალური, კონკრეტული საფუძველი.

მასალების გადაბეჭდვის წესი