სამართალი

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო დაპირისპირების პირველი რაუნდი

5 დეკემბერი, 2011 • • 2178
ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო დაპირისპირების პირველი რაუნდი

დღეს, 5 დეკემბერს, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართულმა მოსამზადებელმა სასამართლო სხდომამ აქტიური კამათის ფონზე ჩაიარა. მილიარდერი პოლიტიკოსის ოთხი ადვოკატი მოსამართლეს შუამდგომლობების დაკმაყოფილებას რამდენიმე საათის მანძილზე სთხოვდა.

ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმების კანონიერებასთან დაკავშირებით გამართულ პროცესს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს. ბიძინა ივანიშვილს პროცესზე ხუთი ადვოკატი წარმოადგენს – ალექსანდრე ბარამიძე, ეკა ბესელია, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა თადუმაძე და არჩილ კბილაშვილი. დღევანდელ პროცესს კბილაშვილის გარდა ყველა ადვოკატი ესწრებოდა.

ივანიშვილის საქმეზე მოპასუხე მხარეები დღემდე  საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტო იყვნენ.  დღევანდელ პროცესზე მოსარჩელეებმა დაზუსტებული სარჩელი წარმოადგინეს, რომლის მიხედვითაც, ივანშვილისა და ხვედელიძის წყვილს ერთი მოპასუხე – მიხეილ სააკაშვილი ჰყავს. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამოქლაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო სასამართლო პროცესში მესამე პირის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.  დაზუსტებული სარჩელის წარდგენის შემდეგ სასამართლოზე ორსაათიანი შესვენება გამოცხდადდა, რათა მოპასუხე მხარეს პოზიციის მომზადება მოესწრო.

ივანიშვილის ადვოკატების თქმით, მოპასუხედ მხოლოდ პრეზიდენტი იმიტომ დატოვეს, რომ სადავო სამართლებრივი აქტი სწორედ პრეზიდენტის მიერ არის გამოცემული.

პრეზიდენტის ინტერესებს სასამართლში ერთი ადვოკატი იცავს, სამოქალაქო რეესტრს კი– ამავე სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე  გიორგი გაბრიელაშვილი და იურისტი პაატა კიკვიძე.

სასამართლო დარბაზი, სადაც ივანიშვილის მოქალაქეობის შეწყვეტის კანონიერებაზე მსჯელობენ, სულ 18 ადამიანს იტევს. ამის გამო ბიზნესმენის ერთ-ერთი ადვოკატის – ზაქარია ქუცნაშვილის პირველი თხოვნა მთავარი სხდომის უფრო დიდ დარბაზში ჩატარებას ეხებოდა. მოსამართლეს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. ქუცნაშვილმა მოსამართლეს ასევე სთხოვა პროცესის გონივრულ ვადებში გამართვა და დროში არგაწელვა.

სასამართლოს უარი სამართლის ექსპერტებს

ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა სასამართლოზე ექსპერტის სტატუსით მოითხოვეს საერთაშორისო სამართლისა და საქართველოს კონსტიტუციის სპეციალისტების – ევა გოცირიძისა და ვახტანგ ხმალაძის დაკითხვა. შუამდგლომლობას არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე. ის არც მოსამართლე შოთა გეწაძემ დააკმაყოფილა.

მოსამართლის თქმით, ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით ორივე ექსპერტის დასკვნა ისედაც დევს. გარდა ამისა, ექსპერტის დაკითხვა იმ დროსაა შესაძლებელი, თუ საქმეში ექსპერტიზის დასკვნა დევს, ექსპერტიზა კი ექსპერტიზის ბიუროშია ჩატარებული. მსგავსი დოკუმენტი კი ივანშვილის საქმეში არ დევს.

მოსამართლე შოთა გეწაძემ ასევე თქვა, რომ ექპერტის მოწვევა იმ დროს ხდება, როცა ისეთი ფატქობრივი გარემოებები უნდა გაირკვეს, რის დასადგენადაც სასამართლოს არ გააჩნია შესაბამისი ცოდნა. ექსპერტებმა – ხმალაძემ და გოცირიძემ კი უნდა გააკეთონ სამართლებრივი ანალიზი, რისი კომპეტენციაც და ცოდნაც სასამართლოს აქვს და, შესაბამისად, სწორედ სასამართლო გადაწყვეტილება წარმოადგნეს საქმის სამართლებრივ ანალიზს და შეფასებას.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ერთ-ერთი ადვოკატის, ზაქარია ქუცნაშვილის მტკიცებით, ეს საქმე არის პრეცენდენტული, რადგან  დამოუკიდებლობის მიღებიდან დღემდე ქართულ სასამართლოში არავის გაუსაჩივრებია პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ნაწილობრივ დაკმაყოფილებული შუამდგომლობები

ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატთაგან ერთ-ერთმა, შალვა თადუმაძემ, სასაართლოზე განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსგან უკვე რამდენიმე კვირაა, ივანიშვილის ადვოკატები მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით  საჯარო ინფორმაციას ითხოვენ, მაგრამ უშედეგოდ. ორივე საჯარო უწყება საჯარო ინფორმაციის გაცემის ვადებს არღვევს, რის გამოც ადვოკატმა სასამართლოსგან მოითხოვა აღნიშნული ინფორმაციის მოძიების უზრუნველყოფა.

კერძოდ, 2004 წელს,  როცა ეკატერინე ხვედლიძეს საქართველოს პრეზიდენტმა მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა, ის უკვე იყო როგორც საფრანგეთის, ისე რუსეთის მოქალაქე, თუმცა მას ხელი არ შეშლია, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქეც გამხდარიყო. მას საქართველოს მოქალაქეობა მხოლოდ 2011 წლის შემოდგომაზე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, შეუწყდა.  მიზეზად კი ხვედელიძის საფრანგეთის მოქალაქეობა დასახელდა.

აქედან გამომდინარე, ივანიშვილ-ხვედელიძის ადვოკატები პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ითხოვენ გაგებას, რის საფუძველზე, რა ღონისძიებების გატარების შემდეგ მიენიჭა ივანშვილის ცოლს საქართველოს მოქალაქეობა 2004 წელს.

2004 წელს მოქმედი კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობის მსურველი პირის შესახებ ინფრომაციის მოძიება ევალებოდა შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და უშიშროების სამინისტროს. შესაბამისად, კანონით, მათ უნდა გაერკვიათ, იყო თუ არა ხვედელიძე რუსეთის გარდა სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამის თქმის ვალდებულება თავად ხვედელიძეს არ ჰქონდა. ადვოკატებს სწორედ ის აინტერესებთ, რა გააკეთეს სახელმწიფო უწყებებმა ეკატერინე ხვედელიძის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის ამბების გასარკვევად.

ამ შუამდგომლობას არც პრეზიდენტის და არც  სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ. მათი თქმით, ეს ინფორმაცია სპეციალურ ბაზებშია შენახული და მისი მოძიება ამ ეტაპზე ვერ მოხერხდება.

შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკამყოფილა მოსამართლემ და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელს დაავალა, 6 დეკემბერს წარმოადგინოს პრეზიდენტის მიერ 2004 გაცემული სამართლებრივი აქტი ხვედელიძისთვის მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით.

ივანიშვილის ადვოკატებმა კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენეს და პრეზიდნეტის წარმომადგენლისა და სამოქალაქო რეესტრისგან მოითხოვეს ინფორმაცია იმის შესახებ, განსაკუთრებული წესით მოქალაქეობამინიჭებულ ადამიანთაგან, ივანშვილის მსგავსად, მოგვიანებით რამდენს შეუწყდა მოქალაქეობა. ასევე– უფრო დეტალური ინფორმაცია რამდენიმე მსგავსი, კონკრეტული ფაქტის შესახებ. როგორც ადვოკატებმა განმარტეს, მათ ეს ინფორმაცია დამოუკიდებლადაც მოითხოვეს, მაგრამ 14 ნოემბრიდან დღემდე საჯარო ინფორმაცია არ მიუღიათ.

სამოქალაქო რეესტრისა და პრეზიდენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მათ ეს ინფორმაცია „ასეთი ფრომით“ დამუშავებული არ აქვთ, რაც არის საჯარო ინფორმაციის გაუცემლობის მიზეზი.

“დღეს 25-ე დღეა, ველოდებით საჯარო ინფორმაციას. თუ „ამ ფორმით“ არ  გაქვთ და დაუყოვნებლივ ვერ გასცემთ, კანონით დადგენილ 10 დღეში დაამუშავეთ.  თუ გინდათ, კიდევ 10 დღე დაიმატეთ და რა ფორმითაც გინდათ, იმ ფორმით მოგვაწოდეთ საჯარო ინფორმაცია,“ – მიმართა პრეზიდენტისა და სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენლებს იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ.

საბოლოოდ მოსამართლემ აღნიშნული შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საჯარო რეესტრს დაავალა, ერთ დღეში წარმოადგინოს ზოგადი სტატისტიკა, „საგამონაკლისო წესით“ მოქალაქეობამინიჭებულ ადამიანთაგან სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო რამდენს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

ივანიშვილის ადვოკატების თქმით, მათ ეს ინფორმაცია იმისთვის სჭირდებათ, რომ დაამტკიცონ, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა არის პრეცენდენტული შემთხვევა და მსგავსი რამ პრაქტიკაში არ ხდება.

დაუკმაყოფილებელი შუამდგომლობა

საქმეში არსებული მოპასუხე მხარის შესაგებლიდან ადვოკატმა შალვა თადუმაძემ წაიკითხა ციტატა, რომლის მიხედვითაც, ეკატერინე ხვედელიძისა და ბიძინა ივანშვილისთვის მოქალაქეობის შეწყევტის პროცედურა 2011 წლის 7 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური განცხადების შემდეგ, დაიწყო. მოსარჩელე მხარის ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ბიძინა ივანშვილს 7 ნოემბრის განცხადებაში არაფერი უთქვამს ცოლის მოქალაქეობაზე.

იგივე შესაგებელში წერია, რომ საოქალაქო რეესტრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა ხელმძღვანელობის დავალებით დარეკა საფრანგეთის საელჩოში. საელჩოში მას ერთ-ერთმა თანამშრომელმა ჟურნალ  „ოფიციალზე“ დაყრდნობით უთხრა, რომ ეკატერინე ხვედელიძე ნამდვილად საფრანგეთის მოქალაქე იყო.  შესაგებელში არ არის დაკონკრეტებული, ვინ იყო საელჩოს თანამშრომელი, რა კვალიფიკაციისა და კომპეტენციის, ასევე, რამდენად სანდო იყო მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

ამის გასაგებად ივანშვილ-ხვედელიძის ადვოკატებმა დააყენეს შუამდგომლობა, სამოქალაქო რეესტრს წარმოედგინა დოკუმენტაცია, თუ როგორ განხორციელდა აღნიშნული საქმის წარმოება და  ვის და როდის ესაუბრა რეესტრის თანამშრომელი საფრანგეთის საელჩოში.

„ეს იმისთვის გვჭირდება, რომ დავადგინოთ, რამდენად კვალიფიციურად ჩატარდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება, პროცედურები რამდენად იყო დაცული,“ – განაცხადა სანდრო ბარამიძემ.

სამოქალაქო რეესტრის წარმომადგენელმა, გიორგი გაბრიელაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ ივანშვილის პირველი ინტევრიუს შემდეგ პირადად დაავალა თავის თანამშრომელს ინფორმაციის მოძიება. შესაბამისად, თანამშრომელმა დარეკა საფრანგეთის საელჩოში და ინფორმაციაც მალევე მოიპოვა. გაბრიელაშვილის განმარტებით, მსგავსი პროცედურები რეესტრში ჩვეულებრივი ამბავია, ამას დროის დაზოგვის მიზნით აკეთებენ და ივანიშვილის საქმე გამონაკლისი არ არის.

„რით ადასტურებთ, რომ თქვენი თანამშრომელი საელჩოს კომპეტენტურ თანამშრონელს ესაუბრა და არა მის შვილს? მითუმეტეს, 7 ოქტომბერი არასამუშაო დღე იყო. გაქვთ თუ არა მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს თქვენ მიერ აღწერილი პროცედურის ჩატარებას?“ – იკითხა სანდრო ბარამიძემ.

საბოლოოდ მოსამართლემ ეს შუამდგომლობაც არ დააკმაყოფილა, მოტივად კი „აღმასრულებელი პრივილეგია“ დაასახელა, რომლის მიხედვითაც, საქმის წარმოებისას მესამე პირი – ამ შემთხვევაში საფრანგეთის საელჩოს თანამშრომელი, კონფიდენციალურობის უფლებით სარგებლობს.

მოსამზადებელი სასამართლო სხდომა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა უკმაყოფილოდ დატოვეს. პროცესის დასრულებამდე ერთ-ერთმა ადვოკატმა, ზაქარია ქუცნაშვილმა მოსამართლეს უთხრა: „თქვენ უარი გვითხარით ექსპერტების მოწვევაზე, რადგან მიგაჩნიათ, რომ ყველაფერი იცით. არც მტკიცებულებების გამოთხოვაზე დაგვთანხმდით. ასე კი, შესაძლოა, თქვენი მიუკერძოებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.“

საქმის არსებითი განხილვა მოსამართლე შოთა გეწაძემ 8 დეკემბერს, 14:00 საათზე, დანიშნა, რასაც ასევე უკმაყოფილება მოჰყვა მოსარჩელეთა წარმომადგენლების მხრიდან. ისინი პროცესისთვის მოსამზადებლად კიდევ რამდენიმე დღეს ითხოვდნენ, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება არ შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ 2011 წლის 11 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა. იმავე დღეს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა № 602 ბრძანებულებას, რომლითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და რომელიც ივანიშვილის მხარეს, მისი ადვოკატის თქმით, 14 ოქტომბერს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი