სამართალი

სასამართლომ ნაგვის გადახდის წესი ძალაში დატოვა

7 დეკემბერი, 2011 • 1137
სასამართლომ ნაგვის გადახდის წესი ძალაში დატოვა

თბილისის საკრებულოს დეპუტატების – თინათინ ხიდაშელისა და ზურაბ აბაშიძის– სარჩელი ნაგვის გადასახადის ახალი წესის გაუქმებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს, 7 დეკემბერს, არ დააკმაყოფილა.

თბილისის საკრებულოს წევრები -”რესპუბლიკელი” თინათინ ხიდაშელი და ”თავისუფალი დემოკრატებიდან” ზურაბ აბაშიძე–დასუფთავების გადასახადის ელ. ენერგიის გადასახადზე მიბმის თაობაზე საკრებულოს  გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდნენ. დეპუტატების აზრით, აღნიშნული აქტის მიღებისას დარღვეული იყო როგორც პროცედურული, ისე თანმდევი დოკუმენტაციის საკითხები.

”თუ ეს აქტი მაინცდამაინც მისაღებია, ჩვენ ველოდით, რომ სასამართლო საკრებულოს დაავალებდა ხელახალ განხილვას და როდესაც საკრებულოში თავიდან შემოვიდოდა, პროცედურულად გამართულ დოკუმენტს განვიხილავდით”- განუცხადა თინათინ ხიდაშელმა “ნეტგაზეთს”. მისივე თქმით, ერთ-ერთ სადავო საკითხს აქტის მიღებისას შესაბამისი საფინანსო დასაბუთების წარმოუდგენლობა წარმოადგენს. ნორმატიული აქტების შესახებ კანონის მიხედვით კი, ასეთი ტიპის აქტებს უნდა ერთვოდეს საბიუჯეტო გაანგარიშებები, ვინაიდან ის ფინანსურ საკითხს ეხება( ახალი ტარიფის შემოღებას).

”ნაგვისა და დასუფთავების სამსახური მთლიანად ბიუჯეტიდან იყო სუბსიდირებული. გადასახადის სტრუქტურის შეცვლამ ზეგავლენა მოახდინა გადასახადზე, ან მოსამატებელი გახდებოდა, ან დასაკლები, ან იგივე დარჩებოდა. იმის მიუხედავად, ცვლილების შემდეგ გადასახადი გაიზრდება თუ არა, ის უნდა იყოს ფინანსურად დასაბუთებული, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ყოფილა” -ამბობს თინათინ ხიდაშელი.

დეპუტატის თქმით, მოსამართლის შეკითხვაზე, ახლდა თუ არა ფინანსური გაანგარიშება აქტს, საკრებულოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახლდა, ხოლო მერიის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გაანგარიშება აქტს არ ერთვოდა.

თუ რატომ მოხდა საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს შორის საკითხის განსხვავებულად წარმოდგენა, მერიის პრესამსახურისთვის უცნობია. პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას მხოლოდ კითხვების გადაგზავნის შემდეგ მოგვაწოდებენ.

“რესპუბლიკური პარტიის” წევრი თინა ხიდაშელი ამტკიცებს, რომ მტკიცებულების სახით საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებმა სასამართლოზე ვერ წარმოადგინეს საბიუჯეტო პროექტი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ამ საკითხზე საბიუჯეტო გაანგარიშება არ არსებობს.

საბიუჯეტო გაანგარიშების არარსებობას ადასტურებს თბილისის მერიის პრესამსახურის წარმომადგენლიც, თუმცა, მისი განცხადებით, ფინანსური დასაბუთების წარმოდგენა აუცილებელი არ ყოფილა, რადგან ხარჯებზე პასუხისმგებელი ”შპს თბილსერვისია.”

” როდესაც დასუფთავების სამსახური ფინანსდებოდა ქალაქის ბიუჯეტიდან, შესაბამისად, ყველა ხარჯი იყო გაწერილი, ახლა არის შპს ”თბილსერვისი” და ეს შპს თავის ხარჯებს თვითონ განკარგავს, ანუ ხარჯებზე  პასუხისმგებელი არის თვითონ ”თბილსერვის ჯგუფი”, ეს ადრე იყო აუცილებელი, როცა ბიუჯეტუდან ფინანსდებოდა,” – განუმარტეს “ნეტგაზეთს” თბილისის მერიის პრესსამსახურში.

თინა ხიდაშელი სასამართლოში, ასევე, დავობს ნაგვის გადასახადთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებისას საკრებულოს მიერ დარღვეულ პროცედურებზე, რადგან ამით დაირღვა ინფორმაციის თავისუფლება. ” ამ პროცედურების მთელი იდეა სწორედ ის არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს საჯარო განხილვა, საზოგადოების მონაწილეობა და ამ პროცედურების საჯარობა,” – ამბობს ხიდაშელი.

”საჯარო განხილვა რომ შემდგარიყო, ამით რა შეიცვლებოდა?” – თინა ხიდაშელის ინფორმაციით, ეს შეკითხვა დასვა სასამართლო პროცესის დროს  მერიის წარმომადგენელმა.

თორნიკე შიოლაშვილი, შპს ”თბილსერვის” ჯგუფის დირექტორი, საჯარო განხილვის აუცილებლობას ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, კვლევები  ამ საკითხზე დედაქალაქის მასშტაბით ჩატარდა: ”ჩვენ ვიცოდით, ქალაქის მასშტაბით ვინ რამდენ ელექტროენერგიას ხარჯავდა და, შესაბამისად, გვქონდა შეხება მოსახლეობასთან, დადიოდნენ ჩვენი წარმომადგენელები და იკვლევდნენ ამ ყველაფერს, ატარებდნენ აღწერებს,  შედეგად ჩვენ დავინახეთ, რომ ახალი ტარიფი და ინიციატივა ჩვენ მოსახლეობას გადასახადს პირიქით გაუიაფდებოდა და მივიღეთ გადაწყვეტილება”

შიოლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული აღწერები და კვლევები მერიის შესაბამის სამსახურებში ინახება და ყველა დაინტერესებულ პირს მისი გამოთხოვა შეუძლია.

თინა ხიდაშელი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს საჯარო განხილვის აუცილებლობა,  მისთვის გაუგებარია საკრებულოს ფუნქცია: ”საკრებულო არის არჩევითი ორგანო და, შესაბამისად, როდესაც ამბობს ქალაქის მერიის წარმომადგენელი, რომ არავითარი აზრი არ აქვს საზოგადოებრივ განხილვას, ამით ამბობს, რომ საკრებულო ყველაფერზე თანახმაა, რასაც თბილისის მერია შემოიტანს. მაშინ მერიამ მიიღოს ეს გადაწყვეტილებები და რა საჭიროა საკრებულოს არსებობა, დაჯდეს ერთი კაცი და მიიღოს ეს გადაწყვეტილებები. რაში გვჭირდება ეს დემოკრატიის თამაში და ბიუჯეტიდან ტყუილად ფულის ხარჯვა?”

სარჩელი ასევე ეხებოდა საჯაროობის პრინციპის დარღვევას. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ სასამართლოზე საკრებულოს წარმომადგენელის განცხადებით, ეს პრინციპი არ დარღვეულა და საკრებულო გადაწყვეტილების მიღებამდე აქტებს აქვეყნებდა:

”ანუ ეს ნიშნავს, რომ ინტერნეტში აქვეყნებს, გაზეთში აქვეყნებს,  მათ თქვეს, რომ საკრებულოში ეს აქტები იკვრებოდა კედელზე, როცა ვუთხარი, მიმითითეთ ადგილი სართული სად იყო ეს გამოკრული, არანაირი არგუმენტაცია დოკუმენტური მათ არ წარმოუდგენიათ”

როგორც ხიდაშელი ამბობს დარღვეულია ვადები, რომელიც საკრებულოს წევრებთან მიმართებაში არსებობს, თუ განხილვამდე რა ვადებში უნდა მიეწოდოთ მათ აქტი განხილვამდე. თინა ხიდაშელმა აქტი 20 ივნისს მიიღო, ოთხი დღით ადრე განხილვამდე, როცა კანონის მიხედვით 10 დღით ადრე უნდა ჩაბარებოდა.

ხიდაშელი ამბობს, რომ სასამართლოში საკრებულოს წარმომადგენლის განცხადებით, მხოლოდ ხიდაშელმა მიიღო აქტი გვიან, დანარჩენმა წევრებმა კი 14-ში ჩაიბარეს.:

” საკრებულოს ჟურნალი ცალკე პარადოქსია,იმიტომ რომ ჟურნალში თარიღები საერთოდ არ წერია, დეპუტატები ხელს აწერენ  შემდეგი სახის ჩანაწერს ”წარმოდგენილი იქნა მერიის მიერ 14 ივნისს” დეპუტატები ხელს აწერენ, რომ ჩაიბარეს, თუმცა როდის არ ათითებენ, სწორედ ამიტომ ვაკეთებ მინაწერებს ხელით”

”საკრებულოს ჟურნალში ერთადერთი ჩანაწერია აქტის მიღებასთან დაკავშირებით და ისიც ჩემი, რითაც ვადასტურებ, რომ დოკუმენტი 20 რიცხვში მივიღე, როგორ უნდა დამიმტკიცონ, რომ აქტი 14 რიცხვში ჩაბარდა დანარჩენ დეპუტატებს”

დეპუტატი ასევე ამბობს, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს,  თუმცა მანამდე მოსამართლის დასაბუთებას ელოდება, რომელიც 14 დღის ვადაში მომზადდება. ხიდაშელი დარწმუნებულია, რომ მოსამართლეს არგუმენტების წარმოდგენა გაუჭირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი