სამართალი

ბიძინა ივანიშვილის ”მოკვეთილი მარჯვენა”

22 დეკემბერი, 2011 • • 1716
ბიძინა ივანიშვილის ”მოკვეთილი მარჯვენა”

დღეს, 22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თინათინ სირაძემ, ზუსტად 7 წუთი დახარჯა ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ხუთი ადვოკატის 80-წუთიანი საპაექრო სიტყვის საპასუხოდ. ამით საქმის განხილვა დასრულდა და ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილი 27 დეკემბერს გახდება.

სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა კი, რომელიც პროცესში მესამე მხარის – რეესტრის უფლებებს იცავს, საპაექრო სიტყვის წარმოთქმას პრეზიდენტის წარმომადგენელზე ნაკლები დრო – 6 წუთი მოანდომა.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ხუთი ადვოკატი – ეკატერინე ბესელია, შალვა თადუმაძე, არჩილ კბილაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე და ზაქარია ქუცნაშვილი– 80 წუთის მანძილზე ცდილობდნენ დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა #602 ბრძანებულება ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით უკანონოდ გამოსცა.

ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კანონის 40 მუხლი დაარღვია. თადუმაძემ კიდევ ერთხელ შეაჯამა ის არგუმენტები, რატომაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული მუხლები დაარღვია პრეზიდენტმა.

ადვოკატის მტკიცებით, პრეზიდენტი არ იყო უფებამოსილი, შეეწყვიტა მომჩივანებისთვის მოქალაქეობა, რადგან მას აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით პირადი ინტერესი ჰქონდა. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილს, პრეზიდენტის პოსტის გარდა, უკავია პარტია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პოსტიც. შესაბამისად, ივანიშვილის ადვოკატი მიიჩნევს, რომ სააკაშვილმა თავისი გადაწყვეტილებით საკუთარ პარტიას პოლიტიკური ოპონენტი ჩამოაცილა.

შალვა თადუმაძე ამბობს, რომ ამ შემთვევაში გადაწყვეტილება მოქალაქეობის გაუქმებასთან დაკავშირებით სასამართლოს საშუალებით უნდა მიეღო. აღნიშნულ უწყებას უნდა შეეტანა საჩივარი სასამართლოში და სასამართლო გადაწყვეტდდა, გაეუქმებინა თუ არა ივანიშვილ-ხვედელიძისთვის მოქალაქეობა. გარდა ამ გარემოებისა, შალვა თადუმაძემ ყურადღება გაამახვილა მოქალაქეობის შეწყვეტისას გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებსა და უკანონობაზე.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტისა და რეესტრის გადაწყვეტილების პოლიტიკური მოტივი იმითაც დაასაბუთეს, რომ მოქალაქეობა არ შეუწყდათ ივანიშვილისა და ხვედელიძის შვილებს, რადგან მათ არა აქვთ საარჩევნო ასაკი და ისინი ”არ წარმოადგენენ საფრთხეს სააკაშვილისთვის.”

ადვოკატებმა ხაზი გაუსვეს იმასაც, რომ ეკატერინე ხვედელიძეს, ბიძინა ივანჳშვილკისგან განსხვავებით, არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემდეგ. შესაბამისად, ატგუმენტი, რომ მას მოქალაქეობა სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო შეუწყდა, უსაფუძლოდ მიაჩნიათ.

”ჩვენ ვითხოვთ, თქვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდეს კანონს, თუმცა გასაგებია ის პოლიტიკური კონტექსტი, რაც ამ საქმეს ახლავს. მე ძალიან მინდა, თქვენ გაუძლოთ ამ გამოწვევას. მე მინდა გირჩიოთ, არ გადააბიჯოთ სამართლიანობას, პატივი სცეთ კონსტიტუციას, სასამართლოს რეპუტაციას და გამოიტანოთ კანონზე დაფუძნებული გადაწყვეტილება,” – მოსამართლე შოთა გეწაძისადმი მიმართვით დაასრულა საპაექრო სიტყვა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა ეკა ბესელიამ. მისივე თქმით, ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სულმოუთქმელად ელდება მოსამართლის გადაწყვეტიელბას.

”დიახ, თქვენი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კანონს და საზოგადოებრივმა ინტერესმა არ უნდა მოახდინოს გავლენა თქვენს გადაწყვეტილებაზე,” – ამჯერად მოსამართლეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა თინათინ სირაძემ მიმართა.

მან აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსარჩელეთა მოთხოვნას პრეზიდენტის #602 ბრძანებულების გაუქმებასთან დაკავშირებით და მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა ადვოკატები სუბიექტურ სამართლებრივ შეფასებებს ეფუძნება, რაც სასამართლომ არ უნდა გაითვალისინოს.

თინათინ სირაძემ მოკლედ თქვა იმის შესახებაც, რომ  აღნიშნულ საქმეში გამორიცხავს პრეზიდენტის პირად ინტერესს, რადგან პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით მიიღო. ფაქტობრივი გარემოება კი ისაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და ეკატერინე ხვედელიძე, საქართველოს გარდა, არიან საფრანგეთ-რუსეთის მოქალაქეები.

პრეზიდენტის წარმომადგნელის თქმით, მიხეილ საკაშვილმა პროცედურების დაცვით, კანონთან შესაბამისად შეუწყვიტა მოქალაქეობა ივანიშვილ-ხვედელიძის წყვილს და მას უსაფუძვლოდ მიაჩნია ადვოკატ შალვა თადუმაძის მტკიცება სხვადასხვა კანონის 40 მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით.

საპაექრო სიტყვა წარმოთქვა პროცესში მესამე მხარის სტატუსით ჩართულმა სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა გიორგი გაბრიელაშვილმა. პრეზიდენტის წარმომადგენლის მსგავსად, მანაც მცირე დროში, 6 წუთში, ჩამოაყალიბა სათქმელი.

გიორგი გაბრიელაშვილის თქმით, საქართველოს კანონში არსად წერია განსხვავებაზე საქართველოს მოქალაქეებს შორის და მნიშვნელობა არა აქვს, პირი საქართველოს მოქალაქე გამონაკლისი წესით გახდა, ნატურალიზაციის, თუ მოქალაქეობის მიღების გზით.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი გაბრიელაშვილმა თავისი სიტყვის დასასრულს დასძინა, რომ რეესტრის საშუალო რგოლის თანამშრომლებმა საქვეყნოდ ცნობილი ადამიანის მიმართ იხელმძღვანელეს თანასწორობის პრინციპით და ”ბიძინა ივანიშვილს მისმა ფინასნურმა რესურსმა და სახელმა იმუნიტეტი ვერ შეუქმნა.”

საპაექრო სიტყვების დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, შალვა თადუმაძემ, რეპლიკით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ივანიშვილის დამსახურებას საქართველოს წინაშე.

ადვოკატმა ისაუბრა დახარჯულ 1.6 მილიარდზე, ”გადარჩენილ კულტურაზე, სპორტსა და საზღვარგარეთ სამკურნალოდ წაყვანილ ბავშვებზე.”

შალვა თადუმაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ააშენა და რესტავრაცია ჩაუტარა 500-ზე მეტ ტაძარს და გახდა ათსაუკუნოვანი მოვლენის – სამების საკათედრო ტაძრის ავტორი.

”როგორც ყევლა ქართველს, მეც მეზიზღება ის ჯალათი, რომელმაც პირველი საკათედრო ტაძრის ამშენებელს მარჯვენა მოკვეთა,” – განაცხადა სასამართლო პროცესის დასრულებამდე შალვა თადუმაძემ. მისი თქმით, მსგავსი რამ ახლა არ უნდა განმეორდეს.

მოსამართლე შოთა გეწაძემ საქმის განხილვა დასრულებულად გამოაცხადა. ის თავის გადაწყვეტილებას 27 დეკემბერს გამოაქვეყნებს.

არასასურველი გადაწყვეტილების შემთხვევაში ივანიშვილის ადვოკატების მის გასაჩივრებას გეგმავენ. თუმცა ისინი ადამიანის უფლებათა ერვოპული სასამართლოსთვის უკვე ამზადებენ ერთ სარჩელს მოსამართლე შოთა გეწაძის გადაწყვეტილების გამო.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პრეზიდენტის #602 ბრძანებულების შეჩერებასთან დაკავშირებით. ამის საფუძვლად ივანიშვილის ადვოკატები იმას ასახელებდნენ, რომ ნებისმიერი ადმინისტრაციული აქტი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანამდე შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი