სამართალი

ივანიშვილის მხარემ მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სარჩელი დააზუსტა

5 დეკემბერი, 2011 • 1057
ივანიშვილის მხარემ მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სარჩელი დააზუსტა

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, რომელზეც ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმების კანონიერებაზე მსჯელობენ, ორსაათიანი შესვენება გამოცხადდა.

ივანიშვილისა და ხვედელიძის ინტერესებს სასამართლოში ხუთი ადვოკატი იცავს – ზაქარია ქუცნაშილი, სანდრო ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი, ეკა ბესელია და შალვა თადუმაძე.

მოპასუხე მხარედ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილნი არიან: საქართველოს პრეზიდენტი და იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტო. დავის საგანს პრეზიდენტის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის კანონიერება წარმოადგენს. საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე გამიხილავს.

დღევანდელ, 5 დეკემბრის, მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ სასამართლოს დაზუსტებული სარჩელი წარუდგინა და მოპასუხედ მხოლოდ პრეზიდენტის დატოვება მოითხოვა. შესაბამისად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, სამოქლაქო რეესტრის ეროვნული საგენტო სასამართლო პროცესში მესამე პირის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.

ივანიშვილის ადვოკატების თქმით, მოპასუხედ მხოლოდ პრეზიდენტი იმიტომ დატოვეს, რომ სადავო სამართლებრივი აქტი სწორედ პრეზიდენტის მიერ არის გამოცემული.

დაზუსტებულ სარჩელთან დაკავშირებით შესაგებელის მოსამზადებლად მოპასუხე მხარემ გარკვეული დრო ითხოვა. მოსამართლემ მას ამისთვის ორსაათიანი პერიოდი მისცა და ამის გამო გამოცხადდა შესვენება პროცესზე.

სასამართლო სხდომას დაახლოებით 20–მდე ადამიანი ესწრება.

ჯერჯერობით, ორი შუამდგომლობა დააყენა ზაქარია ქუცნაშვილმა, რომ შემდეგი სასამართლო პროცესი დაინიშნოს გონივრულ ვადაში და დროში არ გაიწელოს.  ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო პროცესი უფრო დიდ დარბაზში ჩატარდეს, რათა მეტმა ადამიანმა შეძლოს სხდომაზე დასწრება.

ამ და სხვა შუამდგომლობებს მოსამართლე პროცესის განახლების შემდეგ, დღესვე განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ 2011 წლის 11 ოქტომბერს გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა საფრანგეთის მოქალაქეობის გამო შეუწყდა. იმავე დღეს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა № 602 ბრძანებულებას, რომლითაც ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა და რომელიც ივანიშვილის მხარეს, მისი ადვოკატის თქმით, 14 ოქტომბერს გადაეცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი