სამართალი

გარდაცვლილ და ნაცემ პატიმრებზე კალმახელიძე დუმილს ამჯობინებს

7 დეკემბერი, 2011 • • 1506
გარდაცვლილ და ნაცემ პატიმრებზე კალმახელიძე დუმილს ამჯობინებს

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტში სტუმრობისას არ უპასუხა „ნეტგაზეთის“ კითხვას 2011 წლის შემოდგომაზე ნაცემ და გარდაცვლილ პატიმრებთან დაკავშირებით.

ხათუნა კალმახელიძე დღეს საქართველოს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე იმყოფებოდა, სადაც ახალი ტიპის – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების შექმნის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა.

“ნეტგაზეთმა” მინისტრს ჰკითხა, მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის ზეწოლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს თუ მოჰყვა მისი უწყების მხრიდან რეაგირება?  ხათუნა კალმახელიძემ კითხვა უპასუხოდ დატოვა.

მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის ადვოკატმა კახა მუმლაძემ 2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას. ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდებოდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით 5 დეკემბერს განცხადება გაავრცელა საქართველოს სახალხო დამცველმა. განცხადების მიხედვით, 2011 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა, მან კვლავ მიმართა კონტროლიორს იმავე თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. კ.ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილისა გამო იძულებული გახდა, დაებრახუნებინა საკნის კარზე, რა დროსაც მასთან საკანში შევიდა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც იგი დააგდეს ძირს და სცემეს. მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად. იგი მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა, მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაადეს ხელბორკილები და ცემით ჩაიყვანეს მორგში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი დააგდეს ბეტონის იატაკზე და სცემეს.

ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული, მუცლით იწვა მორგის იატაკზე. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში, სადაც თანასაკნელებმა მისცეს ტანსაცმელი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.

აღნიშნული განცხადებების გავრცელების შემდეგ, გუშინ, 6 დეკემბერს, საია-მ მსჯავრდებულზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით მორიგი განცხადება გაავრცელა და მოუწოდა:

-მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულების ადმინისტრაციას და მის მთავარ ექიმს, დაიცვან და უზრუნველყონ პატიმარ კ. ბარათაშვილის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება
– სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება მის დაქვემდებარებაში არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარ ფაქტზე.
– საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება კ. ბარათაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, რომელიც აშკარად შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრს ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში გამართულ საკომიტეტო მოსმენაზე კითხვა დაუსვა საია-ს წარმომადგენელმა, თუმცა მას მიკროფონი გაუთიშეს და უთხრეს, რომ მხოლოდ წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით დაესვა შეკითხვები.


GYLA vs Kalmakhelidze by tazo-kupreishvili

მინისტრმა კალმახელიძემ „ნეტგაზეთის“ შეკითხვას არც საკომიტეტო მოსმენის შემდეგ უპასუხა და პარლამენტი უკომენტაროდ დატოვა. სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი დაგვპირდა, რომ ჩვენთვის საინტერესო კითხვებზე ელ. ფოსტით გვიპასუხებს.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსგან კითხვებზე პასუხის მიღებისთანავე, „ნეტგაზეთი“ დაუყონებლივ მოგაწვდით ინფორმაციას. მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილთან დაკავშირებული ამბის გარდა, „ნეტგაზეთს“ ასევე აინტერესებდა ამჟამად გარდაცვლილი მსჯავრდებულის – მურმან კალანდიას გარდაცვალების ფაქტის გამოსაკვლევად რა ღონისძიებები გაატარა კალმახელიძის უწყებამ და დაისაჯა თუ არა დამნაშავე.

მურმან კალანდია ქუთაისის მეორე სამკურნალო საწესებულებაში  2011 წლის 31 ოქტომბერს გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ  „ადგილი ჰქონდა ავადმყოფი პატიმრისადმი დანაშაულებრივ გულგრილობას ზუგდიდის N4 და ქუთაისის N2 დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის და, ზოგადად, ადმინისტრაციის მხრიდან.” ამის გამო, გიორგი ტუღიუშმა საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა გამოძიების დაწყებისა და დამნაშავე პირების გამოვლენის მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი