სამართალი

ფილიპ ბუაია: საქართველოში კვლავ პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

24 მაისი, 2016 • 1793
ფილიპ ბუაია: საქართველოში კვლავ პრობლემებია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დირექტორატის გენერალური დირექტორის, ფილიპ ბუაიას განცხადებთ, საქართველოში კვლავ არის პრობლემები ეფექტურ გამოძიებასთან, ციხეებში არასათანადო მოპყრობასთან და სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

ფილიპ ბუაიამ ეს განცხადება თბილისში, კონფერენციაზე “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმპლემენტაცია საქართველოში” გააკეთა. კონფერენცია ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და 24-25 მაისს ფუნიკულიორის საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება.

ფილიპ ბუაიას განცხადებით, კონფერენციის ძირითადი მიზანია იმის გაგება, თუ როგორ ხდება საქართველოში ადამიანის უფლებათა კონვენციის ძირითადი პრინციპების დანერგვა და აღსრულება. მისივე თქმით, ქართველ პარტნიორებთან ერთად კონფერენციაზე განხილული იქნება მიღწეული პროგრესი და გაიმართება მსჯელობა, რა შეიძლება იყოს გაკეთებული სამომავლოდ, რათა საქართველოს კანონმდებლობა და პრაქტიკა შესაბამისობაში მოვიდეს ადამიანის უფლებათა კონვენციასთან.

“საქართველოში კვლავ არსებობს გარკვეული პრობლემები  სასამართლოს დამოუკიდებლობასთან, ციხეების გადატვირთულობასა და ცუდ მოპყრობასთან, ასევე, ეფექტური გამოძიების ხარვეზებსა და დაუსჯელობის სინდრომთან დაკავშირებით. არის გარკვეული პრობლემები კორუფციის შემთხვევებთან დაკავშირებითაც,”- განაცხადა ბუაიამ.

ბუაიას განცხადებით, ამ პრობლემების გადასაჭრელად მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ სტრუქტურებთან ერთად განვახორციელოთ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ საქართველოში არსებული კანონი და პრაქტიკა შესაბამისობაში მოვიდეს კონვენციასთან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი