სამართალი

ადამიანის რა უფლებები ირღვეოდა 2011 წელს საქართველოში

10 დეკემბერი, 2011 • • 2021
ადამიანის რა უფლებები ირღვეოდა 2011 წელს საქართველოში

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილმა დღეს, 10 დეკემბერს, თბილისში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით 2011 წლის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს გააცნო ის ძირითადი ტენდენციები, რაც გასულ წელს საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით გამოვლინდა.

საია 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, ტრადიციულად, ღონისძიებათა სერიით აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები რიყეზე გამართული აქციით გაიხსნა. ”ახალგაზრდა იურისტებმა” ჰაერში ლურჯი ფერის ბუშტები გაუშვეს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თამარ ჩუგოშვილმა აქცენტი 2011 წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გამოკვეთილ რამდენიმე ძირითად პორობლემაზე გააკეთა.

საია მიიჩნევს, რომ გასული წლის განმავლობაში კვლავაც მწვავედ იდგა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის საკითხი.  პრობლემური იყო სისხლის სამართლის კატეგორიისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები. სისხლის სამართლის საქმეებზე აღსანიშნავია აღმკვეთი ღონისძიებების გამოყენება, ხშირად წინასწარი პატიმრობა გამოიყენება სრულიად დაუსაბუთებლად და კანონის მოთხოვნათა დარღვევით. ასევე, პრობლემურია ადმინისტრაციული სამართალდარღვევების განხილვის შემთხვევები, განსაკუთრებით ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში. როგორც წესი, არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლება, სასამართლოს გადაწყვეტილებები არ არის დასაბუთებული, სასამართლო ხშირ შემთხვევაში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე და არ იხილავს ან არ იზიარებს სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებს;

მეორე პრობლემა, რაზეც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საუბრობს,  არის კანონის წინაშე თანასწორობა. საის მოსაზრებით, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ხშირად იყო არათანაბარი მიდგომის შემთხვევები. რიგ შემთხვევებში სისხლის სამართლის პოლიტიკა მეტისმეტად მკაცრია და საკმაოდ მსუბუქი დანაშაულებისთვის არაპროპორციულად მკაცრი პასუხისმგებლობა დგება. ამის პარალელურად კი, ზედმეტად მსუბუქი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ან საერთოდ არ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, სხვადასხვა საჯარო მოხელეებს, თანამდებობის პირებსა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთა ქმედებებში, რიგ შემთხვევებში, ნათლად იკვეთება დანაშაულის ნიშნები (მაგალითად, 26 მაისს აქციის დაშლას მოჰყვა რამდენიმე სამართალდამცველის დისციპლინური პასუხისმგებლობა, რაც, ჩვენი შეფასებით, არ იყო ჩადენილი კანონდარღვევების პროპორციული, ასევე არ გასაჯაროვდა ამ პასუხისმგებლობის დაკისრების დეტალები); 

საია ყურადღებას ასევე ამახვილებს  შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვაზე.

”ქართული საზოგადოება 2011 წლის განმავლობაში აღნიშნული უფლების რეალიზაციაში სამართალდამცავთა უკანონო ჩარევის მომსწრე რამდენჯერმე გახდა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მშვიდობიანი შეკრება/მანიფესტაცია პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან უკანონოდ დაიშალა, მათ შორის გამოყენებულ იქნა უხეში ფიზიკური ძალა, რომლის გამოყენების საჭიროება არ არსებობდა (მაგალითად, 2011 წლის 3 იანვრის ინციდენტი, როდესაც პოლიციამ დაშალა ომის ვეტერანების მშვიდობიანი აქცია). განსაკუთრებით პრობლემური იყო სამართალდამცავთა მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენება, რისი თვალსაჩინო მაგალითიც არის 26 მაისის აქციის დაშლა, რომლის დროსაც პოლიციამ გამოიყენა აშკარად გადამეტებული ძალა, რის შედეგადაც ასეულობით აქციის მონაწილე დაშავდა. შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ ასეთი კანონდარღვევის ფაქტებს არ მოყვება სათანადო რეაგირება და დამრღვევ პირებს არ ეკისრება ადეკვატური პასუხისმგებლობა, რაც იწვევს დაუსჯელობის სინდრომის გამძაფრებას. შეკრების და  მანიფესტაციის დაშლის პროცესში ადგილი ჰქონდა ასევე ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას,” – განაცხადა საია-ს თავმდომარე თამარ ჩუგოშვილმა. მისივე თქმით, უკანასკნელი წლის განმავლობაში წამების და არაადამიანური ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე იმატა საიას ბენეფიციართა რაოდენობამ. განსაკუთრებულად პრობლემურია ჯანმრთელობის დაცვის საკითხები თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ასევე, არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს არაადამიანურ მოპყრობას. საია საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ”ასეთი დანაშაულის შემთხვევებს, როგორც წესი, არ მოჰყვება ადეკვატური რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან, ანუ დამნაშავეთა დასჯა.”

”ახლაგაზრდა იურისტების” ინფორმაციით, გასულ წელს მნიშვნელოვანი იყო  საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტები. ”ახალგაზრდა იურისტების” ცნობით, ამ უფლების რეალიზაციის კუთხით განსხვავებული სახის პრობლემები ფიქსირდება სხვადასხვა რეგიონებში. რიგ შემთხვევებში, მასიურად ხდებოდა საკუთრების უფლების რეგისტრაცია, ხოლო მოგვიანებით– ამ რეგისტრაციის უკანონოდ გაუქმება; ზოგიერთ შემთხვევაში აუცილებელი საზოგადოებრივი  საჭიროებისთვის საკუთრების ჩამორთმევა ხდებოდა არაადეკვატური ანაზღაურების სანაცვლოდ; ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც სრულიად დაუსაბუთებლად და უკანონოდ ხდებოდა საკუთრების რეგისტრაციაზე უარის თქმა.

2011 წლის პრობლემურ საკითხებს შორის დასახელდა შრომის უფლება. საია-ს მტკიცებით,  საქართველოს შრომის კოდექსი თითქმის არავითარ გარანტიებს არ ითვალისწინებს დასაქმებულთა ინტერესების და უფლებების დასაცავად. შესაბამისად, ხშირად ირღვევა შრომის უფლები. ასევე, პროფკავშირების ინფორმაციით, წლის განმავლობაში იზღუდებოდა პროფესიულ კავშირებში გაერთიანების თავისუფლება.

საია მიიჩნევს, რომ გასულ წელს ასევე ირღვეოდა  დევნილთა უფლებები.

”წლის განმავლობაში რამდენიმე სერიად განხორციელდა დევნილთა კანონის დარღვევით ან/და დაუსაბუთებლად  გამოსახლება, შეწყდა კომპენსაციების გაცემისა და სტატუსის მინიჭების პროცესი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებებმა მრავალი ადამიანი დატოვა ადეკვატური საცხოვრებლის, ანაზღაურებისა და დაცვის გარეშე,” – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

საია-ს თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ორგანიზაციამ აღნიშნული დასკვნები იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაამუშავა, რა ინფორმაციასაც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” საქართველოს რვა ქალაქში არსებული იურიდიული დამხარების ცენტრში მისული მოქალაქეებისგან იღებს.

პრობლემების გარდა, თამარ ჩუგოშვილმა აღნიშნა ის პროგრესი, რასაც საქართველომ 2011 წელს მიაღწია ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. ერთ-ერთ ასეთ მიღწევად ჩუგოშვილი რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის წესის შესახებ მიღებულ კანონს მიიჩნევს. იურისტის თქმით, ამ ნაბიჯის შემდეგ საქართველოში მოქმედი რელიგიური გაერთიანებები  ფორმალურად თანასწორნი გახდნენ, თუმცა ეს კანონი არ აგვარებს ქონებრივ და სხვა საკითხებს და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს.

თამარ ჩუგოშვილმა ასევე წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა იმ კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც, 2012 წლის 1 იანვრიდან ტელეკომპანიები ვალდებულნი იქნებიან, საჯარო გახადონ თავიანთ მფლობელთა ვინაობა და დაფინასების წყაროები.

მასალების გადაბეჭდვის წესი