სამართალი

როსტომ მეფის სასახლის საქმე სასამართლოში

26 დეკემბერი, 2011 • • 3348
როსტომ მეფის სასახლის საქმე სასამართლოში

როსტომ მეფის სასახლე
როსტომ მეფის სასახლე

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები დღეს, 26 დეკემბერს,  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრებენ დედაქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის გადაწყვეტილებას როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ადვოკატები – არჩილ კბილაშვილი და ეკა ბესელია– საჩივარს თბილისის მერიაში იმის გამოც შეიტანენ, რომ ზედამხედველობის სამსახურმა როსტომ მეფის სასახლე ექსპლუატაციაში არ მიიღო. ივანიშვილის ადვოკატები უახლოეს დღეებში კიდევ ერთ სარჩელს ამზადებენ და სასამართლოში მოითხოვენ, ”ქართუ ჯგუფის” კუთვნილი შენობიდან გამოასახლონ იქ შესახლებული პირები. საჩივარი მზადდება პოლიციელების წინააღმდეგაც, რომელთაც ივანიშვილის მხარე უმოქმედობაში ადანაშაულებს.

როსტომ მეფის სასახლე თბილისში, ერეკლე მეორის მოედანზე, #3-ში მდებარეობს. მისი მფლობელია შპს ”ახალი კაპიტალი,” რომელიც ”ქართუ ჯგუფში” შემავალი კომპანიაა.

ადვოკატები როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშირებით ოთხ ძირითად პრობლემაზე საუბრობენ: 1. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ როსტომ მეფის სასახლის მშენებლობის შეჩერება და შენობის ექსპლოატაციაში არმიღება, 2. თბილისის მერიის მიერ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აღნაგობის უფლების გაუქმება(მიწისქვეშა ავტოსადგომის 49-წლიანი მართვის უფლების ჩამორთმევა), 3. სასახლეში უცხო პირების შეჭრა და 4. როსტომ მეფის სასახლის წინ უკანონო ხის კონსტრუქციის აღმართვა.

შპს ”ახალი კაპიტალისა” და ბიძინა ივანიშვილის იურიდიული ჯგუფის იურისტის, არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ”ახლმა კაპიტალმა” ზედამხედველბის სამსახურს 2011 წლის 1 სექტემბერს მიმართა როსტომ მეფის სასახლის ექსპლუატაციაში მიღების თხოვნით. გადაწყვეტილება უწყებას 30 სამუშაო დღეში, 13 ოქტომბრამდე, უნდა მიეღო, რაც არ მომხდარა. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის #57 დადგენილების მიხედვით, სასახლე ვარგისად მიიჩნევა.

არჩილ კბილაშვილის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში მიღების ნაცვლად ზედამხედველობის სამსახურმა შენობის მშენებლობა 26 ოქტომბერს საერთოდ შეაჩერა. ამ ნაბიჯის შედეგად ”ახალ კაპიტალს” არა აქვს შესაძლებლობა, მშენებლობისას დაშვებული დარღვევები გამოასწოროს. ამ დადგენილების გასაუქმებლად იურისტებმა საჩივარი ჯერ კიდევ 8 ნოემბერს შეიტანეს თბილისის მერიაში, თუმცა ის არ დაკმაყოფილდა.

საბოლოოოდ ზედამხედველობის სამსახურმა 13 ოქტომბრის ნაცვლად, ვადების დარღვევით, 30 ნოემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება და როსტომ მეფის სასახლე ექსპლუატაციაში არ მიიღო.

”როსტომ მეფის სასახლესთან დაკავშიებით, ერთი მხრივ, ქალაქ თბილისის მერიისა და მისი სამსახურების დესტრუქციული ქმედებანი, მეორე მხირვ კი, პოლიციის ორგანოთა უმოქმედობა, იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ როსტომ მეფის სასახლის ირგვლივ შექმნილი პრობლემები სახელმწიფო ორგანოთა მიერ ხელოვნურად არის შექმნილი. ჩვენი მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს როსტომ მეფის სასახლით სარგებლობის უფლება და შეწყვიტოს ხელისუფლებამ პოლიტიკური დევნის მიზნით საკუთრების ხელყოფა,”- აცხადებენ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები.

არჩილ კბილაშვილი სწორედ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ განცხადებებს მიიჩნევს იმ პრობლემების საფუძვლად, რაც როსტომ მეფის სასახლის გარშემო შეიქმნა. როგორც ადვოკატი ამბობს, ”ახალმა კაპიტალმა” სასახლის აშენებისას ნამდვილად დაუშვა ხარვეზები და მისი აზრით, ეს ”ნორმალური პრპოცესია”, რადგან არც ერთი მშენებლობა არ ემთხვევა ზუსტად პროექტში არსებულ ნახაზს.

კბილაშვილის თქმით, ეს არ იყო ფუნდამენტური დარღვევები და ეხებოდა ისეთ პრობლემას, როგორიცაა, ფილების განსხვავებული განლაგება პროექტში არსბეული მოდელისგან განსხვავებით, ასევე, ფილებს შორის არსებული ღარების სიდიდე და ა.შ. ადვოკატი ამბობს, რომ მშენებლობის გაუქმებით მერიამ ”ახალ კაპიტალს” არ დაუტოვა შანსი, გამოესწორებინა ხარვეზები, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, ”ახალმა კაპიტალმა” ზედამხედველობის სამსახურში როსტომ მეფის სასახლის შეცვლილი, ახალი პროექტი წარადგინა, რომლის განხილვა ახლაც მიმდინარეობს.

ივანიშვილის ადვოკატები უმოქმედობაში ადანაშაულებენ პოლიციას და უახლოეს მომავალში კონკრეტული სამართალდამცავების წინააღმდეგ პროკურტურაში საჩივარსაც შეიტანენ.

არჩილ კბილაშვილი იხსენებს 24 ოქტომბერს, როცა საღამოს 9 საათზე დაურეკეს და უთხრეს, რომ როსტომ მეფის სასახლეში ადამიანთა ჯგუფი აპირებდა შესვლას. ადგილზე მისულ ადვოკატს უცხო პირებმა განუცხადეს, რომ ისინი იყვნენ კომპანია ” ლაით ჯგუფის” წარმომადგენლები და მათ კომპანია “Property Menagment”-თან ხელშეკრულება ჰქონდათ გაფორმებული. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით კი, მათ იჯარით ჰქონდათ აღებული როსტომ მეფის სასახლის პირველ სართულზე არსებული 150 კვადრატული მეტრი ფართი.

ივანიშვილის ადვოკატი ამბობს, რომ არც ”ლაით ჯგუფსა” და არც “Property Menagment”–ს არანაიირ კავშირი არა აქვს  ”ქართუ ჯგუფთან” და ბიძინა ივანიშვილთან, შესაბამისად, გაუგებარია, რა ხელშეკრულების საფუძველზე შევიდნენ როსტომ მეფის სასახლეში.

იმის გამო, რომ უცხო პირების გამოსახლება სწრაფად მომხდარიყო, ”ახალმა კაპიტალმა” პოლიციას ნოემბრის დასაწყისში მიმართა, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ ყოფილა. კანონით კი, სამართალდამცავებს რეაგირებისთვის ერთთვიანი ვადა ჰქონდათ.

პოლიციის შემდეგ უცხო პირების გამოსახლების მოთხოვნით ”ახალ კაპიტალს” სარჩელი შეაქვს სასამართლოში, რაც დროში გაწელილი პროცესია. თითოეულ ინსტანციას საქმის განსახილველად 6-თვიანი ვადა აქვს.

როსტომ მეფის სასახლე რამდენიმე კვირის წინ უნდა გახსნილიყო და იქ საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”ქართული ოცნების,” ასევე, ბიძინა ივანიშვილის სამომავლო პარტიის ცენტრალური ოფისი უნდა განთავსებულიყო. ”ქართული ოცნების” ამჟამინდელი ოფისი როსტომის სასახლის მოპირდაპირე მხარეს, გაცილებით მცირე ზომის შენობაში მდებარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი