სამართალი

პატიმარი აცხადებს, რომ ცემეს

5 დეკემბერი, 2011 • 1374
პატიმარი აცხადებს, რომ ცემეს

ცნობილი ხდება მსჯავრდებულ კახა ბარათაშვილის განცხადება  მასზე ფიზიკური ძალადობის შესახებ.  ამ თემაზე  რეაგირებისთვის ომბუდსმენი მთავარ პროკურორს მიმართავს.

სახალხო დამცველმა მთავარ პროკურორს გაუგზავნა პატიმრის ახსნა–განმარტება და მოითხოვა, უზრუნველყონ მსჯავრდებულისთვის სასამართლო –სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარება.

ამჟამად N18 სამკურნალო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის კახაბერ ბარათაშვილის ადვოკატმა ომბუდსმენს  2011 წლის 29 ნოემბერს მიმართა. განმცხადებელი აღნიშნავდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შეხვედრისას მოუყვა მის მიმართ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტის შესახებ.

2011 წლის 1 დეკემბერს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ მსჯავრდებულ კახაბერ ბარათაშვილს, რომელმაც განმარტა, რომ 2011 წლის 27 ნოემბერს, ღამის საათებში, N17 დაწესებულებიდან თირკმლის შეტევით გადაიყვანეს N18 სამკურნალო დაწესებულებაში. მისი თქმით, 2011 წლის 28 ნოემბერს, საღამოს, ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილები, რის გამოც მან კონტროლიორს ექიმის მოყვანა სთხოვა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ ნახევარი საათის განმავლობაში მასთან არავინ მისულა, მან კვლავ მიმართა კონტროლიორს იმავე თხოვნით, თუმცა, უშედეგოდ. კ.ბარათაშვილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილისა გამო იძულებული გახდა, დაებრახუნებინა საკნის კარზე, რა დროსაც მასთან საკანში შევიდა დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი, რომლებმაც იგი დააგდეს ძირს და სცემეს. მსჯავრდებულის თქმით, მოგვიანებით კვლავ ჰქონდა აუტანელი ტკივილები, ასევე თავს გრძნობდა შეურაცხყოფილად. იგი მიხოხდა კარებთან და დაიწყო თავის მირტყმა, მასთან კვლავ შევიდნენ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლები, დაადეს ხელბორკილები და ცემით ჩაიყვანეს მორგში. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მორგში იგი დააგდეს ბეტონის იატაკზე და სცემეს.

კ.ბარათაშვილი აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტის შემდეგ იგი დაახლოებით 30–40 წუთის მანძილზე ხელებზე ბორკილდადებული, მუცლით იწვა მორგის იატაკზე. შემდეგ იგი გადაიყვანეს ფსიქიატრიული განყოფილების N10 საკანში, სადაც თანასაკნელებმა მისცეს ტანსაცმელი. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას კვლავ გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა. მისი თქმით, შემდეგ იგი ჩაიყვანეს N18 დაწესებულების უსაფრთხოების უფროსის კაბინეტში, სადაც ავსაჯანიშვილმა მუქარითა და გინებით დააწერინა, რომ დაზიანებები, რომლებიც მსჯავრდებულს აღენიშნებოდა, მიეკუთვნებოდა თვითდაზიანებებს და რომ N18 დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა.

ეს ინფორმაცია 5 დეკემბერს ომბუდსმენის ოფისმა გაავრცელა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი