სამართალი

სასჯელაღსრულების სამინისტრო ნაცემ პატიმარზე პირველ განცხადებას ავრცელებს

7 დეკემბერი, 2011 • • 1011
სასჯელაღსრულების სამინისტრო  ნაცემ პატიმარზე პირველ განცხადებას ავრცელებს

 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო დღეს, 7 დეკემბერს, ოფიციალური განცხადებებით გამოეხმაურა მსჯავრდებულ მურმან კალანდიას გარდაცვალებისა და  მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილის ცემის ფაქტს.

 

სამინისტროს განცხადების მიხედვით,  მსჯავრდებული კახაბერ ბარათაშვილი გაასამართლეს 2006 წლის 24 მარტს და სასჯელად დააკისრეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. ის სასჯელს 2006 წლის 24 დეკემბრიდან რუსთავის #17 ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდიდა.

კალმახელიძის უწყების ცნობით, 2011 წლის 26 ნოემბერს, სამედიცინო საჭიროებებიდან გამომდინარე,  ინტენსიური მკურნალობის მიზნით, მსჯავრდებული გადაიყვანეს #18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც 30 ნოემბერს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. როგორც ოფიცალურ განცხადებაში წერია, ამჟამად პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება მედპერსონალის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ.

“უნდა აღინიშნოს, რომ ამავდროულად, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციის შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს სსკ 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2011 წლის 2 დეკემბერს საქართველოს საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თითეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების განუხრელი დაცვა და ისევე, როგორც ყველა სხვა შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო პოზიციას სამინისტრო დააფიქსირებს გამოძიების დასრულებისთანავე,” – წერია ხათუნა კალმახელიძის უწყების განცხადებაში.

კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა. როგორც ადვოკატი ამტკიცებდა, კახაბერ ბარათაშვილი სასტიკად ცემეს სამკურანლო დაწესებულების თანამშრომლებმა. 7 დეკემბერს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მსჯავრდებულზე ზეწოლის ფაქტი კვლავ განმეორდა. ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში.

უფლებადამცველებმა პროკურატურას გამოძიების დაწყება, ციხის სამკურნალო დაწესებულებას მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, სასჯეალღსრულების დეპარტამენტს კი შესაბამისი რეაგირება მოსთხოვეს.

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ დღესვე მეორე განცხადება გაავრცელა მსჯავრდებულ მურმან კალანდიათან დაკავშირებითაც. ის ქუთაისის მეორე სამკურნალო დაწესებულებაში  2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით,  „ადგილი ჰქონდა ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან.” ამის გამო გიორგი ტუღუშმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყებისა და დამნაშავე პირების გამოვლენის მოთხოვნით.

“საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ მ. კალანდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ განმარტავს: “მსჯავრდებული ნ.კალანდია 2009 წლის 17 აგვისტოს  გასამართლებული იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2   ნაწილით, რისთვისაც მიესაჯა 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის განაჩენით სასჯელის ვადა განესაზღვრა 3 წლით.
2009 წლის 27 აპრილს მურმან კალანდია შესახლებული იქნა ზუგდიდის N4 საპატიმრო და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ხოლო 2011 წლის 31 ოქტომბერს ზუგდიდის N4  დაწესებულებიდან  გადაყვანილი იქნა  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N2 პატიმრობისა და დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, რათა შემდგომში მომხდარიყო მისი ეტაპირება ქსნის  ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში მკურნალობის ინტენსიური კურსის გაგრძელების მიზნით.
ქუთაისის N2  პატიმრობისა და დახურული ტიპის დაწესებულების სამორიგეო ნაწილში შეყვანიდან ათ წუთში მსჯავრდებული გახდა შეუძლოდ, სადაც ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, მაგრამ მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, სამწუხაროდ, დაფიქსირდა ლეტალური შედეგი.
მსჯავრდებულის გარდაცვალებასთან დაკავშირებით  2011 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს საჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში, ისევე, როგორც ყველა გარდაცვალების  შემთხვევაში, მყისიერად დაიწყო გამოძიება და დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზები.
ამჟამად საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება,” – ვკითხულობთ სასჯელაღსრულების სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
გარდაცვლილ და ნაცემ პატიმრებზე კალმახელიძე დუმილს ამჯობინებს

 

საია პატიმარზე განმეორებით განხორციელებული ზეწოლის შესახებ

პატიმარი აცხადებს, რომ ცემეს

ომბუდსმენი ზუგდიდისა და ქუთაისის ციხეების თანამშრომლების დასჯას მოითხოვს



 


მასალების გადაბეჭდვის წესი